ტუნისი (ქალაქი)
ტუნისი (არაბ. تونس) — ტუნისის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2008 წლის აღწერის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 1 200 000 ადამიანი, ხოლო ტუნისის ურბანულ არეალში დაახლოებით 3 980 500.
ქალაქი | |
---|---|
ტუნისი تونس | |
ქვეყანა | ტუნისი |
ვილაიეთი | ტუნისი |
კოორდინატები | 36°48′00″ ჩ. გ. 10°11′00″ ა. გ. / 36.80000° ჩ. გ. 10.18333° ა. გ. |
მერი | აბას მოჰსენი |
ფართობი | 212.63 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 4 მ |
მოსახლეობა | 1,200,000 კაცი (2008) |
აგლომერაცია | 3,980,500 |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 71 |
საფოსტო ინდექსი | 1000 |
ოფიციალური საიტი | commune-tunis.gov.tn |
ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, რაც აქ არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს. აქვე არის ტუნისის ყურე. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ტუნისის ტბა. ამ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არის ქალაქი ჰალკ-ელ-უედი. ქალაქ ტუნისის სიახლოვეს მდებარეობს ანტიკური დასახლება კართაგენი, რომელიც 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ქალაქის სიახლოვეს არსებობს მრავალი ძველი, სამარხი, აბანო და ამფითეატრი. ამ ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 8 000 წლის წინ დასახლდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში აქ ბერბერები სახლობდნენ. მოგვიანებით უკვე აქ არსებული ქალაქი შევიდა კართაგენისა და ნუმიდიის სახელმწიფოების შემადგენლობაში. ნუმიდიის სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ეს დასახლება უშუალოდ კართაგენის ნაწილი გახდა. მესამე პუნიკური ომის შემდეგ, კართაგენი დამარცხდა რომთან, რომაელებმა აქ არსებული ქალაქი დაანგრიეს. ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნისთვის ჩრდილოეთი აფრიკა, მათ შორის ტუნისიც მოექცა არაბების გავლენის ქვეშ. აქ დაარსდა პორტი, რამაც ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 973 წლიდან ამ ტერიტორიას ზირედების დინასტია მართავდა. 1121 წლიდან ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე შეიქმნა ალმოჰადების სახალიფო, ქალაქი ტუნისი ამ ახალ სახელმწიფოში გაერთიანდა. 1229-1574 წლებში ტუნისს განაგებდნენ ჰაფსიდები. ამ პერიოდში ქალაქის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ ტუნისს ეკისრებოდა ვაჭრობის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეგიონში. XVI საუკუნესთვის ტუნისი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალთა მმართველობის შემდეგ, ქალაქი 1881 წელს ფრანგების ხელში გადავიდა, ფრანგულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ტუნისის ფართობი.
დემოგრაფია
რედაქტირებადამოუკიდებლობის შემოდგომ წლებში, ქალაქის მოსახლეობის ზრდა გრძელდებოდა: 21,1% -ით, 1956 წლიდან 1966 წლამდე, ხოლო 1966 წლიდან 1975 წლამდე კი 28,5% -ით .[1] ამ სტაბილურ ზრდას თან ახლდა ცვლილებები, რაც ბუნებრივია დიდ გავლენას ახდენდა ქალაქზე. ქალაქ ტუნისის მოსახლეობა დღესდღეობით 2 000 000 ადამიანს აჭარბებს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ტუნისის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა ქალაქისა და ქვეყნის მოსახლეობის ზრდის დაბალ მაჩვენებელთან გასამკლავებლად, კერძოდ, მთავრობა ხელს უწყობდა ოჯახების შექმნას და ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებებს. ამასთან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტუნისის მოსახლეობა წლიურად იზრდებოდა 1,03% -ით. 2004 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქი ტუნისი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 9,9%-ს შეადგენდა. [2] როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, განათლების სისტემა ტუნისშიც სწრაფად განვითარდა XX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში და მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც ოდნავ აღემატება ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.
