ტატიანა სამოილოვა
ტატიანა ევგენის ასული სამოილოვა (რუს. Татьяна Евгеньевна Самойлова; დ. 4 მაისი, 1934, ლენინგრადი, სსრკ — გ. 4 მაისი, 2014, მოსკოვი, რუსეთი)[1] — საბჭოთა და რუსი მსახიობი; რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1992), კანის XI ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის ლაურეატი, როგორც „ყველაზე მოკრძალებული და მომხიბვლელი მსახიობი“ (1957, ფილმისთვის მიფრინავენ წეროები).
ტატიანა სამოილოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 მაისი, 1934 ლენინგრადი, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
4 მაისი, 2014 (80 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | რსფსრ სახალხო არტისტი (1992) |
ბიოგრაფია
რედაქტირებატატიანა სამოილოვა დაიბადა 1934 წლის 4 მაისს ლენინგრადში სსრკ სახალხო არტისტ, მსახიობ ევგენი ვალერიანეს ძე სამოილოვის (1912-2006) და ინჟინერ ზინაიდა ილიას ასულ ლევინას (1914-1994) ოჯახში.[2] 1937 წელს სამოილოვების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
სკოლის წლებში ტატიანა სამოილოვა სწავლობდა ბალეტს. დაამთავრა სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალურ თეატრთან არსებული საბალეტო სტუდია. მაია პლისეცკაიამ დიდი თეატრის საბალეტო სკოლაშიც კი მიიწვია, მაგრამ დრამატული თეატრისადმი ლტოლვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მამის ფილმებსა და სპექტაკლებზე გაზრდილ ტატიანას ყოველთვის სურდა მსახიობი გამხდარიყო.
1953 წელს ტატიანა სამოილოვა შევიდა ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალურ სკოლაში, სადაც სწავლობდა 1956 წლამდე. იქ მან გაიცნო ვასილი ლანოვოი, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა.
1957 წელს მან ითამაშა მიხეილ კალატოზოვის ფილმში „მიფრინავენ წეროები“. ფილმმა მსახიობს საკავშირო და მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და გახდა მისი საუკეთესო კინო ნამუშევარი.
1959 წელს მან ითამაშა მიხეილ კალატოზოვთან ერთად რომანტიკულ დრამაში „გაუგზავნელი წერილი“. 1964 წელს მან ითამაშა ჯუზეპე დე სანტისის საბჭოთა-იტალიურ საომარ დრამაში „ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ“. 1967 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ ალექსანდრე ზარხის ცნობილ ფილმში „ანა კარენინა“.
1967 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა კინომსახიობთა სტუდიის თეატრში, შემდეგ თანამედროვე პიესის თეატრში.
1990 წელს მსახიობი საპატიო სტუმარი იყო კანის 43-ე კინოფესტივალზე, სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით კინოს ხელოვნებაში შემოქმედებითი წვლილისთვის.
1992 წელს მას მიენიჭა საპატიო წოდება „რუსეთის სახალხო არტისტი“. 2002 წელს - კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რუსეთის კინემატოგრაფიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ოქროს არწივის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
ტატიანა სამოილოვას სახელი მე-20 საუკუნის საუკეთესო მსახიობების სიაშია შესული. ის ერთადერთი საბჭოთა და რუსი მსახიობია, რომლის ხელის ანაბეჭდი სამუდამოდ არის აღბეჭდილი კანის ვარსკვლავურ კრუაზეტზე. პარიზში ვარდების ხეივანი მის სახელს ატარებს.
სიცოცხლის ბოლო წლები
რედაქტირება2009 წლის 16 ივნისს 75 წლის სამოილოვა სახლიდან გავიდა და ერთი დღის შემდეგ № 83 საავადმყოფოში, პულმონოლოგიურ განყოფილებაში [3] იპოვეს. 2011 წლის აგვისტოს დასაწყისში მსახიობი მეორედ დაიკარგა მოსკოვში. „თანაგრძნობის სამსახურის“ ორგანიზაციის თანამშრომლებმა განგაშის ზარს მას შემდეგ შემოჰკრეს, რაც სამოილოვა ერთი კვირის განმავლობაში არ გამოდიოდა კონტაქტზე და არც სახლში იმყოფებოდა. მსახიობის ძებნას მოსკოვის პოლიციაც შეუერთდა. 18 აგვისტოს საღამოს მსახიობი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იპოვეს.[4]
2013 წლის აპრილში იგი მონაწილეობდა გადაცემაში „ჩვენ ვსაუბრობთ და ვაჩვენებთ“ ( „NTV“) ოდესღაც ცნობილი მსახიობების ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ.[5]
2014 წლის 4 მაისს, 80 წლის იუბილეზე, მსახიობი გადაიყვანეს ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გულის იშემიური დაავადებითა და ჰიპერტენზიის მძიმე მდგომარეობით. იგი იმავე ღამით გარდაიცვალა.
