ფეშანგი ფაშვიბერტაძე

ქართველი პოეტი

ფეშანგი ფაშვიბერტაძე (ნამდვილი გვარი ხითარიშვილი) — XVI საუკუნის პოეტი. გორელ ვაჭართა წრიდან იყო. „ფაშვიბერტყა“ პოეტის მამის შერქმეული სახელია. ფეშანგი ფაშვიბერტაძე იმერეთის სამეფო კარის მდივანმწიგნობარი იყო 1660-იან წლებში, როცა არჩილ II ხანმოკლე მეფობის შემდეგ იმერეთიდან წამოვიდა, მას თან გამოჰყვა ფეშანგი ფაშვიბერტაძე. მდივანმწიგნობრული საქმიანობა მან ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის, 1658—1675) კარზე გააგრძელა. რაღაც დანაშაულის გამო ფეშანგი ფაშვიბერტაძეთვის ცხვირი მოუჭრიათ:„გებრალებოდეს საბრალო, ცხვირ-მოჭრით თვალცრემლიანი“ (არჩილ II). 1664—1965 წლებში დაწერა საისტორიო პოემა „შაჰნავაზიანი“, რომელიც შეიცავს XVII საუკუნის 60-იანი წლების ქართ-კახეთისა და იმერეთის პოლიტიკური ურთიერთობის აღწერას და ვახტანგ V-ის, მარიამ დედოფლისა და უფლისწულთა ხოტბას გვაწვდის საყურადღებო ბიორგაფიულ და ისტორიულ ცნობებს ვახტანგ V-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პოემა დაწერილია თექვსმეტმარცვლიანი შაირით, ავტორი უხვად სარგებლობს რუსთველური პოეტური სახეებით. დაახლოებით 1680 წელს მას გაულექსავს „ფირმალიანი“, რომელსავ ჩვენამდე არ მოუღწევია: „ფეშანგი ფაშვიბერტაძემ ახლა თქვა ფირმალიანი... მე ვათქმევინე, მაგრამ ვერა თქვა მარილიანი“ (არჩილ II).

ფეშანგი ფაშვიბერტაძე
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVI საუკუნე
Magnum opus შაჰნავაზიანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ. 1958;
  • ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959;
  • ლოლაშვილი ი., „შაჰნავაზიანის“ ხელნაწერი და სტროფული წყობა, კრ.: მწიგნობარი 81, თბ., 1982