განათლება
რედაქტირებატუნისსა და მის გარეუბნებში არის ქვეყნის მრავალი უნივერსიტეტი, მათ შორის ტუნისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტუნისის კერძო უნივერსიტეტი, კართაგენის უნივერსიტეტი, მანუბას უნივერსიტეტი და სხვა. შესაბამისად, ქალაქში სტუდენტების დიდი რაოდენობა იყრის თავს, 2006 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა დაახლოებით 75 597-ს შეადგენდა.[3]
ქალაქში ასევე მდებარეობს მრავალი სხვა საშუალო დონის სასწავლო დაწესებულება, მაგალითად: ტუნისის ინჟინრების ეროვნული სკოლა, მეცნიერების ეროვნული სკოლა, ტუნისის კომუნიკაციების სამაგისტრო სკოლა და ტუნისის კომუნიკაციებისა ტექნოლოგიური კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი. გარდა ამისა, კერძო სასწავლო ინსტიტუტებში შედის ტუნისის ღია უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის კერძო სკოლა და ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი. დედაქალაქის საშუალო სკოლებს შორის ყველაზე ცნობილია „Lycée de la Rue du Pacha“, რომელიც დაარსდა 1900 წელს.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ტუნისი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისში, ტუნისის ტბაზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვას უერთდება ტუნისის არხით, რომელიც მთავრდება „La Goulette“-ს პორტში. უძველესი ქალაქი კართაგენი ტუნისის ჩრდილოეთით ნაწილშია, სანაპირო ზოლის გასწვრივ. ქალაქი მდებარეობს ანალოგიურ გრძედზე, ისევე როგორც ევროპის სამხრეთ წერტილები. ქალაქი ტუნისი აგებულია გორაკიან ფერდობზე. ტუნისის ტერიტორიას უჭირავს 300 000 ჰექტარი ფართობი, აქედან 30 000 არის ურბანიზირებული, დანარჩენი ნაწილდება წყლის ობიექტებზე, აქედან 20 000 ჰექტარი უჭირავს ტბებს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს უჭირავს 250 000 ჰექტარი. ამასთან ურბანიზებული ზონა მუდმივად იზრდება, წელიწადში დაახლოებით 500 ჰექტარით.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქს ემსახურება ტუნის-კართაგენის საერთაშორისო აეროპორტი. მზარდ მეტროპოლიტენს ასევე ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართო ქსელი, მათ შორის ავტობუსები, მეტრო, აგრეთვე რეგიონალური მატარებელი, რომელიც ქალაქის ცენტრს აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებთან. ქალაქში გზები დიდ მასშტაბებზეა განლაგებული და უზრუნველყოფს მზარდი ავტომობილების რაოდენობას, რომელთა უმეტესობაც კერძო საკუთრებაში იმყოფება.
21 -ე საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სისტემა, რომელიც განვითარდა კომპანია „Société des transports de Tunis“ ხელმძღვანელობით. დაახლოებით 200 ავტობუსის მარშრუტის გარდა, პირველი მსუბუქი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა 1985 წელს. დედაქალაქი ასევე მის ჩრდილოეთ გარეუბნებს უკავშირდება ამ სარკინიგზო ხაზით, რომელიც კვეთს ტუნისის ტბას, და ტბა ამ ხაზით ორ ნაწილად იყოფა. სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა გაგრძელდა 2008 წლის ნოემბერში და დაგრძელდა 6,8 კილომეტრით. გეგმის თანახმად ქსელის მთლიანი სიგრძე საბოლოოდ დაახლოებით 84 კილომეტრი იქნება.[4]
-
ზაფხულის ღამე ტუნისში
-
მზის ამოსვლა ტუნისში
-
ქალაქის ფოტო სატელიტიდან
-
ტუნისის გარეუბანი
კლიმატი
რედაქტირებატუნისში არის ცხელი ზაფხული. ხმელთაშუა ზღვის რეგიონებისათვის დამახასიათებელი კლიმატი,[5] რომელიც ხასიათდება, როგორც ცხელი და მშრალი, გახანგრძლივებული ზაფხულითა და ზომიერი ნალექით. ადგილობრივი კლიმატი ბუნებრივია მოქმედებს ქალაქის რელიეფზეც.
