ტიმოთესუბნის მონასტერი
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი. იგი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ტიმოთესუბანში[1]. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ.
ტიმოთესუბანი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
გეოგრაფიული მდებარეობა
რედაქტირებათორი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხე იყო. გეოგრაფიულად იგი მოიცავდა ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 18 კმ-ის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
ნაგებობა
რედაქტირებანაგებია მოვარდისფრო „ქართული აგურით“. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები.
ტაძარი
რედაქტირებაცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205-1215 წწ-ით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისოცენტრის მიერ (ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი), მათ ჩაუტარდათ გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრერობის პრიზზე / ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარადგინა, რის შედეგაც პროექტმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო - მედალ მოიპოვა.
ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.
გალერეა
რედაქტირება-
გრიგოლ გაგარინის ნახატი, 1853
-
სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
მონასტრის შესასვლელი, სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1909-1915
-
2008 წელი
-
2008 წელი
-
2012 წელი
-
ტიმოთესუბნის მონასტერი 2015 წელს
ლიტერატურა
რედაქტირება- გორდეევი დ., ტიმოთეს უბანი, "საბჭოთა ხელოვნება", 1940, № 4
- Привалова Е. Л., Роспись Тимотес-убани, Тб., 1980
- პრივალოვა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოტოგალერეა დაარქივებული 2011-06-27 საიტზე Wayback Machine. .