ფაციესი (ლათ. facies – იერი, სახე) — განსხვავებული მნიშვნელობისაა. გეოლოგიაში ფაციესი ეწოდება დანალექი ქანის (ან თანამედროვე ნალექის) იმ თვისებათა ერთობლიობას, რომელიც გვიჩვენებს მათი წარმოქმნის პირობებს. ეს პირობებია: დალექვის გარემოს ტემპერატურა, ქიმიური თვისებები, ორგანული სამყარო, დალექვის სიღრმე და სხვ. მათვე განეკუთვნება ნივთიერი შედგენილობა, ამგები მასალის სიმსხო და ფორმა, ორგანიზმების განამარხებული ნაშთები და სხვ. არსებობს ფაციესების მრავალგვარი კლასიფიკაცია.

სტრატიგრაფიული მწკრივი ნორვეგიაში. უჩვენებს ქანების ვერტიკალურ თანმიმდევრობას
ჰოლოცენური ასაკის კარბონატული ფაციესი

ასე მაგალითად, წარმოქმნის ადგილის მიხედვით, განარჩევენ ტბიურ, მდინარეულ, ლაგუნურ, ზღვიურ და სხვ. ფაციესებს. ხშირად ამა თუ იმ ფაციესის შესაბამის პირობებში დალექილ ქანსაც ფაციესს უწოდებენ. მაგალითად, ასეთი გაგებით აბისალური ფაციესი ნიშნავს აბისალში არსებულ ნალექთდაგროვების პირობებსაც და იქ წარმოქმნილ ქანსაც. მხოლოდ ლითოლოგიური ნიშნებით გამოყოფილ ფაციესს ლითოფაციესს უწოდებენ (მაგალითად, თიხური ფაციესი), ორგანული ნიშნების მიხედვით გამოყოფილს — ბიოფაციესს (მაგალითად მარჯნული ფაციესი).

სხვა გაგებით ფაციესი სხვადასხვა შედგენილობის მეტამორფულ ქანთა ერთობლიობაა, რომელიც შეესაბამება მეტამორფიზმის გარკვეულ სტადიას (მაგალითად ამფიბოლიტური ფაციესი).

გეოლოგიაში ცნება ფაციესი ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, ქანების ლითოლოგიური შედგენილობის ცვლილებების აღსანიშნავად. ტერმინი შემოგვთავაზა შვეიცარიელმა გეოლოგმა ამანც გრესლიმ (1838–1841). შემდგომში ცნობილმა რუსმა გეოლოგმა ნიკოლოზ გოლოვკინსკიმ განავითარა ფაციესების კვლევა და 1868 წელს რუსეთში პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ფაციესი გრესლის მიხედვით.

1933 წელს ლეონიდ პუსტოვალოვმა შემოიღო ცნება „ნამარხი გეოქიმიური ფაციესების“ შესახებ. ამერიკელმა გეოლოგებმა ფრენსის პეტიჯონმა და უილიამ კრუმბეინმა მეცნიერებაში დაამკვიდრეს ცნება „ლითოლოგიური ფაციესი“ (ან ლითოფაციესი), რომელიც აერთიანებს კონკრეტული სტრატიგრაფიული ჰორიზონტის ქანების ლითოლოგიური შედგენილობის თავისებურებებს.

არსებობს აგრეთვე ვალთერის ფაციესების კანონი (სახელი ეწოდა ცნობილი გერმანელი გეოლოგის იოჰანეს ვალთერის პატივსაცემად), რომელიც ადგენს ფაციესების ვერტიკალურ თანმიმდევრობასა და ზეგავლენას ახდენს გარემო პირობებზე.

ნალექთდაგროვების მნიშვნელოვან კლიმატურ პირობებს წარმოადგენს მარილიანი ფენა. ხსნარებიდან მარილის გამოყოფა ვითარდებოდა და ვითარდება ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებში. წინა ეპოქების ტროპიკული კლიმატი უჩვენებს ნამარხი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას (პოლარული ჰავის პირობებში ეს მაჩვენებელი 30-40-ჯერ ნაკლებია). ნალექებში მარჯნის არსებობა მიუთითებს წინა პერიოდებში თბილი და არაღრმა ზღვების არსებობას.

არსებობს აგრეთვე ფაციესის გაგება როგორც: დანალექი, რომელიც შედგენილობითა და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების წარმოქმნით განსხვავდება მეზობლად მდებარე იმავე სტრატიგრაფიული ინტერვალისაგან, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოცულობა (ნიკოლოზ შატსკი, 1955; გრიგორი კრაშენინიკოვი, 1971; გიორგი ლეონოვი, 1974).

ასეთი თვალსაზრისით, ფაციესი განიხილება როგორც გეოლოგიური სხეული, რომელიც შედგენილობითა და წარმოქმნის პირობებით განსხვავდება ახლოს მდებარე თანაბარასაკოვანი დანალექებისაგან. ფაციესების კვლევაში დიდი წვლილი შეიტანეს ნიკოლოზ სტრახოვმა და დიმიტრი ნალივკინმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Страхов Н. М., Основы исторической геологии, ч. 1, М. – Л., 1948;
  • Наливкин Д. В., Учение о фациях, т. 1–2, М. – Л., 1955–56;
  • Рухин Л. Б., Основы литологии, 3 изд., Л., 1969;
  • Крашенинников Г. Ф., Учение о фациях, М., 1971;
  • Логвиненко Н. В., Петрография осадочных пород, 2 изд., М., 1974;
  • Леонов Г. П., Основы стратиграфии, т. 2, М., 1974.