ფარაონი (წიგნი)
ფარაონი (პოლ. Faraon) 一 პოლონელი მწერლის, ბოლესლავ პრუსის რიგით მეოთხე და ბოლო რომანი. ავტორი ნაწარმოებზე ერთი წლის განმავლობაში, 1894-1895 წლებში მუშაობდა. ნაწარმოები, თავდაპირველად, სერიებად იბეჭდებოდა 1895-1896 წლებში, ხოლო წიგნის სახით 1897 წელს გამოქვეყნდა.[1] ეს იყო ავტორის ერთადერთი ისტორიული რომანი, მის გამოცემამდე კი ავტორი ყველანაირ ისტორიულ მხატვრულ ნაწარმოებს ეწინააღმდეგებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ, მისი აზრით, ისტორიული ნოველები ამახინჯებენ ისტორიას.[2]
„ფარაონი“ | |
---|---|
Faraon | |
1935 წლის გამოცემა | |
ავტორი | ბოლესლავ პრუსი |
ქვეყანა | პოლონეთი |
ენა | პოლონური |
სერია | ოქროს ბიბლიოთეკა |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამოცემის თარიღი | 1895 |
ქართულად გამოიცა | 1958 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 718 |
ISBN | 9789941161513 |
ფარაონი ჩესლავ მილოშმა აღწერა, როგორც „რომანი სახელმწიფო ძალაუფლების შესახებ, რომელიც უნიკალური და გამორჩეულია მე-19 საუკუნის ლიტერატურაში. პრუსმა, რომელმაც ნაწარმოების ცენტრში რამზეს XIII-ის ეპოქა დააყენა, წარმოაჩინა ძალაუფლებისთვის ბრძოლის არქეტიპი, რომელიც, საუკუნისა თუ დროის სხვა მონაკვეთის მიუხედავად, ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს“.[3][4]
მასში დიდი ოსტატობითაა აღწერილი ძველი ეგვიპტის ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ქურუმთა კასტამ ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია, რომ დაჩრდილა ოდითგან ღმერთებთან გათანაბრებული ფარაონების ხელისუფლება. ბოლოს კი უმაღლესმა ქურუმმა ხელთ იგდო სამეფო ტახტიც.
ნაწარმოებზე მუშაობის დაწყებამდე პრუსი კარგად გაეცნო ძველი ეგვიპტის ისტორიას, წეს-ჩვეულებებს, რელიგიას, ხელოვნებასა და ლიტერატურას. მისი ნაწარმოები წარმოადგენს ერთგვარ ალეგორიას ძალაუფლებისა და ერების ბედისწერის შესახებ, რომელიც მან კიდევ უფრო დამაჯერებლად ასახა ძველი ეგვიპტის სიუჟეტში იდეალური გამოხატვით. გარდა ამისა, ის გვთავაზობს კაცობრიობის ისეთივე მდიდარ ხედვას, როგორსაც უილიამ შექსპირი 一 დაწყებული კომიკურიდან ტრაგიკულამდე, ამაღლებულიდან ჩვეულამდე.[5] წიგნი პროზაულ სტილშია დაწერილი და, აგრეთვე, შეიცავს პოეზიითა და იუმორით გაჟღენთილ, ტრანსცენდეტული სილამაზის მქონე ელემენტებს.[6]
ფარაონი ითარგმნა ოცდასამ ენაზე და 1966 წელს ადაპტირდა ფილმადაც.[7] ასევე, არანაკლებ აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი დიქტატორის, იოსებ სტალინის საყვარელი წიგნი იყო.[8]
სიუჟეტი
რედაქტირებაეს არის რომანი სამ წიგნად, რომელშიც უხვადაა წარმოდგენილი ნაწყვეტები ძველეგვიპტური ტექსტებიდან, ამასთანავე 一 შორეული წარსულის სოციალური ყოფის ხაზგასმულად გათანამედროვებული რეალიები.
რომანი იწყება შესავლით, რომელშიც ავტორი გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებას ძველეგვიპტური სახელმწიფოს ისტორიის შესახებ: ეგვიპტე ჰყვაოდა მანამ, სანამ ხალხი, ენერგიული მეფეები და ბრძენი ქურუმები საერთო კეთილდღეობისთვის იღვწოდნენ, ხოლო როცა ქვეყანაში შეჭრილმა აზიურმა ფუფუნებამ შთანთქა ფარაონთა ენერგია და ქურუმთა სიბრძნე და ეს ორი ძალა ერთმანეთს დაუპირისპირია, ათასწლოვანი ცივილიზაციის ბრწყინვალება სამუდამოდ ჩაქრა.
