ფონის სამების არქიტექტურული კომპლექსი
ფონის სამების არქიტექტურული კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ფონას ჩრდილო-დასავლეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთი განშტოების ძირში. თარიღდება XVI საუკუნის II ნახევრით. ნაგებია აგურით და ნატეხი ქვით დუღაბზე. კუთხეებში, თაღების გადასაყვანად და კარნიზად აგურია გამოყენებული. ეკლესია დარბაზულია.
ფონის სამების არქიტექტურული კომპლექსი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°52′05″ ჩ. გ. 46°06′41″ ა. გ. / 41.86806° ჩ. გ. 46.11139° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნის II ნახევარი |
ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სხვადასხვა სიმაღლეზე ორ-ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, აღმოსავლეთისაში — სამი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. სამხრეთის კარის ღიობი თაღოვანია, დასავლეთისა კი აგურის წყობით გამოყვანილი ორმაგი თაღით სრულდება. ეკლესია აგურის ხერხულა ლავგარდნით არის დასრულებული. გადახურულია კრამიტით. ტაძარს აღმოსავლეთით ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდა აქვს, რომელიც კონქითაა დასრულებული. კონქი აფსიდის მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. აფსიდის წინ ბემაა, რომელიც ასევე შეისრული სატრიუმფო თაღითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშაა გაკეთებული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით დამოუკიდებელი პასტოფორიუმებია, რომლებშიც შესასვლელი დასავლეთიდანაა. ორივე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის შუაშიც თითო სარკმელია გაკეთებული. ორივე პასტოფორიუმში კონქი მხრებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა. ორივეში აღმოსავლეთის კედელზე ქვითა და აგურით ნაგები ტრაპეზია მიდგმული. ჩრდილოეთის პასტოფორიუმის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სამალავია. დარბაზის გრძივი კედლები თითო მასიური, ღრმა და ორსაფეხურიანი აგურის პილასტრით და მათზე გადასული შეისრული თაღედითაა დანაწევრებული. თითოეულ თაღში თითო სარკმელია გაკეთებული. სამხრეთ-აღმოსავლეთ თაღში კი დამატებით კარიცაა გაჭრილი. პილასტრის მეორე საფეხურიდან შეისრული თაღებია გადასული, რომლებსაც კამარა ეყრდნობა. ორივე პილასტრზე თაღებს ზემოთ თითო სწორკუთხა ხვრელია დატანებული. იატაკი აგურფენილია. 1889 წელს გაზეთი ივერიაში დაბეჭდილი ცნობით, მიტოვებულ და საქონლის სადგომად ქცეულ ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა მხატვრობა. დღეს მისი კვალი არსად იკითხება.
ტაძარზე ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზე ეკვდერია მიდგმული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღიანია, რომელიც დადაბლებულ არეშია ჩასმული. ეკვდერი სწორკუთხაა და დასრულებულია კამარით. სახურავი ორფერდაა.
ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული ქვითაა ნაგები, ოთხი მხრივ თაღებით გახსნილია და იმავე დროს კარიბჭის როლს ასრულებს როგორც ტაძრისთვის, ისე ეკვდერისთვის. შეისრული თაღის პირები აგურიათაა გამოყვანილი. ასევე აგურითაა გადაყვანილი ნახევარსფერული კამარა. მეორე სართული მთლიანად აგურისაა და ექვსკუთხა თაღოვანი ფანჩატურია. თაღები ნახევარწრიულია. თაღის თავები აგურის დადაბლებით შექმნილ არეშია ჩასმული. ჩრდილოეთის თაღი მოგვიანებით ამოუშენებიათ. კომპლექსს გარშემო ყორეკედელი შემოსდევდა, ამჟამად მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ტაძარი და ეკვდერი 2010 წელსაა აღდგენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 59-60 ISBN 978-9941-8-3699-2