ფაეტონი (გვარი)
ფაეტონი[1][2] (ლათ. Phaeton) — ფრინველთა გვარი ფაეტონისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ, მასა 230–500 გრამი, ფრთების შლილი 90–100 სმ. აქვთ მოკლე, სუსტი და აპკიანი ფეხები. თავი დიდია, ნისკარტი კონუსისებრი, ფრთები გრძელი და მახვილი. შეფერილობა თეთრია, დაჰკრავს ვარდისფერი ან ყვითელი ელფერი, მოხატულია ნაწილობრივ შავად. ცნობილია 3 სახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეფერილობის დეტალებით, ნისკარტისა და კუდის ფერით. მშვენივრად ფრენენ, კარგად ცურავენ, დადიან გაუბედავად. ბინადრობენ ტროპიკული განედების სანაპირო აკვატორიაში. იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, დიდი ზომის კიბოსნაირებით. ნადირობის დროს ჯერ ზღვის თავზე დაფრინავს, შემდეგ კი სწრაფად ახდენს პიკირებას და ყვინთავს ერთ მეტრზე და უფრო ღრმად. აღნიშნულია კლეპტოპარაზიტიზმი (საკვებს ართმევენ სხვა თევზიჭამია ფრინველებს). წყვილებად ან 3–6-წყვილიან გუნდებად ბუდობენ კლდეების ნაპრალებსა და ნიშებში. ერთადერთ კვერცხზე ორივე პარტნიორი კრუხობს 40–46 დღის განმავლობაში. ბარტყი ნახევრად წიწილოვანი ტიპისაა, დაფარულია ხშირი რუხი ღინღლით, 80–100 დღის შემდეგ ფრენას იწყებს. ფაეტონების ნათესაური კავშირები დისკუსიის საგანია; ადრე ოჯახი შედიოდა ვარხვისნაირთა რიგში, დღეისათვის გამოყოფილია ცალკე რიგში — Phaethontiformes.[3]
ფაეტონი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრკუდა ფაეტონი (Phaethon lepturus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Phaethon (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 155, 221.
- ↑ Phaeton — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Коблик Е. А. ФАЭТОНЫ // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 217.