სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურბნისი.

ურბნისის სიონი — სამნავიანი ბაზილიკა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში[1]. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.

ურბნისის სიონი

ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1X22,4 მეტრი), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიატებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებში ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII სს. მიჯნა) და შემდგომი (IX ს-ის II ნახევრის და 1668 წლის) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ფენები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. მომდევნო პერიოდში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვებია გამოყენებული, წყობა ირეგულარულია. ტაძარში სამი შესასვლელია:სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ბოძები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული აგურის საბჯენი თაღები შუა ნავის სივრცეს ხუთ, თითქმის ტოლ მონაკვეთად ყოფს. ნავი გადახურულია აგურის ნახევარწრიული კამარით.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე აგურით გამოყვანილია ჯვარი. ასეთივე ჯვარია დასავლეთის ფასადზე. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში, სარკმლის ქვეშ ქვაა ჯვრის გამოსახულებით, კიდევ ქვემოთ კი ცხენის გამოსახულებაა. ეკლესიას აგურის კბილანა ლავგარდანი აქვს. სახურავი კრამიტისაა.

ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება (ანალოგები- კაწარეთის სამება, ხირსა).

ლიტერატურა

რედაქტირება