ფრედერიკა ჰანოვერელი

ფრედერიკა ჰანოვერელი (გერმ. Frederike von Hannover; დ. 18 აპრილი, 1917, ბლანკენბურგი, გერმანია — გ. 5 თებერვალი, 1981, მადრიდი, ესპანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის დედოფალი 1947-1964 წლებში როგორც მეფე პავლოსის მეუღლე. მეფე კონსტანტინოს II-ისა და ესპანეთის დედოფალ სოფია ბერძენის დედა, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის ბებია.

ფრედერიკა ჰანოვერელი
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1947
მმართ. დასასრული: 6 მარტი, 1964
წინამორბედი: ელიზაბეტა რუმინელი
მემკვიდრე: ანა მარია დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აპრილი, 1917
დაბ. ადგილი: ბლანკენბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 5 თებერვალი, 1981, (63 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: პავლოსი, საბერძნეთის მეფე
შვილები: სოფია, ესპანეთის დედოფალი
კონსტანტინოს II, საბერძნეთის მეფე
ირინე
სრული სახელი: ფრედერიკა ლუიზა ტირა ვიქტორია მარგარეტა სოფია ოლგა სესილია იზაბელა კრისტა
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ერნესტ ავგუსტი, ბრაუნშვაიგის ჰერცოგი
დედა: ვიქტორია ლუიზა პრუსიელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკა ჰანოვერელი დაიბადა 1917 წლის 18 აპრილს, ქალაქ ბლანკენბურგში. იგი იყო ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ერნესტ ავგუსტ ჰანოვერელისა და მისი მეუღლის, პრინცესა ვიქტორია ლუიზა პრუსიელის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი ვილჰელმ II და დედოფალი ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი. ბავშვობის წლები ავსტრიაში, კერძოდ კი გმუნდენში გაატარა, რის შემდეგაც სასწავლებლად ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი ლონდონში განაგრძო.

 
დედოფალი ფრედერიკა 1954 წელს

1938 წლის იანვარში ფრედერიკა ცოლად გაჰყვა საბერძნეთის დიადოხოს პავლოსს, რომელსაც იგი ჯერ კიდევ ფლორენციაში სწავლისას შეხვდა. პავლოსი იყო საბერძნეთის განსვენებული მეფის, კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის (ფრედერიკას დედის მამიდა) უმცროსი ვაჟი და საბერძნეთის იმჟამინდელი მეფის, გეორგიოს II-ის ძმა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრედერიკას, როგორც გერმანელი ქალის საბერძნეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება საკამათო საკითხად იქცა, რადგან საბერძნეთი ანტიგერმანულ კოალიციაში გაწევრიანდა. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრედერიკამ და მისმა ქმარმა დატოვეს საბერძნეთი და სამხრეთ აფრიკაში წავიდნენ, საიდანაც მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ. მათი მესამე შვილი, პრინცესა ირინე სწორედ აფრიკაში დაიბადა.

1947 წლის 1 აპრილს მეფე გეორგიოს II უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მეფე პავლოსმა დაიკავა, რითაც ფრედერიკა საბერძნეთის ახალი დედოფალი გახდა. მიუხედავად გერმანული ფესვებისა, მან მოახერხა ბერძნების კეთილგანწყობა მოეპოვებინა. მათი ტახტზე ასვლისას საბერძნეთი შუა სამოქალაქო ომში იყო გახვეული, რა დროსაც დედოფალი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და ზრუნავდა დაჭრილ ჯარისკაცებზე. ასევე დედოფალ ფრედერიკას წყალობით 20,000-მა ბავშვმა შეძლო სასკოლო განათლების მიღება, თუმცა სამეფო ხაზინამ მხოლოდ 51 მათგანი დააფინანსა პროფესიული სწავლისავის.

დედოფალ ფრედერიკას გავლენა არ ჰქონია პოლიტიკაზე, თუმცა მაინც ხშირად ხდებოდა მინისტრთა მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტი. ამის მიზეზი ის იყო, რომ მეფე პავლოსი 1.90 მეტრი იყო სიმაღლეში, ხოლო დედოფალი მხოლოდ 1.60 მეტრი, რის გამოც მას მეფისათვის შეუფერებლად თვლიდნენ. მას შემდეგ, რაც 1964 წელს მისი ქმარი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ვაჟმა, კონსტანტინოს II-მ დაიკავა, პრემიერ-მინისტრის რჩევით ფრედერიკამ დატოვა საბერძნეთი და ავსტრიაში გადასახლდა, სანაცვლოდ კი ბერძნული მთავრობისგან პენსიის სახით იღებდა 400,000 მარკს.

დედოფალმა ფრედერიკამ საბერძნეთი მხოლოდ 1967 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა. 1973 წელს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რის მიხედვითაც გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკური წყობა დამყარდა. ამ ამბიდან მალევე, 1975 წელს ესპანეთში დასრულდა ფრანსისკო ფრანკოს მმართველობა და აღსდგა მონარქია, ბურბონთა დინასტიით სათავეში, რა დროსაც მეფე ფრედერიკას სიძე, ხუან კარლოს I გახდა. ამის შემდეგ მან დატოვა ავსტრია და მადრიდში, ესპანეთის სამეფო კარზე დასახლდა, თავის ქალიშვილთან. იგი გარდაიცვალა 1981 წლის 5 თებერვალს მადრიდში, 63 წლის ასაკში. ფრედერიკა მაშინვე გადაასვენეს და დაკრძალეს ათენში, ტატოის სამეფო აკლდამაში, პავლოსის გვედით.

  1. სოფია (დ. 2 ნოემბერი, 1938), სახელი დაარქვეს ბებიის, სოფია პრუსიელის პატივსაცემად. ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის მეფე ფილიპე VI;
  2. კონსტანტინოს II (დ. 2 ივნისი, 1940), სახელი დაარქვეს ბაბუის, მეფე კონსტანტინოს I-ის პატივსაცემად. საბერძნეთის უკანასკნელი მეფე 1964-1973 წლებში. ცოლად შეირთო მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის ასული ანა მარია დანიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  3. ირინე (დ. 11 მაისი, 1942);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Antonius Lux (Hrsg.): Große Frauen der Weltgeschichte. Tausend Biographien in Wort und Bild. Sebastian Lux Verlag, München 1963, S. 174.
  • Theo Sommer: Prinzenhochzeit, Pomp und Politik. In: Die Zeit, Nr. 20/1962
  • Krise in Griechenland. In: Die Zeit. Nr. 25/1963
  • Richard Clogg: Geschichte Griechenlands im 19. und 20. Jahrhundert. Köln 1997, ISBN 3-923889-13-7, S. 193, 268.
  • Leserbrief an Marion Gräfin Dönhoff betreffend Zeit-Artikel 1951 / 1991
  • W. J. P. Curley: Monarchs In Waiting. London 1975, ISBN 0-09-122310-5, S. 42