ფიერასფერასებრნი (ლათ. Fierasferidae ან Carapidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. აქვთ შიშველი, წაგრძელებული სხეული; ანალური ხვრელი თავთან, ყელზეა მოთავსებული. ოჯახში 4 გვარის 25 სახეობაა. გავრცელებული არიან ტროპიკული და სუბტროპიკული ზღვების სანაპირო წყლებში. ფიერასფერასებრნთა განვითარება მეტამორფოზით ხდება: მატლები თავდაპირველად პლანქტონში ბინადრობენ, შემდეგ ეშვებიან ფსკერზე, იჭრებიან ზღვის ცხოველების სხეულში და პარაზიტულად ცხოვრობენ. ზრდასრული თევზი მასპინძლის სხეულიდან გამოდის.