ტრაქეა
ტრაქეა (ბერძ. τραχεῖα (ἀρτηρία)) — სასუნთქი ორგანოების ნაწილი. ხმელეთის ფეხსახსრიანთა სუნთქვის ორგანოები ექტოდერმული წარმოშობის მილაკებია, რომელთა კედელი შედგება ეპითელიუმისა და თხელი კუტიკულისგან. ტრაქეები გარემოს უკავშირდებიან სასუნთქი ხვრელებით ანუ სტიგმებით. ტიპური ტრაქეები აქვთ მწერებს, ზოგიერთ ობობასნაირს. ტრაქეები იტოტებიან სხეულის შიგნით უწვრილეს მილაკებად — ტრაქეოლებად, რომლებიც განჭოლავენ ყველა ორგანოს, ქსოვილს და ზოგჯერ უჯრედებშიც შედიან. შედეგად ჟანგბადი მიდის უშუალოდ მოხმარების ადგილას, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს და აიოლებს მის უტილიზაციას.
მცენარეებში ტრაქეები ქსილემის (მერქნის) წყალგამტარის ელემენტებია; იგივეა, რაც ჭურჭლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. მუსხელიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 42.