ქალაქში ზამთარი არის ყველაზე ნალექიანი სეზონი, სწორედ ამ პერიოდში წვიმების წლიური რაოდენობის მესამედზე მეტი მოდის, საშუალოდ ყოველ ორ ან სამ დღეში სისტემატურად წვიმს. საშუალოდ ზამთრის პერიოდში შეიძლება ტემპერატურა 7 ° C- დან (დილას) 16 ° C- მდე (დღის მეორე ნახევარი) გაიზარდოს. ყინვები მეტად იშვიათია. გაზაფხულზე, ნალექი ორჯერ მცირდება. მზის შუქი იმატებს მაისში, როდესაც საშუალოდ დღეში 10 საათს აღწევს. მარტში ტემპერატურა მერყეობს 8 °C-დან 18° C-მდე , ხოლო მაისში 13 °C-დან 24 °C-მდე შორის. ამასთან, ჩვეულებრივია, რომ ტემპერატურა გაიზარდოს აპრილის დასაწყისში, ხოლო რეკორდული ტემპერატურა აღწევს 40 °C- ს. ზაფხულში, წვიმა თითქმის არ მოდის და მზის სხივები მაქსიმალურად ანათებს. ივნისის, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების საშუალო ტემპერატურა ძალიან მაღალია. ტემპერატურა დამოკიდებულია ხმელთაშუა ზღვიდან წამოსულ ქარზე. შემდეგ თვეებში ნალექი იმატებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს წაყალდიდობები და დატბოროს მიმდებარე ტერიტორიები.[6][7] ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა 11 °C -დან 20 ° C -მდეა.
კულტურა
რედაქტირებამუსიკა
რედაქტირებაქალაქ ტუნისის მუსიკალური დასი შეიქმნა 1954 წელს სალაჰ ელ მაჰდის მიერ. 1955 წელს დასი გაერთიანდა რადიო ტუნისის ანსამბლთან.[8] ამ ჯგუფმა ხელი შეუწყო მრავალი ტუნისელი მომღერლის, მათ შორის ოულაიასა და ვარსკვლავების გაჩენასა და აღიარებას.
ქალაქ ტუნისის არაბული ორკესტრის ასოციაციამ თავისი საქმიანობა 1982 წლის აპრილის თვის ბოლოს დაიწყო. ასოციაცია მუშაობდა არაბული მუსიკის პოპულარიზაციაზე, მუსიკის სწავლებასა და ტრენინგებზე, სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც ტუნისის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კულტურის მინისტრის მიერ 1969 წელს შექმნილი ტუნისის სიმფონიური ორკესტრი ყოველთვიურ კონცერტებს ატარებს მუნიციპალურ თეატრსა და ქალაქში არსებულ სხვადასხვა კულტურულ სივრცეში.
საშემსრულებლო ხელოვნება
რედაქტირებაქალაქი ტუნისი ქვეყნის კულტურული ცენტრია. ტუნისის მუნიციპალური თეატრი, რომელიც გაიხსნა 1902 წლის 20 ნოემბერს, აჩვენებს საოპერო, საბალეტო, სიმფონიურ კონცერტებსა და ა.შ. ამ თეატრის სცენაზე მრავალი სპექტაკლი რეგულარულად იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო მსახიობების მიერ.[9] ტუნისის ეროვნული თეატრი მნიშვნელოვანი შენობაა.[10] თეატრი 1988 წლიდან მდებარეობს ხაზნადარის სასახლეში. ყოველი „კულტურული სეზონის“ განმავლობაში (1 ოქტომბრიდან 30 ივნისის ჩათვლით) თეატრში იმართება 80-ზე მეტი ღონისძიება.[10] ალ-ჰამრის თეატრი იყო მეორე თეატრი, რომელიც გაიხსნა ტუნისში, ელ-ჯაზიირას გზაზე. ალ-ჰამრა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრი იყო 1930-იან და 1940-იან წლებში.[11] აქვე უნდა აღინიშნოს „El Teatro“ და „iletoile du Nord“ თეატრალური ჯგუფები.
ხელოვნების ეროვნულმა ცენტრმა ქალაქში თოჯინების თეატრი გახსნა 1976 წელს.[10] ხელოვნების ეროვნული სკოლა დაარსდა 1998 წელს ეროვნული თეატრის დირექტორსა და ხელოვნების ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდგომ.
განათლება
რედაქტირებატუნისსა და მის გარეუბნებში არის უნივერსიტეტი, მათ შორის: „ტუნისის უნივერსიტეტი“, „ტუნისის კერძო უნივერსიტეტი“, „ეზ-ზიტუნას უნივერსიტეტი“, „ტუნისის უნივერსიტეტი - ელ-მანარი“, „კართაგენის უნივერსიტეტი“ და „მანუბას უნივერსიტეტი“. შესაბამისად, ქალაქში სტუდენტთა ყველაზე მაღალი რაოდენობაა, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით. სტუდენტთა რაოდენობა 2006 წლის მონაცემებით 75 597-ს შეადგენდა.[12]
ასევე არსებობს მრავალი სხვა საშუალო დონის სასწავლებელი, მაგალითად: „ტუნისის ინჟინერიის ეროვნული სკოლა“, „მეცნიერების ეროვნული სკოლა“, „ტუნისის კომუნიკაციების სამაგისტრო სკოლა“ და „ტუნისის ტექნოლოგიური კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი“. გარდა ამისა, კერძო სასწავლო დაწესებულებებში შედის „ტუნისის ღია უნივერსიტეტი“ და „ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი“.