ჩვ.წ. XI საუკუნეში თავისი ოცდაცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ ფარაონმა რამზეს XII-მ ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი 一 რამზესი გამოაცხადა. სასურველი ტიტულის მიღების შემდეგ, ლამაზი უფლისწული მენფის კორპუსის წინამძღოლობას მოითხოვს. მამა თანახმაა, თუკი რამზესი ჯარის ნაწილს ჩაიბარებს და მანევრებზე ღირსეულად წარდგება. მის მოქმედებას სამხედრო მინისტრი, ხერიხორი დააკვირდება 一 უმაღლესი ქურუმი, ორმოც წელს გადაცილებული ათლეტური აღნაგობის მქონე მამაკაცი, სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი. ყველა აღფრთოვანებულია ტახტის მემკვიდრის ენერგიულობით, წინდახედულობითა და გამძლეობით, რომელიც უბრალო ოფიცრის სამოსში გამოწყობილი მიუძღვის ჯარს.
გზაზე, რომლითაც ჯარი მიემართებოდა, ორი ღვთიური ხოჭო შენიშნეს. ხერიხორმა მოითხოვა, შემოვლითი გზით ესარგებლათ, რამაც რამზესი ძალზე გააღიზიანა: ეგვიპტეში ხომ ყველაფერს ქურუმები განაგებენ! მათ გამო ქვეყანა თანდათან ღატაკდება, არმია რღვევის პირასაა, დაპყრობილი ხალხები ხომ სულ გათავხედდნენ. ტახტზე რომ ავა, ყველაფერი შეიცვლება 一 ქურუმებს ერთგულ მსახურებად გაიხდის და მათ ურიცხვ ქონებას დაეუფლება, რომელიც ათგზის აღემატება ფარაონთა სიმდიდრეს. „მხოლო ღმერთთა და ქურუმთა მორჩილი მეუფენი შემორჩნენ ხალხის ხსოვნას, სხვები კი დავიწყებას მიეცნენ“, 一 შენიშნავს ხერიხორის გადამწერი, ქურუმი პენტუერი 一 ხალხის წიაღიდან გამოსული ტანხმელი ასკეტი, რომელსაც დიდი ნიჭის წყალობით მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი ეკავა. პენტუერი ყოველთვის განიცდიდა უბრალო ხალხის გაუსაძლის ყოფას და მათ დახმარებას ცდილობდა.
მანევრების დროს რამზესი ხვდება ნორჩ ებრაელ გოგონას, სარას, და მისი სილამაძით დატყვევებული, ქალიშვილს მამამისისგან 一 გედეონისგან ყიდულობს.
მემფისში დაბრუნების შემდეგ ხერიხორი 60 წლის ფარაონს ურჩევს, არ ჩააბაროს მენფის კორპუსი ახალგაზრდა რამზესს. ის ჯერ კიდევ ძალზე გამოუცდელია, თუმცა თავისი სიმამაცით სახელგანთქმული მხედართმთავარი ნითაგორიც კი გააოცა.
უარით განრისხებული რამზესი ხვდება, რომ ამაში ხერიხორის ხელი ურევია. თავად უფლისწულიც ხომ ერთ დროს ქურუმთა შეგირდი იყო და მისთვის კარგადაა ცნობილი მათი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვის შესახებ.
რამზესის დედა, 40 წლის ულამაზესი დედოფალი ნიკოტრისა, განრისხებულია იმაზე, თუ როგორ გაიხადა მისმა ვაჟმა თანამეცხედრედ ებრაელი ქალი. იგი ეჭვობდა, რომ მისი შვილი ქურუმთა მტერი იყო, მათი, ვისი წყალობუთაც შეძლო ფარაონმა არაერთგზის აეცილებინა ომი. რამზესს კი მიაჩნია, რომ წარმატებული ომი სწორედაც რომ ხაზინის გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა. მანამდე კი, იმისთვის, რომ ჯარისკაცებს დაპირებული გასამრჯელო გადასცეს, ფინიკიელი მევახშისგან 一 დაგონისგან ფული უნდა ისესხოს.
