ფრანცისკა ბრაზილიელი

ფრანცისკა ბრაზილიელი (პორტ. Francisca de Brazil, ფრანგ. Françoise du Brésil; დ. 2 აგვისტო, 1824 — გ. 27 მარტი, 1898) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი ცოლის, მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ქალიშვილი. იონვილის ჰერცოგინია და ორლეანის პრინცესა როგორც საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის ვაჟის, ფრანსუას მეუღლე.

ფრანცისკა ბრაზილიელი
1846 portrait of the Princess of Joinville (Princess Francisca of Brazil) after Winterhalter.png
წოდებები
ბრაზილიის პრინცესა
პორტუგალიის ინფანტა
იონვილის ჰერცოგინია
ორლეანის პრინცესა
დაიბადა 2 აგვისტო, 1824
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაიცვალა 27 მარტი, 1898, (73 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ფრანსუა, იონვილის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფრანსუაზი, შარტრის ჰერცოგინია
პიერი, პენტიევრის ჰერცოგი
მარი ლეოპოლდინა
მამა პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
დედა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
ხელმოწერა Signature of Princess Francisca (Françoise) of Brazil, Princess of Joinville no bg.png
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

ფრანცისკა დაიბადა 1824 წლის 2 აგვისტოს სან-კრისტობალის სასახლეში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის ნაბოლარა ქალიშვილი. დედამისი მისი გაჩენიდან ორ წელიწადში დაიღუპა. როგორც იმპერატორის ასული, იგი დაბადებიდანვე პრინცესისა და „დონა“-ს (პორტ. Dona, ნიშნავს ქალბატონს) წოდებებით სარგებლობდა. დეიდამისი იყო თვით საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლის, იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელის და, რომლის ხაზითაც ფრანსისკა ნაპოლეონ II-ის დეიდაშვილი გამოდიოდა. დედამისის მამა, იმპერატორი ფრანც II იყო ავსტრიის პირველი იმპერატორი, რომლის ხაზითაც ფრანცისკა მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ის ბიძაშვილი იყო.

1843 წლის 1 მაისს, მისმა ძმამ, იმპერატორმა პედრუ II-მ ფრანცისკა დააქორწინა საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I ორლეანელისა და მისი იტალიელი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის უმცროს ვაჟზე, იონვილის ჰერცოგ ფრანსუა ორლეანელზე. მათი გრანდიოზული ქორინება რიო-დე-ჟანეიროში შედგა. ამ დროს პატარძალი 19 წლის იყო, ხოლო სიძე 25-ის. იგი ქმართან ერთად პარიზში მხოლოდ 1844 წელს ჩავიდა, სადაც მალევე გააჩინა თავისი პირველი გოგონა.

ფრანცისკასა და ფრანსუას სულ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ნაბოლარა მკვდარი დაიბადა. მათი ასული ფრანსუაზი ცოლად შარტრის ჰერცოგს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა გიზის ძლევამოსილი ჰერცოგი ჟანი, რომელიც დედის მემკვიდრეობით ორლეანისტთა კანდიდატი იყო ტახტზე. მათი ერთადერთი ვაჟი პიერი კი არასდროს დაქორწინებულა, თუმცა უკანონო შვილები ჰყავდა.

1848 წელს, მას შემდეგ, რაც მისი მამამთილი ლუი-ფილიპი დაამხეს, ორლეანელთა სამეფო ოჯახი და მათ შორის ფრანცისკაც ინგლისში გაიქცა, სადაც ისინი დედოფალმა ვიქტორიამ შეიფარა. ინგლისში იგი თავის ოჯახთან ერთად კლერმონში, წლების მანძილზე ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ნაპოლეონ III და მეორე იმპერია დაამხეს, ორლეანელებს ხელისუფლებამ საფრანგეთში დაბრუნების უფლება დართო. ფრანცისკა და მისი ქმარ-შვილი მალევე დაბრუნდა საფრანგეთში და პარიზის ცენტრში დასახლდა. ფრანცისკა გარდაიცვალა 1898 წლის 27 მარტს პარიზში, 73 წლის ასაკში. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1900 წელს გარდაიცვალა მისი ქმარიც.

შვილებირედაქტირება

  1. ფრანსუაზი (1844-1925), ცოლად გაჰყვა შარტრის ჰერცოგ რობერ ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. პიერი (1845-1919), პენტიევრის ჰერცოგი. იგი არასდროს დაქორწინებულა, მაგრამ ანჟელიკა ლებესჟესგან ჰყავდა ორი უკანონო შვილი;
  3. მარი ლეოპოლდინა (1849), მკვდარშობილი;

ლიტერატურარედაქტირება

  • Barman, Roderick J. (1999). Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-3510-0.
  • Sauer, Arthur (1889). Almanak Administrativo, Mercantil e Industrial (in Portuguese). Rio de Janeiro: Laemmert & C. OCLC 36598004.