ტბორული თევზმეურნეობა

ტბორული თევზმეურნეობა — მეურნეობა, სადაც აშენებენ სწრაფმზარდი თევზის სახეობებსა და ჯიშებს სპეციალურად შექმნილ ტბორებსა და ტბორებად გამოყენებულ ბუნებრივ წყალსატევებში. განასხვავებენ თბილწყლიან და ცივწყლიან ტბორული თევზმეურნეობას. პირველში ზრდიან სითბოს მოყავრულ თევზებს — კობრს, თეთრ ამურს, ჩვეულებრივ ანუ თეთრ და ჭრელ სქელშუბლას, ტარაღანას, ფარგას და სხვას; მეორეში — ცისარტყელა და მდინარის კალმახს. ტბორული თევზმეურნეობა შეიძლება იყოს სრულსისტემიანი და არასწრულსისტემიანი. სრულსისტემიან მეურნეობაში შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ტბორი — სადედე, სატოფო, სალიფსიტე, დასაზამთრებელი და სანასუქო. სადედე ტბორში ინახავენ მწარმოებლებს და მათ შემვსებ ანუ ე. წ. სარემონტო თევზებს. სატოფოში ხდება ტოფობა, სალიფსიტეში გაზაფხულიდან დაზამთრებამდე ზრდიან ლიფსიტებს, დასაზამთრებულ ტბორში თევზი (ძირითადად ლიფსიტები) გამოიზამთრებს; სანასუქო ტბორში ზრდიან სასაქონლო თევზს (გაზაფხულზე იქ გადაყვანილ ერთწლიან თევზებს ზრდიან და ასუქებენ შემოდგომამდე). არასრულსისტემიან ტბორულ თევზმეურნეობაში ზრდიან ლიფსიტებს ან სასაქონლო თევზს. სალიფსიტე მეურნეობას აქვს სხვადასხვა დანიშნულების ტბორი: სადედე, სატოფო, გამოსაზრდელი და დასაზამთრებელი.

განასხვავებენ ექსტენსიურ და ინტენსიურ ტბორულ მეურნეობას.

  • ექსტენსიურ მეურნეობაში თევზპროდუქციის გამოსავლიანობის გაზრდა ხდება ტბორის ფართობის გადიდებისა და ბუნებრივი საკვების ხარჯზე;
  • ინტენსიურ მეურნეობაში თევზპროდუქცია იზრდება ტბორის ფართობის გაუდიდებლად, კერძოდ, ტბორის მელიორაციის, განოყიერების, ხელოვნური საკვების დამატებისა და ტბორში თევზის პოლიკულტურის დანერგვის ბაზაზე.

ექსტენსიური მეურნეობა ტბორის 1 ჰა ფართობიდან იძლევა 1—2 ც სასაქონლო თევზს, ხოლო ინტენსიფიკაციის გზით — გაცილებით მეტს — 20—70 ც-ს.

სატბორო თევზმეურნეობა კარგადაა განვითარებული იაპონიაში, აშშ-ში, დანიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში უმთავრესად ლოქოსა და კალმახს ამრავლებენ, დანიასა და იაპონიაში — კალმახს.

საქართველოში ტბორული თევზმეურნეობა აღმავლობის გზაზეა. შექმნილია რამდენიმე ათეულ საკობრე და 2 საკალმახე მეურნეობა — აფხაზეთში (გუდაუთის რაიონი) და ქარელის რაიონის სოფელ რუისში (სადაც აშენებენ ცისარტყელა კალმახს).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბურჭულაძე ო., გოგოტიშვიილი ს., ნ. ნინუა ნ., ცხომელიძე ო., თევზის ხელოვნური გამოზრდა ტბორებში, თბ., 1961