ფრედრიკ I (შვედ. Fredrik I; დ. 28 აპრილი, 1676, კასელი, გერმანია — გ. 5 აპრილი, 1751, სტოკჰოლმი, შვედეთი) — გერმანელი დიდგვაროვანი. ჰესენ-კასელის ლანდგრაფის ვაჟი. შვედეთის პრინც-კონსორტი 1718-1720 წლებში როგორც დედოფალ ულრიკა ელეონორას მეუღლე, შემდგომში, ცოლის გადადგომის შემდეგ უკვე შვედეთის მეფე 1720-1751 წლებში. ფინეთის დიდი ჰერცოგი, ესტონეთის, ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგი. ჰესენ-კასელის ლანდგრაფი 1730 წლიდან გარდაცვალებამდე. მისი უმემკვიდრობის გამო მისი სამფლობელოები ევროპის სხვადასხვა მონარქებმა გადაინაწილეს.

ფრედრიკ I
შვედეთის მეფე
კორონაცია: 3 მაისი, 1720
მმართ. დასაწყისი: 24 მარტი, 1720
მმართ. დასასრული: 5 აპრილი, 1751
წინამორბედი: ულრიკა ელეონორა
მემკვიდრე: ადოლფ ფრედრიკი
ესტონეთის ჰერცოგი
მმართ. წლები: 1720-1721
წინამორბედი: ულრიკა ელეონორა
მემკვიდრე: პეტრე I
ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
მმართ. წლები: 1730-1751
წინამორბედი: კარლ I
მემკვიდრე: ვილჰელმ VIII
შვედეთის პრინც-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 5 დეკემბერი, 1718
მმართ. დასასრული: 29 თებერვალი, 1720
წინამორბედი: ულრიკა ელეონორა დანიელი (როგორც დედოფალი)
მემკვიდრე: ულრიკა ელეონორა შვედი (როგორც დედოფალი)
სხვა წოდებები: ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგი
ფინეთის დიდი ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აპრილი, 1676
დაბ. ადგილი: კასელი, გერმანია
გარდ. თარიღი: 5 აპრილი, 1751, (74 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: სოფია დოროთეა პრუსიელი
(ქ. 1700 - გარდ. 1705)
ულრიკა ელეონორა შვედი
(ქ. 1715 - გარდ. 1741)
შვილები: ფრედრიკ ვილჰელმი (უკანონო)
დინასტია: ჰესენ-კასელი
მამა: კარლ I, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
დედა: მარია ამალია კურლანდიელი
რელიგია: ჯერ კალვინიზმი
შემდეგ ლუთერანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ფრიდრიხი დაიბადა 1676 წლის 28 აპრილს კასელში. იგი იყო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ კარლ I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ამალია კურლანდიელის უფროსი ვაჟი. 1695 წლიდან იგი იტალიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა მალევე ჟენევაში გადავიდა. სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო მისი სამხედრო კარიერა. სულ მალე მიენიჭა ლეიტენანტ გენერლის წოდება და ნიდერლანდების მხარეს იბრძოდა ესპანური მემკვიდრეობის ომში. 1703 წელს ჰოლანდიელთა არმიას უსარდლა სპეიერბახის ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდა, თუმცა მომავალ წელს სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბლენჰაიმის ბრძოლაში. 1706 წელს იგი ფრანგებმა დაამარცხეს კასტილიონესთან. 1716 და 1718 წლებში იგი შვედების მხარეს გადავიდა და იბრძოდა მეფე კარლ XII-თან ერთად, რის გამოც შვედებმა მას გენერალ-მიუსერის წოდება უბოძეს.

შვედეთის პრინც-კონსორტი

რედაქტირება

1715 წელს ცოლად შეირთო შვედეთის პრინცესა ულრიკა ელეონორა შვედი, მეფე კარლ XII-ის და. ამის გამო მას „მისი სამეფო უმაღლესობა შვედეთის პრინცის“ წოდება მისცეს და ფრედრიკი დაარქვეს. მას შემდეგ, რაც 1718 წელს მისი ცოლის ძმა უშვილოდ აღესრულა, ტახტი მისმა მეუღლემ, დედოფალმა ულრიკა ელეონორამ დაიკავა, რომელმაც თავის ქმარს შვედეთის პრინც-კონსორტის წოდება უბოძა. აღსანიშნავია, რომ თავიდან მუსირებდა აზრი, რომ მეფე კარლის მკვლელობა ფრედრიკმა დაუკვეთა.

დედოფალ ულრიკა ელეონორას სულაც არ სურდა მონარქობა და თავიდანვე აპირებდა ქმრის თანა-მმართველად დანიშვნას. ამის გამო, ფრედრიკის პრინც-კონსორტობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

შვედეთის მეფე

რედაქტირება
 
ფრედრიკ I 1730 წელს.

1720 წლის 29 თებერვალს დედოფალი ულრიკა ელეონორა თავისი ნებით გადადგა ტახტიდან. ვინაიდან დედოფალს შვილი არ ჰყავდა, მან პარლამენტს თავისი ქმრის კანდიდატურა შესთავაზა. ერთთვიანი განხილვის შემდეგ, 1720 წლის 24 მარტს შვედებმა თავიანთ მეფედ ფრედრიკ I აირჩიეს.