ფიცხი და ჯიუტი, მაგრამ ბრძენი და სამართლიანი რამზესი კარგად ხედავს ხალხის გასაჭირს, ჩინოვნიკთა თავგასულობას, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის შეცვლა შეუძლია. ახლა კი ხვდება, რომ „არსებობს ძალა, რომელიც მის ნება-სურვილს აღემატება 一 სახელმწიფო ინტერესები, რომლებსაც თვით ყოვლისშემძლე ფარაონიც კი ემორჩილება. სახელმწიფო ბევრად მეტია, ვიდრე სფინქსი და ბევრად მტკიცე, ვიდრე გრანიტი“. და მაინც, რამზესი გადაწყვეტს, დაიმორჩილოს ქურუმნი და სახელმწიფოში საკუთარი წესები დაამკვიდროს.
ხალხი ეთაყვანება ახალგაზრდა რამზესს. ფარაონი ვაჟს ქვემო ეგვიპტის მეფისნაცვლად დანიშნავს და სახაზინო შემოსავლების გაკონტროლებას ავალებს. უფლისწული საჩივრებსა და ანგარიშებს ვერ აუდის, ის სასოწარკვეთილია: ხალხი რომ ხვდებოდეს, როგორი უმწეოა ხელისუფლის როლში 一 თავს მოიკლავდა. ძალაუფლების გარეშე კი სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. ქურუმი მენტესუფი ეუბნება რამზესს, რომ მხოლოდ ბრძენი ქურუმებისთვისაა ცნობილი სახელმწიფო მართვის საიდუმლოება. რამზესი განრისხებულია: ამ საიდუმლოს რომ ჩასწვდეს, იძულებულია, ქურუმთა წინაშე ქედი მოიხაროს. მას უფრო და უფრო აღიზიანებს მდაბიო ხალხი და ხვდება, რომ მხოლოდ არისტოკრატიაა ის კლასი, რომელთანაც სულიერი სიახლოვე აკავშირებს.
ეგვიპტის სამ უმაღლეს ქურუმს 一 მეფრესს, ხერიხორსა და პენტუერს ბაბილონის დიდი მისანი 一 ბეროესი ეახლება. ეგვიპტელები მუხლმოყრილნი ეგებებიან უფროს ძმას, ის კი ეგვიპტეს ასირიასთან ომს ათი წლით უკრძალავს. მისი თქმით, ვარსკვლავები ამ ომში ეგვიპტელთა მარცხზე მიანიშნებენ. უმჯობესია ფინიკია, დროებით, ასირიას დაუთმოთ, ბაბილონელ ქურუმთა დახმარებით კი ასირიის მეფე ეგვიპტეში თავის ელჩებს მოავლენს.
გაქნილი ფინიკიელი ვაჭრები 一 დაგონი, რაბსუნი და თავადი ხირამი შეიტყობენ, რომ მათი სამშობლო ასირიელებს უნდა გადასცენ, ეს კი მათთვის გაკოტრების ტოლფასია. თავისი მოვალის, რამზესის საშუალებით დაგონმა ხელი უნდა შეუშალოს ასირიასა და ეგვიპტეს შორის ხელშეკრულების გაფორმებას და ისინი ერთმანეთთან ომში უნდა ჩაითრიოს, რამზესს კი ქალღმერთ აშთორეთის ქურუმი ქალი, ფინიკიელი კამა უნდა მიუჩინოს.
ქვეყნის მართვის საიდუმლოებას რომ ჩასწვდეს, მომლოცველის სამოსში გამოწყობილი, ფეხშიშველი რამზესი ქალღმერთ ხატორის ტაძარში შედის. აქ შეიგრძნობს უფლისწული ღმერთების ძალას და მრავალდღიან ლოცვასა და თვითგვემას მიეცემა.
პენტუერი გატაცებით ესაუბრება ყმაწვილს ეგვიპტის დიდებული წარსულისა და სავალალო დღევანდელობის შესახებ. ქვეყანა სწორედ ომებმა გაანადგურა, უაზრო ლაშქრობებს უამრავი მიწათმოქმედი შეეწირა, ხოლო ვინც გადარჩა, მექრთამე ჩინოვნიკების ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაა, რომ ბეგარას ვეღარავინ იხდის. ამიტომაა, რომ წალკოტი უდაბნოდ იქცა. ქვეყანას მშვიდობა სჭირდება, გლეხებს 一 დაფასებული შრომა 一 სხვანაირად ეგვიპტე დაიღუპება.
