ატენის ხეობა

(გადამისამართდა გვერდიდან ტანის ხეობა)

ატენის ხეობა[1], ატენის ხევიხეობა შიდა ქართლში, მოიცავს მდ. ტანის აუზს (ძირითადად ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილს, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებს).

ატენის ხეობა

ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი შედიოდა სპასპეტის საგამგეობაში და, როგორც ჩანს, ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს — ხევს წარმოადგენდა. "ტანის ხევი" სახელით ეს ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია IV - VII საუკუნეებში. ამ დროისათვის "ტანის ხევი" მოიცავდა არა მხოლოდ საკუთრივ ატენის ხეობას, არამედ თეძმის ხეობასაც. ამ ერთეულის ცენტრი იყო დეკციხე, რომლის ნანგრევები შემორჩენილია თეძმის ზემო დინებაში. ატენის ხეობაზე გადიოდა მაგისტრალური გზა, რომელიც ჯავახეთსა და ზემო ქართლს აკავშირებდა შიდა ქართლთან. ამ გზის არსერბობამ განაპირობა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ატენის ხეობის მჭიდრო დასახლება.

ატენის ხეობის სამეურნეო-კულტურული განვიტარებისა და მნიშვნელობის დამადასტურებელია ადრინდელი ფეოდალური ციხესიმაგრეების მშენებლობა (ვერეს ციხე, ატენის ციხე და სხვა) და ატენის სიონის აგება. X საუკუნეში ატენის ხეობის ცენტრი - ატენის ციხე "აფხაზთა მეფის" ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი იყო ქართლის შემოერთებისათვის ბრძოლაში. ამავე საუკუნის ბოლოს ატენის ხეობა ბაღვაშთა მფლობელობაში გადავიდა. XI საუკუნეში ეს ხეობა კვლავ სამეფო დომენს წარმოადგენდა. ბაგრატ IV-ის დროს აქ გაშენდა ქ. ატენი, რომელსაც ატენის ხეობასთან ერთად მეფის მიერ დანიშნული ატენის მოურავი განაგებდა. XII საუკუნეში ატენის ხეობაში იყო საქართველოს მეფეთა ერთ-ერთი საჭურჭლე. გვიანდელი საუკენეებში ატენის ხეობა სხვადასხვა სათავადოებმა დაინაწილეს და ქართლის მეფეების გარდა აქ მიწებს ფლობდნენ ციციშვილები, სააკაძეები და გლურჯიძეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: