ფინლანდიზაცია
ფინლანდიზაცია (ფინ. suomettuminen; შვედ. finlandisering; ესტ. soometumine; გერმ. Finnlandisierung; რუს. финляндизация) — პროცესი, როდესაც ძლიერი სახელმწიფო მასზე სუსტ მეზობელ სახელმწიფოს აიძულებს დათანხმდეს მის წესებს საერთაშორისო ურთიერთობებში, სანაცვლოდ კი სთავაზობს ნომინალურად შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და მისი პოლიტიკური სისტემა.[1] ტერმინი სიტყვასიტყვით გულისხმობს „ფინეთად გადაქცევას“ და მიუთითებს საბჭოთა კავშირის გავლენას ფინეთის საგარეო პოლიტიკაზე ცივი ომის პერიოდში.
ტერმინოლოგია
რედაქტირებათავად ტერმინი 1960-იანების დასავლეთ გერმანიაში წარმოიქმნა და სამეცნიერო დებატებში დაიკავა ადგილი. იგი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრებშიც გამოიყენებოდა და აღწერდა მდგომარეობას, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა უარს ამბობდა ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს მიმართ წინააღმდეგობაზე საკუთარი სუვერენულობის შესანარჩუნებლად. ამის გამო ტერმინს ხშირად ნეგატიური კონოტაციით გამოიყენებდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ „ფინლანდიზაცია“ ძირითადად ფინეთის საგარეო პოლიტიკის აღსაწერად გამოიყენებოდა, ხშირად ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ 1871 და 1945 წლებში დანიის დამოკიდებულებას გერმანიის მიმართ და ასევე, შვედეთის მთავრობის პოლიტიკას ნაცისტური გერმანიასთან ურთიერთობისას მეორე მსოფლიო ომის დროს.
ტერმინი დასავლეთ გერმანიაში აშშ-ის პოლიტიკის გატარების მომხრეების მიერ გამოიყენებოდა, უფრო კონკრეტულად კი, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერის, ფრანც იოზეფ შტრაუსის მიერ. თუმცა ტერმინი პოპულარული გახადეს გერმანელმა პოლიტიკის მეცნიერებმა ვალტერ ჰალშტეინმა და რიხარდ ლოვენტალმა, რომლებიც უფრთხოდნენ გერმანიის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ნაწილების გაყვანას. ტერმინის გამოყენება ნატოს ქვეყნებში გერმანიაში ვილი ბრანდტის კანცლერობისას გახშირდა, რომელსაც სურდა აღმოსავლეთ გერმანიასთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაც დასავლეთ გერმანიაში ფართო სკეპტიციზმს იწვევდა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტერმინი თავად ფინეთში პრეზიდენტ ურო კეკონენის მმართველობის ბოლო პერიოდის აღსაწერად გამოიყენებოდა.
ფინური აღქმა
რედაქტირებაისტორიული გამოცდილება
რედაქტირებაისტორიულად ფინეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები ასეთი იყო: 1917 წელს მან დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან გერმანიის იმპერიის დახმარებით მოიპოვა; 1918-1920 წლებში ანტანტის ეგიდით მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის სამოქალაქო ომში, რუსეთისთვის ომის გამოცხადების გარეშე; 1922 წელს მან პოლონეთთან დაამყარა მოკავშირეობა; 1930-იან წლებში იგი იყო ნეიტრალური, რომელიც 1939 წლის ზამთრის ომმა დაასრულა; 1940 წელს კი, მან ნაცისტურ გერმანიასთან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა, რადგან მხოლოდ ბერლინი იყო ფინეთის დამხმარე საბჭოთა ექსპანსიონისტური პოლიტიკების წინააღმდეგ. შედეგად, ფინეთი 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.
სტალინგრადის ბრძოლაში ვერმახტის სამხედრო ძალების დამარცხებამ ფინეთი აიძულა XIX საუკუნის ტრადიციული პოლიტიკა დაებრუნებინა. ფინეთის ლიდერებმა გაიაზრეს, რომ არსებულ მოცემულობაში საბჭოთა კავშირის მიმართ წინააღმდეგობა აზრს კარგავდა, რადგან მისი ერთადერთი საერთაშორისო დამცველი, ნაცისტური გერმანია ომს აგებდა და შესაბამისად, მისი მხარდაჭერაც მალე გაქრებოდა. ამ პერიოდში, შვედეთი არ წარმოადგენდა იმ ძალას, რომელიც მოსკოვს შეეწინაღმდეგებოდა, ხოლო სხვა დასავლური ძალები საბჭოთა კავშირის მოკავშირეები იყვნენ. შედეგად, ფინეთის მისი მძლავრი მეზობლის წინაშე მარტო დარჩა. ამიტომ ფინურმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირი აღარ გამოეწვიათ, რათა საკუთარი დმაოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ.