ტატიანა სამოილოვას გამომშვიდობება მოხდა 2014 წლის 7 მაისს მოსკოვის კინოს სახლში; მსახიობი იმავე დღეს დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[6]
2018 წლის 19 ოქტომბერს, მსახიობის საფლავზე ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ძეგლი გაიხსნა. ავტორები არიან მოქანდაკეები: ბორის მატვეევი (პროექტის დიზაინი) და ზურაბ წერეთელი (ბრინჯაოს ბიუსტი).
პირადი ცხოვრება
რედაქტირება- პირველი ქმარი (1956-1958) - ვასილი ლანოვოი (01/16/1934-01/28/2021), მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1985). თეატრალურ სკოლაში სწავლისას გაიცნო.
- მეორე ქმარი (1958-1968) - ვალერი ოსიპოვი (1930-1987), მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი.
- დაურეგისტრირებელი ქორწინება (1964–1967) - სოლომონ შულმანი (1936–2017), მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი, კინორეჟისორი და მოგზაური.
- მესამე ქმარი (1968-1973) - ედუარდ მაშკოვიჩი, კინომსახიობთა სტუდიის თეატრის ადმინისტრატორი და დირექტორი. ქორწინებას შეეძინა ვაჟი, დიმიტრი.
- ვაჟი - დიმიტრი სამოილოვი (დ. 1969), რადიოლოგი, ცხოვრობს აშშ- ში.
- შვილიშვილი - ტატიანა სამოილოვა (დ. 2005).
- ვაჟი - დიმიტრი სამოილოვი (დ. 1969), რადიოლოგი, ცხოვრობს აშშ- ში.
- უმცროსი ძმა - ალექსეი სამოილოვი (დ. 1945), თეატრისა და კინოს მსახიობი, ფიგურული სრიალის მწვრთნელის - ტატიანა ტარასოვას პირველი ქმარი.
შემოქმედება
რედაქტირებატატიანა სამოილოვას ვარსკვლავური როლი ფილმებში არის ვერონიკას როლი მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში „მიფრინავენ წეროები“, რომელიც დაფუძნებულია ვიქტორ როზოვის პიესაზე „მარად ცოცხალი“. სამოილოვას გმირი გუშინდელი უდარდელი მოსკოველი სკოლის მოსწავლეა, რომელმაც მშობლები დიდი სამამულო ომის დროს დაკარგა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა, ტატიანა სამოილოვა კი საბჭოთა ეკრანის ვარსკვლავი გახდა.
ფესტივალის შემდეგ ტატიანა სამოილოვა დაბრუნდა მოსკოვში და შევიდა ГИТИС-ში. იგი მიიღეს ვ. მაიაკოვსკის სახელობის თეატრში, შემდეგ გადავიდა ე. ვახტანგოვის სახელობის თეატრში, სადაც მუშაობდა 1960 წლამდე.
„მიფრინავენ წეროების" შემდეგ ტატიანამ მხოლოდ რამდენიმე ფილმში ითამაშა და ეკრანებიდან გაუჩინარდა. ტატიანაზე ხელმეორედ დაიწყეს საუბარი ალექსანდრე ზარხის ფილმის „ანა კარენინას“ გამოსვლის შემდეგ, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა.