ბუბასთში დაბრუნებული რამზესი შეიტყობს, რომ ხაზინა კვლავ ცარიელია. ის ფულს თავად ხირამისგან სესხულობს, რომელიც ეუბნება უფლისწულს, რომ ფინიკია ასირიას მიწასთან გაასწორებს, მის ურიცხვ სიმდიდრეს დაეუფლება და ყოვლისშემძლე მმართველი გახდება. მაშინ კი ქურუმები ვეღარაფერს შეძლებენ. ხირამს რამზესი ქალღმერთ აშთორეთის ტაძარში შეჰყავს, სადაც „სამსხვერპლოზე სისასტიკეს დაუსადგურებია, მის სამსახურში კი გარყვნილება ჩამდგარა“. ტაძარში, სიყვარულის ჰანგებით გაბრუებული რამზესი თავის ორეულს ხედავს, შემდეგ შიშველ კამას. რამზესს ის თავდავიწყებით შეუყვარდება (მით უმეტეს, რომ სარა ძველებურად აღარ უყვარს), მაგრამ შინ დაბრუნებული შეიტყობს, რომ სარამ ვაჟი გააჩინა.
ბუბასთში ასირიის ელჩი სარგონი ჩამოდის, ის კამას მოსვენებას არ აძლევს. გამწარებული რამზესი გადაწყვეტს, ასირიასთან ომი დაიწყოს, მანამდე კი მამობით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავს და საკუთარი პირმშოთი ამაყობს.
ფინიკიელები კვლავ აიძულებენ რამზესს, კამაზე იეჭვიანოს. ქალზე რამზესის ორეული 一 ლიკონიცაა შეყვარებული, რომელიც ცბიერ და ხარბ ქურუმ ქალს საშინლად სძულს.
აღელვებული სარა არწმუნებს რამზესს, რომ გაქნილი ფინიკიელები ომზე ხელს მოითბობენ და სამჯერ ძვირად მიჰყიდიან იარაღს ეგვიპტესა და ასირიას. ფინიკიელები რამზესს კამას მიჰგვრიან. კამა მოითხოვს, რომ რამზესმა სარა და მისი ებრაელი ნაშიერი სასახლიდან გააძევოს. შეძრწუნებული რამზესი სარასთან გარბის და ისიც აღიარებს, რომ ბავშვის ნამდვილი სახელი ისააკია 一 ასეთია ქურუმთა ნება, გადაწყვიტეს, რომ ისააკი ისრაელის მომავალი მეფე უნდა გახდეს. რამზესი განრისხებულია, რადგან მას შვილი წაართვეს. ქურუმთა მიმართ ზიზღი სულ უფრო და უფრო მატულობს. სარას და ბავშვს სასახლის მახლობლად, პატარა სახლში გადაიყვანს.
ასირიელთა გულის მოსაგებად და ქურუმთა თხოვნით რამზესი ლიბიელთა ოთხ დაქირავებულ რაზმს დაითხოვს. ლიბიელები ეგვიპტის ძარცვას იწყებენ. რამზესი ქურუმებს მოღალატეებად აცხადებს და ლიბიელთა ბანდების განადგურების ბრძანებას გასცემს. მეფრესი არასოდეს აპატიებს უფლისწულს შეურაცხყოფას.
ქალღმერთ აშთორეთის მიმდევრებმა კამას, ულამაზესი მოსასხამის საშუალებით, კეთრი შეჰყარეს. ლიკონი კამასთან შეხვედრას ახერხებს. ვერაგი ქალის დაჟინებული მოთხოვნით ლიკონი სარას ვაჟს კლავს და კამასთან ერთად გარბის. ყველა ფიქრობს, რომ ჩვილი რამზესმა მოკლა. გაუბედურებული სარა ყველაფერს თავის თავზეღებს და მას დილეგში ამწყვდევენ. მეფრესს სურს, რომ მკვლელად რამზესი აღიარონ, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ფარაონი ვეღარასდროს გახდება.
პოლიციის უფროსი და ხირამი კამას და ლიკონს შეიპყრობენ. კამა აღიარებს, რომ პატარა ისააკი ლიკონმა მოკლა. მეფრესი ვერაგ ბერძენს თავისთან იტოვებს, კამას კეთროვანებთან უდაბნოში აგზავნის, ხოლო უბედური სარა იღუპება.
ტრიუმფის ჟამს რამზესი მეუღლისა და ვაჟის სიკვდილის შესახებ შეიტყობს. შეძრწუნებული მემფისში ბრუნდება, გზად მამის გარდაცვალების შესახებაც აუწყებენ.