ფინეთის მმართველ ელიტაში „ფინლანდიზაციის“ მიმართ კრიტიკას მახვილგონივრულად არ აღიქვამდნენ, რადგან ამ კრიტიკის მქონეთ არ ესმოდათ პრაქტიკული მოცემულობები, რომ პატარა სახელმწიფო იძულებლი იყო შეეკავებინა მეზობელი სუპერძალა, ისე რომ არ დაეთმო დამოუკიდებლობა. ეს პრაქტიკული მოცემულობები იყო ის, რომ ფინელებს უკვე გამოცდილი ჰქონდათ რუსეთის იმპერიის აგრესიული რუსიფიკაციული პოლიტიკები. ასევე, რეგიონში აღარ არსებობდა ძალთა ბალანსისთვის ერთი სუპერძალის შემაკავებელი საპირწონე ძალა. ამასთანავე, ფინეთი იყო მეჩხრად დასახლებული ქვეყანა, რომელიც მომავალში მოწყვლადს ხდიდა მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
ფინეთისთვის „ფინლანდიზაციის“ მიზეზი იყო რეალპოლიტიკის ამოსავალი მიზანი: გადარჩენა. საბჭოთა კავშირის შიში გამოიყენეს თავად ფინეთის შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ, რაც „ფინლანდიზაციის“ არგუმენტს კიდევ უფრო აძლიერებდა. 1940-იანი წლების ბოლოს ფინეთმა სტალინის საბჭოთა კავშირთან მიაღწია ისეთ შეთანხმებას, რომელსაც ორივე მხარე საბჭოთა კავშირის დაშლამდე პატივს სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინურ პოლიტიკურ ელიტას ესმოდა „ფინლანდიზაციის“ საჭიროება, ფინური მოსახლეობისთვის მსგავსი ურთიერთობა საბჭოთა კავშირთა შეურაცხმყოფელი იყო. ფინელმა კარიკატურისტმა, კარი სოუმალაინენმა „ფინლანდიზაცია“ აღწერა, როგორც „თავის დახრა აღმოსავლეთისთვის, ისე რომ უკანალი არ ვუჩვენოთ დასავლეთს.“
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში „ფინლანდიზაცია“ ერთგვარი გაფრთხილება იყო საბჭოთა გავლენების მიმართ და თავად ფინეთშიც მას პოზიტიური სახალხო ლეგიტიმაცია არ ჰქონია, 1980-იან წლებში მისდამი აღქმები და დამოკიდებულება შეიცვალა. ფინეთი მიიჩნეოდა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის ერთგვარ მოდელად თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინათ მრავალპარტიული დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და სიტყვის თავისუფლება და მიეღწიათ იმას, რომ მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარები არ ყოფილიყო განთავსებული.
პაასიკივი-კეკონენის დოქტრინა
რედაქტირებაპაასიკივი-კეკონენის დოქტრინა წარმოადგენდა ფინეთის საგარეო პოლიტიკას ფინეთის პრეზიდენტების იუჰო კუსტი პაასივიკისა და მისი მემკვიდირის ურო კეკონენის მმართველობის პერიოდში. დოქტრინა მიზნად ისახავდა ფინეთის გადარჩენას, სუვერენულობის, როგორც დემოკრატიული, კაპიტალისტური სისტემის შენარჩუნებას საბჭოთა კავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით. ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მთავარი არქიტექტორები იყვნენ თავად პრეზიდენტები პაასივიკი 1946-1956 წლებში, ხოლო შემდგომ კეკონენი 1956-1982 წლებში. ამ უკანასკნელმა ნეიტრალიტეტს პასიურის ნაცვლად, აქტიურის ხასიათი შესძინა.
1947 წელს ფინეთმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფდა შემდეგს:
- ფინური სამხედრო ძალების რაოდენობრივ შემცირებას;
- არქტიკულ წყლებში პეჩამოს რეგიონის გადაცემას საბჭოთა კავშირისთვის;
- პორკალას ნახევარკუნძულის 50 წლიანი იჯარით გადაცემას მოსკოვისთვის საზღვაო ბაზის ასაშენელბლად (ტერიტორია ფინეთს 1956 წელს დაუბრუნდა);
- საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთის ტერიტორიის სატრანზიტოდ თავისუფლად გამოყენებას;
- ომის რეპარაციების გადახდას 300 მილიონი დოლარის ოდენობით (1952 წლისთვის, როდესაც მისი გადახდა დასრულდა, რეპარაციები შეადგენდა 570 მილიონ ამერიკულ დოლარს).
1948 წლის აპრილში ფინეთმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას“. შეთანხმების მიხედვით, ფინეთი ვალდებული გახდა, საბჭოთა კავშირთან ერთად, თავი დაეცვა დასავლური თავდასხმისგან, რომელშიც შემდგომში ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნების მოიაზრებოდნენ. ამასთანავე, ფინეთს თავი უნდა შეეკავებიდა დიდი საერთაშორისო ძალების კონფლიქტებში საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისგან. აღნიშნული შეთანხმება შემდგომში სამჯერ განახლდა, 1955, 1970 და 1983 წლებში. ამ შეთანხმებამ ფინეთს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, გაეძლიერებინა მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და ასევე, არ გაერთიანებულიყო აღმოსველთის ბლოკში, ე. წ. ვარშავის პაქტში. თუმცა მისთვის დასავლურ ალიანსებში, მათ შორის ნატოში გაწევრება და სხვა საგარეო პოლიტიკები მკაცრად შეზღუდული იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები მუდმივად შიშობდნენ, რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან „ფინლანდიზაცია“ შეეხებოდა იაპონიასაც და დასავლეთ ევროპასაც, რაც ამერიკის მიმართ მხარდაჭერას მოსკოვის წინააღმდეგ გააქრობდა. შესაბამისად, ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ თუკი აშშ საკუთარ მოკავშირეებს ღია და აშკარა დახმარებას არ გაუწევდა მაშინ, როგორც ნატოს, ასევე აშშ-იაპონიის ალიანსს საფრთხე დაემუქრებოდა.
დოქტრინის კრიტიკა
რედაქტირებაფინელები ხშირად აკრიტიკებდნენ პაასიკივი-კეკონენის დოქტრინას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოცემულობა საკუთარ პერსონასთან გააიგივა პრეზიდენტმა კეკონენმა და ფინეთის მშვიდობის გარანტორად საკუთარი თავი აქცია, რამაც დიდი გავლენა იქონია ფინეთის შიდა პოლიტიკაში მისი ოპონენტების დასუსტებაზე. კრიტიკა შეეხებოდა ფინეთში გაძლიერებულ ცენზურას. 1960-იანი წლების ბოლოდან გაძლიერდა ტენდენცია, რომ მასმედიის დირექტორები თუ გამომცემლობები საბჭოთა ინტერესების შესაბამისად მაუწყებლოდნენ და წერდნენ. ერთგვარი თვითკონტროლითა და თვითცენზურით მათ დაიწყეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკისა და ღირებულებების უპირობოდ პოზიტიურ ჭრილში განხილვა. თვითცენზურა შეეხებოდა ფინურ რადიოსაც, სადაც ანტისაბჭოთა სიმღერების გაშვებას ერიდებოდნენ. მხოლოდ 1985 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გახდა, ფინურმა მედიამ საბჭოთა კავშირის კრიტიკა დაიწყო. გორბაჩოვი საკუთარი „ღიაობის“ პოლიტიკის საჩვენებლად დასავლური ქვეყნების ლიდერებს ხშირად, ფინური მედიის მაგალითისკენ მიუთითებდა.
ცენზურა შეეხო წიგნებსაც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოსკოვმა ფინეთს 1700-ზე მეტი წიგნის ბიბლიოთეკებიდან და გამოცემა-გაყიდვიდან ამოღება მოსთხოვა.
