ტუშურების ღვთისმშობლის ეკლესია

ტუშურების ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში, სასაფლაოზე, განეკუთვნება XVlll საუკუნეს. დარბაზულია (12,3x6,9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: კამარა, კონქი და საბჯენი თაღები ჩამოშლილია. შესასვლელი ორია - სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული სარკმელი, რომლის მარჯვნივ ორი შეისრულთაღოვანი ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილო კედლებში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც შეისრული ფორმის კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. პილასტრები დასრულებულია რთულპროფილიანი კაპიტელებით. შეისრული ფორმისა იყო კონქის თაღიც. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. სამი ასეთივე ჯვარია დასავლეთ ფასადზე: ერთი სარკმლის ზემოთ და თითო-თითო - შესასვლელის ორივე მხარეს. კედლები დასრულებულია ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის ორსაფეხუროვანი ლავგარდნით, რომლის უმეტესი ნაწილი ჩამოცვენილია. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმულია მთლიანად აგურით ნაგები ოთხწახნაგოვანი სამრეკლო. სამრეკლოს დაბალი კვადრატული საფუძვლის ოთხივე კუთხეში კვადრატული ბურჯებია, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის თაღები ეყრდნობა. თაღებს ზემოთ სიბრტყის ოდნავ შეღრმავებულ ნაწილს აგვირგვინებს კუთხით გამოშვერილი აგურებისგან შედგენილი ვიწრო ფრიზი. მსგავსი ფორმისაა ლავგარდანიც. სამრეკლო დასრულებულია თუნუქით შემოსილი პირამიდული ფორმის სახურავით, რომელსაც წვერზე ლითონის ჯვარი ადგას.

ლიტერატურა

რედაქტირება