დედაქალაქის საშუალო სკოლებს შორის ყველაზე ცნობილია „Lycée de la Rue du Pacha“ (სკოლა დაარსდა 1900 წელს). დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, „ სადიკის კოლეჯი“ (დაარსდა 1875 წელს) და „ხალდუნია“ (დაარსდა 1896 წელს) ასევე იყო აღიარებული. ქვეყანაში საფრანგეთის კვალი დარჩა და ქალაქმა დაიტოვა მრავალი ფრანგული სკოლა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „Lycée Pierre Mendes-France at Mutuelleville“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jellal Abdelkafi, La médina de Tunis, éd. Presses du CNRS, Paris, 1989
- Alia Baccar-Bournaz [sous la dir. de], Tunis, cité de la mer (acte d'un colloque de 1997), éd. L'Or du temps, Tunis, 1999
- Philippe Di Folco, Le goût de Tunis, éd. Mercure de France, Paris, 2007
- Abdelwahab Meddeb, Talismano, éd. Christian Bourgois, Paris, 1979
- The City of Tunis. ISBN 978-0685284551
- Wagner, Horst-Günter, Die Altstadt von Tunis. Funktionswandel von Handwerk und Handel 1968–1995. (The Medina of Tunis. Functional change of handicraft and commerce 1968–1995). Petermanns Geographische Mitteilungen 140, 1996, 5/6, S. 343–365.
- Messikh, Mohamed Sadek (2000). Tunis: la mémoire. Paris: Du Layeur. ISBN 9782911468445.
- Sebag, Paul (1998). Tunis: Histoire d'une ville, Histoire et Perspectives Méditerranéennes. Paris: L'Harmattan. ISBN 9782738466105.
- Turki, Sami Yassine; Zhioua, Imène Zaâfrane (2006) Analyse de la répartition spatiale et de l'aménagement des espaces verts programmés par les documents d'urbanisme dans le Grand Tunis (fr). Versailles: École nationale supérieure du paysage. ციტირების თარიღი: 2020-07-24. დაარქივებული 2006-11-24 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტუნისი (ქალაქი), ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- The Municipality of Tunis official website
- Lexicorient დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine.
- TunisForum:Guide ou sortir en Tunisie
- Video tour of the Bardo Museum
- Video of Tunis Medina
- The Municipality of Tunis official website.
- Video tour დაარქივებული 2006-03-23 საიტზე Wayback Machine.
- Air Freight Tunis დაარქივებული 2011-01-28 საიტზე Wayback Machine. // Forwarding transit Tunis დაარქივებული 2011-01-28 საიტზე Wayback Machine.
- Tunis City Images
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sebag, Paul (1998). Tunis: Histoire d'une ville. Histoire et Perspectives Méditerranéennes. Paris: L'Harmattan. p. 608. ISBN 9782738466105.
- ↑ Population, répartition proportionnelle et taux d'accroissement par gouvernorat (Institut national de la statistique) დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Statistiques officielles (Ministère de l'éducation nationale) დაარქივებული 2014-02-07 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Chokri Gharbi, La métamorphose d'une capitale au cœur de la Méditerranée, La Presse de Tunisie
- ↑ http://koeppen-geiger.vu-wien.ac.at/pics/kottek_et_al_2006.gif
- ↑ http://www.lapresse.tn/index.php?opt=15&categ=1&news=57211 Imen Haouari, « Pluies torrentielles sur la capitale », La Presse de Tunisie, 25 septembre 2007]
- ↑ Mongi Gharbi, « Trombes d'eau sur Tunis et certains gouvernorats du pays », La Presse de Tunisie, 14 octobre 2007
- ↑ Musique et conservatoires (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
- ↑ Théâtres (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-25. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Théâtres (Municipalité de Tunis) დაარქივებული 2009-07-15 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Théâtres (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
- ↑ Statistiques officielles (Ministère de l'éducation nationale) დაარქივებული 2014-02-07 საიტზე Wayback Machine.