მისმა ცოლის ძმამ, კარლ XII-მ შვედეთი ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ამ პერიოდში შვედეთი საკუთრივ შვედური მიწების გარდა, მოიცავდა: მთელ ფინეთს, ესტონეთს, ინგრიას, ლივონიას, ვერდენს, ბრემენს, ნახევარ პომერანიას და პეტერბურგიც მათ ხელში იყო.

ფრედრიკ I აქტიურად შეუდგა ქვეყნის მართვას და აღსანიშნავია, რომ ეს ტემპი მან მთელი თავისი 31-წლიანი მმართველობის პერიოდში შეინარჩუნა. მისი მმართველობის დროს შვედეთს რუსეთთან რამდენიმე ომის გადატანამ მოუწია. 1721 წელს იმპერატორმა პეტრე I-მა ნიშტადტის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე დაიკავა მთელი ესტონეთი, ინგრია და ლივონია, ასევე რუსების ხელში გადავიდა პეტერბურგი. ამით დაიწყო შვედური იმპერიის დაცემა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ დამორჩილებული ხალხები ნელ-ნელა ამხედრდნენ მათ წინააღმდეგ. ტერიტორიებთან ერთად მან დაკარგა მონოპოლია ბალტიის ზღვაზე, რაშიც მის მთავარ მეტოქედ რუსეთის იმპერია იქცა.

ვინაიდან დედოფალი ულრიკა ელეონორა უნაყოფო იყო და მასთან განქორწინებით ფრედრიკი შვედეთის ტახტსაც დაკარგავდა, იგი მალევე შეეგუა, რომ მემკვიდრე არ ეყოლებოდა. მიუხედავად ამისა, მას რომანი ჰქონდა საყვარელ ჰედვიგ ტუბესთან, რომელთანაც სამი უკანონო შვილიც შეეძინა.

ფრედრიკ I-ის მიერ გატარებული მრავალი რეფორმიდან აღსანიშნავია დუელების გაუქმება. ამ მხრივ შვედეთი ერთ-ერთი პირველი იყო მთელ ევროპაში. მისი ბრძანებით, სამეფო პოლიცია პირადად აკონტროლებდა დუელების არ არსებობას.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

რედაქტირება

1730 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ფრიდრიხი ჰესენ-კასელის ლანდგრაფი გახდა. ვინაიდან შვედეთის დატოვება არ შეეძლო, ჰესენის გუბერნატორად ფრედრიკმა თავისი ძმა, პრინცი ვილჰელმი დანიშნა. ასევე ვილჰელმი დანიშნა თავის მემკვიდრედ ჰესენში.

მეფე ფრედრიკი დაინტერესებული იყო მეცნიერებით, განსაკუთრებით კი ფიზიკით, რის გამო შვედეთში აქტიურად უწყობდა ხელს ამ დარგის განვითარებას. ასევე მან შეიფარა საფრანგეთიდან გაქცეული, დევნილი ჰუგენოტები. 1741 წელს ფრედრიკი დაქვრივდა. ამ ამბიდან ათ წელიწადში, 1751 წლის 5 აპრილს, 74 წლის ფრედრიკი გარდაიცვალა, სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება

1700 წლის 31 მაისს ფრედრიკმა ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, პრინცესა სოფია დოროთეა პრუსიელი (1680-1705), პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ელიზაბეთ ჰენრიეტა ფონ ჰესენ-კასელის ასული. 25 წლის ლუიზა ჰენრიეტა 1705 წელს მშობიარობას გადაჰყვა. ამ დროს ბავშვიც დაიღუპა.

1715 წლის 24 მარტს ფრედრიკმა ცოლად შეირთო ულრიკა ელეონორა შვედი (1688-1741), შვედეთის მეფე კარლ XI-ისა და დედოფალ ულრიკა ელეონორა დანიელის ასული, მეფე კარლ XII-ის და და დანია-ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ის შვილიშვილი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია.

ფრედრიკს შვილები მხოლოდ თავის საყვარელთან, ჰედვიგ ტუბესგან ჰყავდა:

  1. ფრედრიკ ვილჰელმი (1735-1808);
  2. კარლ ედუარდი (1737-1769);
  3. ჰედვიგ ამალია (1743-1752);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Wolf von Both: Friedrich I.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 507 f. (Digitalisat).
  • Reimer.: Friedrich I. (Landgraf von Hessen-Kassel). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 7, Duncker & Humblot, Leipzig 1877, S. 522–524.
  • Helmut Burmeister (Hrsg.): Friedrich. König von Schweden, Landgraf von Hessen-Kassel. Studien zu Leben und Wirken eines umstrittenen Fürsten (1676–1751). Hofgeismar 2003. (Publikation des Vereins für Hessische Geschichte und Landeskunde von 1834 e. V., zu beziehen durch das Stadtmuseum Hofgeismar).
  • Christian Röth: Geschichte von Hessen, S. 322 ff.
  • Franz Carl Theodor Piderit: Geschichte der Haupt- und Residenzstadt Kassel, S. 298 ff.