სასახლეში ფარაონ რამზეს XIII-ს ეგებებიან. „მე ჯარისკაცი ვარ და არა ქურუმი“, 一 აცხადებს ის. ხალხი და დიდებულები ზეიმობენ. ქურუმები დარდს შეუპყრია. რამზესს მოახსენებენ, რომ ხაზინა ცარიელია, ხალხი შიმშილობს, ჯარშიც უამრავი პრობლემაა. პენტუერი ურჩევს, ხალხს პატარა მიწის ნაკვეთები დაურიგოს, ეს კი დიდებულებს არ აწყობთ. ხალხი ახალი ფარაონისგან შველას ითხოვს, დარწმუნებულია, რომ რამზესი მათ დაეხმარების ხელს გაუწვდის. ფარაონი ამბობს: „ყველა შველას მთხოვს, მაგრამ საკმარისია რაიმე მოვიმოქმედო, კრიჭაში მიდგანან!“.
რამზესი დღედაღამ მუშაობს. უქნარა დიდებულებს სასახლიდან აძევებს, ხერიხორს კი სამსახურიდან დაითხოვს. არმია ძალებს იკრებს, ეგვიპტე თანდათან ფეხზე დგება, მაგრამ ხაზინა მაინც ცარიელია. ქურუმები არაფერს იძლევიან, არც დაგონი. რამზესი ხვდება, რომ უფულოდ დაიღუპება. მასთან მალულად შეღწეული ხირამი დიდძალ თანხას ჰპირდება, თუკი ფარაონი ფინიკიელებს ნებას დართავს, არხის საშუალებით, წითელი და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს დაუკავშირონ. ქურუმები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი არიან 一 ეშინიათ, რომ ამით ფარაონი გამდიდრდება. მალე ხირამი რამზესს ქურუმ სამონტუს გააცნობს. სამონტუ ძალზე ჭკვიანი და პატივმოყვარეა, მაგრამ ქურუმები წინსვლის საშუალებას არ აძლევენ, ამიტომ მზადაა, ისინი მიწასთან გაასწოროს. ასირიასთან დადებულ ხელშეკრულებას სამონტუ სამარცხვინოდ მიიჩნევს, ამიტომ ქურუმთა მხილებას განიზრახავს 一 შეეცდება, ფარაონს ქურუმთა ღალატის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინოს, რათა რამზესმა მეფრესი და ხერიხორი სასამართლოს გადასცეს. თავად კი ქურუმთა განძს დაეუფლება, რომელიც სახელგანთქმულ ლაბირინთში ინახება. მალე სამონტუ ამ ნაგებობის გეგმასაც მოიპოვებს.
მამის დაკრძალვის შემდეგ რამზესი მთელ ეგვიპტეს შემოივლის. ხალხი აღფრთოვანებით ეგებება, ქურუმები და დიდებულები ფეხქვეშ ეგებებიან. მხოლოდ ხერიხორი და მეფრესი არ ეპუებიან რამზესს. ხერიხორი მას თავგადასულ ბიჭს უწოდებს, რომელიც მხოლოდ ბრძანებებს იძლევა და პასუხს არაფერზე აგებს. ქვეყანას კი კვლავ ხერიხორი განაგებს და მას ბევრად მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ფარაონს. ქურუმთა ხელში ურიცხვი სიმდიდრეა, ამიტომ რამზესი იძულებულია მათ ნებას დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
რამზესის მომხრეები ხალხს აქეზებენ, რომ ტაძრებზე მიიტანონ იერიში. თავად ფარაონს, ვითომდა დაცვის მიზნით, ლაბირინთში თავისი ჯარები შეჰყავს, რათა განძს დაეპატრონოს. თავის მხრივ, არც ხერიხორი ერიდება ხალხის პროვოცირებას და მათ ტაძრების დარბევისკენ მოუწოდებს. მეფრესიც ლაბირინთის სიმდიდრის დაუფლებასა და სამეფო ტახტზე რამზესის ორეულის 一 ლიკონის დასმაზე ოცნებობს. ის ნათელმხილველიც აღმოჩნდება და ლაბირინთში მოხეტიალე სამონტუს დაინახავს. მეფრესი და განძის მცველები სამონტუს თავს დაადგებიან და ის თავს იკლავს. ფანატიკოსი მცველები გადაწყვეტენ მეფრესი და ლიკონიც მოიშორონ 一 იმ იმედით, რომ შეიძლება მათ აქვთ ლაბირინთის გეგმა.
