ტაილანდის გეოგრაფია
ტაილანდი — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, უმთავრესად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულსა და მის სამხრეთ კიდეზე (მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილო ნაწილი). სამხრეთით აკრავს სიამის ყურე (სამხრეთ ჩინეთის ზღვა), სამხრეთ-დასავლეთით ანდამანის ზღვა. ტაილანდის ტერიტორიში შედის რამდენიმე მცირე კუნძული.
ტაილანდის გეოგრაფია | |
---|---|
სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 2500 კილომეტრი. ნაპირები უმთავრესად დაბალია, ბევრგან დაჭაობებული. მალაკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ბევრია რიასული ყურე და ესტუარი. ტაილანდის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს დაბლობ ვაკეებს, მათ შორის გამოიყოფა მენამის დაბლობი, დანარჩენი (უმთავრესად ქვეყნის ჩრდილო და დასავლეთ ნაწილში) — მთებს, სიმაღლე 2576 მეტრი (მთა ინთანონი). სამხრეთ-აღმოსავლეთით, კამბოჯის საზღვრის გაყოლებით, კრავანის მთებია. ტაილანდის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს კორატის პლატოს. სასარგებლო წიაღისეულიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კალა. არის აგრეთვე ვოლფრამის, სტიბიუმის, ფლუორიტის, ტყვიის, თუთიის, ბარიტის, რკინის, მანგანუმის, ქვანახშირის, კალიუმის მარილების, ნავთობის საბადოები.
ჰავა სუბეკვატორული მუსონურია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 22°C-იდან 29°C-მდეა (ყველაზე თბილი თვეა მაისი), მალაკის ნახევარკუნძულზე 27°C-29°C. ტაილანდში მოსული ატმოსფერული ნალექების 90 % განპირობებულია სამხრეთ-დასავლეთის მუსონებით. წვიმის სეზონის ხანგრძლივობის განსაზღვრა მეტარ რთულია, იწყება იგი მაისში, ამავე თვეში მოდის ნალექების მაქსიმუმი. ქვეყნის ცეტრალურ ნაწილსა და აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წვიმები აგრეთვე მაის-სექტემბერში მოდის. წვიმის სეზონი გრძელდება ექვსთვეზე ნაკლებ ხანს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიაზე შეადგენს 1600 მმ-ს. ატმოსფერული ნალექები მენამის დაბლობზე 1000 მმ-ზეა მეტია წელიწადში, კორატის პლატოზე — 900 მმ-მდე, მთაში დაახლოებით 3000 მმ. ხშირია ტაიფუნი.
ტაილანდის მდინარეები ანდამანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზს მიეკუთვნება, თუმცა უკანასკნელიდან გამოყოფენ აგრეთვე სიამის ყურის აუზს. მთავარი მდინარეებია მენამი, მეკონგი, სალუინი და მათი შენაკადები. მდინარე მენამის სიგრძეა 372 კილომეტრი, ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას. მდინარე მეკონგის სიგრძეა 4500 კილომეტრი. სათავეს ტიბეტის მთიანეთში იღება და ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას. მდინარე სალუინის სიგრძეა 2400 კილომეტრი. ტაილანდის ყველაზე დიდი ტბაა თალელუანგი, რომელიც მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. ტბის ზედაპირის ფართობია 1,040 კმ². დაყოფილია სამ განცალკევებულ ნაწილად. ტბაში გამოიყოფა 75 კილომეტრის სიგრძის ცელა, რომელიც ტბას განჰყოფს ზღვისგან. თალელუანგს წლიურად სტუმრობს დაახლოებით 200 ათასი ტურისტი.
ტაილანდის ტერიტორიის დაახლოებით 60 % შემოსილია ტყით. მალაკის ნახევარკუნძულსა და კორატის პლატოს გარე კალთებზე, ლატერიტულ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე მრავალიარუსიანი ნოტიო სუბეკვატორული ტყეა, ჩრდილოეთით, წითელმიწა ნიადაგებზე ტროპიკული ტყე, მთების ქარზურგა კალთებზე მუსონური ტყე. კორატის პლატოზე მაღალბალახოვანი სავანა და ბუჩქნარია, მდინარეთა გაყოლებით — ჭალის ტყე, სანაპიროზე — მანგროვიანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Atlas of Thailand დაარქივებული 2021-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Thailand Weather