ცენზურა ასევე შეეხო სხვა სახელოვნებო ნამუშევრებსაც, როგორებიც იყო ანტისაბჭოთა განწყობის ფილმები: ჯონ ფრანკენჰაიმერის „მანჯურიელი კანდიდატი“, ბილი ვაილდერის „ერთი, ორი, სამი“, კასპარ ვრედეს „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ და რენი ჰარლინის „დაბადებული ამერიკელად“. ცენზურაში მოჰყვა ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნი „არქიპელაგი გულაგიც“. თუმცა ცენზურას ერთგვარი წმენდის სახე არასდროს მიუღია. ანტისაბჭოთა წიგნების ქონა აკრძალული არ ყოფილა. მხოლოდ მათი ლეგალურად დაბეჭვდა და გაყიდვა იკრძალებოდა.[2]
მოგვიანებით, ფინლანდიზაციის მიმართ კრიტიკა შემდეგ საკითხებს ეფუძნებოდა:
- რომ საბჭოთა კავშირს ფინეთის ნეიტრალურ ქვეყნად არ მიაჩნდა, არამედ ნეიტრალიტეტის მსურველად. მიუხედავად იმისა, რომ კეკონენმა ფინეთის შიდა პოლიტიკაში სუვერნულობა შეინარჩუნა ფინეთის პოზიციები ისეთ საერთაშორისო მოვლენებზე, როგორიც იყო 1968 წელს პრაღაში საბჭოთა ჯარების შესვლა, არაერთგვაროვანი ან/და ხშირად საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი იყო. 1977 წელს, როდესაც ორმა გამტაცებელმა საბჭოთა თვითმფრინავი გაიტაცა და მისი სტოკჰოლმში დასმა უნდოდა, თუმცა საწვავის სიმცირის გამო ჰელსინკიში დაჯდა, საბჭოთა კავშირის ელჩის დაჟინებულ მოთხოვნებს ფინეთის სამთავრობო კაბინეტის შეკრებისას, ფინურმა მთავრობამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამასთანავე, საბჭოთა კავშირს ჰელსინკიში ჩვეულებრივზე ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავდა, ხოლო თავად პრეზიდენტი კეკონენი მოსკოვს არა დიპლომატიური არხებით, არამედ საბჭოთა სადაზვერვო ბიუროს გავლით უკავშირდებოდა. მოსკოვს ფინურ პოლიტიკაში ჩარევის სხვა საშუალებებიც გააჩნდა, მაგალითად ფინეთის კომუნისტური პარტიისა და მოსკოვთან დაახლოებული ელიტის წარმომადგენლების მეშვეობით;[3]
- საბჭოთა კავშირს ტალინში განცალკევებულად ყოველი შემთხვევისთვის ჰყავდა სამხედრო დანაყოფი ჰელსინკიზე იერიშის მისატანად. სამხედრო ნაწილმა ტერიტორია მხოლოდ 1991 წელს დატოვა, როდესაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა;[4]
- ფინლანდიზაციის პოლიტიკას დასავლეთში პატივს არ სცემდნენ. დასავლელი პოლიტიკური აქტორები თუ სამხედრო წარმომადგენლები პოლიტიკას არ იცნობდნენ და მას ერთგვარ მარცხად მოიაზრებდნენ. ამასთანავე, ფინეთის სტარტეგიული მნიშვნელობის ობიექტები საბჭოთა ბირთვული სამიზნის ქვეშ იყო, რათა ყოველგვარი ფინური სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაექროთ;
- ცივი ომის პერიოდში არსებობდა ფინურ მთავრობასა და დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებთან ფარული თანამშრომლობის მაგალითებიც. ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ფარულად აფინანსებდა ანტიკომუნისტურ ფინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ხშირად სამთავრობო კოალიციაში ხვდებოდა. თუმცა პარტიაში ცნობილი ფინელ რადიკალ-მემარცხენეთა დაწინაურებამ, ორგანიზაცია 1960-იან წლებში გამოკვეთილად საბჭოთა კავშირის მხარდამჭერად აქცია. თანამშრომლობის ფაქტები იყო სამხედრო კუთხითაც. დასავლური სააგენტოები ფინეთის გავლით, მონაცემებს აგროვებდნენ საბჭოთა სარადარო სისტემებისა და ასევე, არქტიკაში ბირთვული იარაღის სატესტო ადგილმდებარეობების შესახებ.