ხერიხორის ბრძანებით, ხალხი ტაძრებისკენ დაიძრება, მაგრამ ამ დროს მზის დაბნელება იწყება, რის შესახებაც ხერიხორმა წინასწარ იცოდა (მას ბრძენი მენესი შეატყობინებს). ხალხი შეძრწუნებულია და ხერიხორი ღმერთწებს დანდობას შესთხოვს. ხალხი ადიდებს თავის მხსნელს და მალე ქურუმები მართვის სადავეებს ეუფლებიან. არმიის მეთაური თუთმოსი, ფარაონის ერთგული მეგობარი, ხერიხორისა და მეფრესის დაპატიმრებას ცდილობს (ხირამმა მოიტანა მათი ღალატის დამადასტურებელი საბუთები), მაგრამ ოფიცერი ენანა, რამზესის ერთგულ თანამებრძოლად რომ მოჰქონდა თავი, თუთმოსს კლავს. მეფრესი ლიკონს დანას აძლევს და რამზესის მოსაკლავად აგზავნის. ლაბირინთის მცველები კლავენ მეფრესს და ლიკონს გამოუდგებიან.
ფარაონი თავისი ახლანდელი საყვარლის 一 თუთმოსის ულამაზესი ცოლის პავილიონიდან გამოდის. მას ლიკონი თავს ესხმის, მაგრამ თავად ხდება რამზესის მსხვერპლი. სიკვდილის წინ მაინც ახერხებს ფარაონის დაჭრას. რამზესი ჯარისკაცებს უბრძანებს, ქურუმებს გაუსწორდნენ, თავად კი ოფიცრებს ჩააკვდება ხელში.
ძალაუფლება მაშინვე ხერიხორის ხელში გადადის. ის ახერხებს წესრიგის დამყარებას და მსაჯულებს სამართლიანობისკენ მოუწოდებს. უცხოელებსაც მფარველობს, განსაკუთრებით ფინიკიელ ვაჭრებს. ასირიასთან ხელშეკრულებას აფორმებს 一 ოღონდ ფინიკიას არ უთმობს. ხაზინა, ნაწილობრივ, ლაბირინთის სიმდიდრით ივსება. ეგვიპტე კვლავ დიდების მწვერვალზეა. ხალხი ადიდებს ხერიხორს და აუგად იხსენიებს რამზესს 一 ავიწყდებათ, რომ სწორედ რამზესი ოცნებობდა ასეთ ეგვიპტეზე.
ხერიხორი დედოფალ ნიკოტრისაზე ქორწინდება და დიდებულები მას ახალი დინასტიის პირველ ფარაონად გამოაცხადებენ. ბრძენ მენესს კი ეღიმება: „მარადიული მხოლოდ ხალხია, ხალხია თავად სახელმწიფოც. და, სწორედ ამიტომაც, მათი მომავლისთვის უნდა გაისარჯონ ბრძენნიც და ხელისუფალნიც“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Pharaoh and the Priest: an Historical Novel of Ancient Egypt, from the Original Polish of Alexander Glovatski, by JEREMIAH CURTIN, Translator of "With Fire and Sword," "The Deluge," "Quo Vadis," etc., with Illustrations from Photographs. (An incomplete and incompetent translation, by Jeremiah Curtin, of Prus' novel Pharaoh, published by Little, Brown in 1902.)
- წიგნის ელექტრონული ვერსია
- მიმოხილვა laterna.ge-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.goodreads.com/book/show/538870.Pharaoh
- ↑ თარგი:Cytuj książkę
- ↑ The last pharaoh of Egypt's Twentieth Dynasty and New Kingdom (and Egypt's last Ramesside pharaoh) was actually Ramses XI. Tyldesley, Joyce (26 April 2001) Ramesses: Egypt's Greatest Pharaoh, გვ. 346. ISBN 9780141949789.
- ↑ Czesław Miłosz, The History of Polish Literature, pp. 299–302
- ↑ Zygmunt Szweykowski, Twórczość Bolesława Prusa, pp. 345–47.
- ↑ Christopher Kasparek, "Prus' Pharaoh: the Creation of a Historical Novel," The Polish Review, 1994, no. 1, p. 49.
- ↑ Christopher Kasparek, "Prus' Pharaoh and Curtin's Translation", The Polish Review, vol. XXXI, nos. 2-3, 1986, p. 129.
- ↑ Christopher Kasparek, "Prus' Pharaoh and Curtin's Translation", p. 128.