როლები თეატრში
რედაქტირება1965 წლიდან მუშაობდა კინომსახიობთა სტუდიის თეატრში, მან შეასრულა მთავარი როლები ა. ნ. ოსტროვსკის დრამაში „ჭექა-ქუხილი“ და ა. არბუზოვის სპექტაკლში „ტანია“.[7]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1955 — მექსიკელი — მარინა
- 1957 — მიფრინავენ წეროები — ვერონიკა
- 1959 — გაუგზავნელი წერილი — ტანია
- 1960 — 20 ათასი მილი ხმელეთზე — ნატაშა, მომღერალი
- 1961 — ალბა რეჯია — ალბა
- 1964 — ისინი აღმოსავლეთისკენ მიდიოდნენ — სონია, კოლაბორაციონისტი
- 1967 — ანა კარენინა — ანა კარენინა
- 1972 — ქალაქი კავკასიაში (მოკლემეტრაჟიანი) — ნადეჟდა
- 1972 — მოულოდნელი სიხარული — გამყიდველი / ქალი ქალღმერთ დიანას კოსტიუმში
- 1972 — გრძელი გზა მოკლე დღეში — ეკატერინა ზოლოტარენკო
- 1973 — დაბრუნება შეუძლებელია — ნასტია შევცოვა
- 1974 — ოკეანე — მაშა
- 1975 — ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისთვის — მარია ოლენეცკაია
- 2000 — 24 საათი — ძმები შალამოვების დედა
- 2004 — მოსკოვის საგა (მე-14 და მე-16 სერიები) — ტატიანა პლოტნიკოვა, პროფესორი
- 2005 — სანსეტ-ბულვარისგან შორს — ლიდია პოლიაკოვა (მოხუცებულობაში)
- 2008 — ნირვანა — მარგარიტა
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1965 : რსფსრ დამსახურებული არტისტი - საბჭოთა კინოს დარგში გაწეული მომსახურებისთვის[8]
- 1992 : რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი - კინოს სფეროში დიდი დამსახურებისთვის[9]
- 2009 : ღირსების ორდენი - რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილისთვის [10]
- საპატიო ნიშანი
- 1957 ჟიურის ჯილდო კანის XI ფესტივალზე „ფორთოხლის ხე“, როგორც „ყველაზე მოკრძალებული და მომხიბვლელი მსახიობი“ ფილმისთვის „მიფრინავენ წეროები“
- 2002 : ოქროს არწივი
- 2007 : MIFF (პრემია მსოფლიო კინოში შეტანილი წვლილისთვის )
ხსოვნა
რედაქტირებამსახიობის მოღვაწეობასა და ხსოვნას ეძღვნება დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები: „ტატიანა სამოილოვა. მარტოობის ორმოცდაათი წელი“ (პირველი არხი, 2008),[11] „ტატიანა სამოილოვა. ბოლო დღე“ („ვარსკვლავი“, 2018),[12] „ტატიანა სამოილოვა. მისი ცრემლები არავის დაუნახავს“ („პირველი არხი“, 2019),[13] [14] „ტატიანა სამოილოვას კაცები“ („სატელევიზიო ცენტრი“, 2020),[15] „ტატიანა სამოილოვა. კინოს ლეგენდები“ („ვარსკვლავი“, 2021) [16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Скончалась народная артистка России Татьяна Самойлова“. ИТАР-ТАСС. 2014-05-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-05. ციტირების თარიღი: 2014-05-05.
- ↑ В моей семье погибли все. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-18. ციტირების თარიღი: 2009-05-04
- ↑ Татьяна Самойлова находится в больнице. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-20. ციტირების თარიღი: 2009-06-17.
- ↑ Пропавшая в Москве актриса Самойлова нашлась. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2011-08-19.
- ↑ «Говорим и показываем». О бедном актёре замолвите слово. ციტირების თარიღი: 2013-09-20
- ↑ На церемонии прощания с Татьяной Самойловой 7 мая было много известных персон, Иосиф Кобзон сообщил, что у актрисы не хватало средств даже на оплату своей квартиры. ციტირების თარიღი: 2023-08-31
- ↑ Раззаков Ф. Татьяна Самойлова დაარქივებული 2012-01-17 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 26 ноября 1965 года «О присвоении почётных званий РСФСР работникам кинематографии». ციტირების თარიღი: 2018-01-31
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 10 июня 1992 года № 603 «О присвоении почётного звания «Народный артист Российской Федерации» Самойловой Т. Е.». ციტირების თარიღი: 2022-06-14
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 30 апреля 2009 года № 486 «О награждении орденом Почёта Самойловой Т.Е.». ციტირების თარიღი: 2022-06-14
- ↑ «Татьяна Самойлова. Пятьдесят лет одиночества». Документальный фильм. Первый канал (2009-05-03). ციტირების თარიღი: 2021-08-12
- ↑ «Татьяна Самойлова. Последний день». Телепередача. Звезда (2018-09-12). ციტირების თარიღი: 2021-12-11
- ↑ «Татьяна Самойлова. Её слёз никто не видел». Документальный фильм. Первый канал (2019). ციტირების თარიღი: 2021-08-12
- ↑ «Татьяна Самойлова. Её слёз никто не видел». Документальный фильм. Первый канал (2019-05-04). ციტირების თარიღი: 2021-08-12
- ↑ «Мужчины Татьяны Самойловой». Телепередача. ТВ Центр (2020). ციტირების თარიღი: 2021-12-11
- ↑ «Татьяна Самойлова. Легенды кино». Телепередача. Звезда (2021-01-14). ციტირების თარიღი: 2021-12-11