ცივი ომის განმავლობაში, ფინელი პოლიტიკოსების საბჭოთა კავშირთან ურთიერთობას „კეთილმეზობლურად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ურთიერთობა გარკვეულწილად გრილი და დისტანციური იყო. ჰელსინკიში და ქვეყნის სხვა ნაწილებშიც საბჭოური ყოფა იმდენად შეუგრძნობადი იყო, რომ ხშირად ფინელებს ავიწყდებოდათ, რომ კომუნისტური სამყაროს უშუალო საზღვარზე იმყოფებოდნენ. მაგალითისთვის, ფინეთში თითქმის ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში ინგლისურს სწავლობდა მაშინ, როცა რუსული ენის სწავლით მხოლოდ მათი ერთი პროცენტი ინტერესდებოდა.
თავად ფინელებში საბჭოთა უნდობლობა მაინც არსებობდა და ფინური მოდელის გამეორებას სხვა ქვეყნებს არ ურჩევდნენ. ფინელების აზრით, ეს იყო მხოლოდ მათი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების და გეოგრაფიული მდებარეობის შედეგი.
ფინლანდიზაციის პოლიტიკის შედეგად, ფინელებმა აუცილებელი საჭიროებისთვის გაღებული მსხვერპლისთვის ღირსება მაინც შეინარჩუნეს. მათ შექმნეს უნიკალური საგარეო პოლიტიკა, რომელმაც მათ საშუალება მისცა დარჩენილიყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებადი ისე, რომ საბჭოთა საფრთხე ეფექტურად გაენეიტრალებინათ. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც საბჭოთა გიგანტის ჩრდილში არსებობდა ამგვარი არსებობა წარუმატებელი სულაც არ ყოფილა.[5]
დოქტრინის დასასრული
რედაქტირება1990-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დასუსტებასა და შემდგომ უკვე მის დაშლას ფინელები სიფრთხილით უყურებდნენ. მათ ცალმხრივად გააუქმეს 1947-1948 წლების შეთანხმების მიერ მათზე დაწესებული შეზღუდვები, ბირთვული იარაღის ქონის შეზღუდვის გარდა; ფინეთი შემდგომ ნორდიკული ქვეყნების განცხადებას შეუერთდა მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის საკითხს, ხოლო ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ბრძოლას არაოფიციალურად უჭერდა მხარს.
ფინურ-საბჭოთა ურთიერთდახმარების პაქტი ჩაანაცვლა ფინურ-რუსული თანამშრომლობისა და ვაჭრობის ზოგადმა შეთანხმებებმა. ჰელსინკიმ მეგობრული ორმხირვი ურთიერთობა შეინარჩუნა მოსკოვთან. იგი ცდილობს გააქტიუროს სასაზღვრო კომერციული საქმიანობა, რათა რუსული ბაზარი ფინური ექსპორტმა აითვისოს. საგარეო პოლიტიკური პოზიციებით, ჰელსინკიმ მოსკოვს აჩვენა, რომ იგი პრეტენზიას აღარ გამოთქვამს მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ფინურ ტერიტორიებზე და ხაზს უსვამს მოსკოვთან კარგი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Finland's Relations with the Soviet Union, 1940–1986" by Peter Botticelli
- "Finlandization" in action: Helsinki's experience with Moscow" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. presented at the Web site of the CIA
- "Three Cheers for Balkanization!" დაარქივებული 2021-02-27 საიტზე Wayback Machine. by Bruce Walker, re-evaluating the Finlandization concept
- The Silenced Media: The Propaganda War Between Russia and the West in Northern Europe—review by Jussi M. Hanhimäki of a book by Esko Salminen
- "The Silent Estate?" დაარქივებული 2019-10-03 საიტზე Wayback Machine. —review by David McDuff of the same book by Esko Salminen
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kaplan, Robert D. (2015). Asia's Cauldron. USA: Random House Trade Paperbacks, გვ. 26. ISBN 978-0-8129-8480-4.
- ↑ Mäkinen, I. The golden age of Finnish public libraries : institutional, structural and ideological background since the 1960s.
- ↑ Botticelli, P. 1986. Finland's Relations with the Soviet Union, 1940-1986[მკვდარი ბმული]
- ↑ Jounala, J. Finland’s Key Targets were the Targets of Nuclear Weapons during the Cold War
- ↑ Bitzinger, R. Finlandization: A Dirty Word? The Christian Science Monitor