სუხჩის ღვთისმშობლის ტაძარი

სუხჩის ღვთისმშობლის ტაძარი— არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩაში.

ეკლესია დარბაზულია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, შემაღლებულ ბორცვზე. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმის ქვა. გარეთა კედლის პერანგი შედარებით დიდი კვადრებითაა ნაშენი.

ეკლესიის ლავგარდანი პროფილირებულია და მისი ზედა ნაწილი რომბებითაა მორთული. ძეგლი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურული ფორმებითა და პროპორციებით. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით, ამჟამად სახურავი დაცურებულია და მცენარეებითაა დაფარული. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს, ამათგან სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები ერთ ღერძზეა მოქცეული. სამივე კარი შიგნიდან არქიტრავულია, ხოლო გარედან ტიმპანითაა დასრულებული. ინტერიერი გამოირჩევა მაღალი, აზიდული პროპორციებით. სივრცე გადახურულია ერთიანი ცილინდრული კამარით. ნაგებობა გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. იგი აღმოსავლეთით ბოლოვდება უმხრებო, ბრტყელი აბსიდით. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული, კედლის ჩრდილო ნაწილში კვადრატული ნიშია დატანებული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილებშიც ნიშებია მოქცეული. ამათგან ჩრდილოეთისა - თაღოვანია. შიდა სივრცე განათებულია ოთხივე კედელში გაჭრილი თითო სარკმლით. ჩრდილოეთი სარკმელი გადაკეთებულია, ხოლო დანარჩენი სამი - შიგნიდან თაღოვანია. ცილინდრული კამარა სამი საბჯენი თაღითაა შემაგრებული. თაღები შეკიდულია და პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. უნდა აღინიშნოს სამხრეთ და ჩრდილო კედლებში, სარკმლების ქვემოთ კედლის წყობაში დატანებული რელიეფური ქვები, რომლებზედაც ბიბლიური სცენებია გამოსახული. ორივე ქვა მართკუთხა ფორმისაა და გარშემო ორნამენტული ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ჩრდილოეთის ქვაზე გამოსახულია ორი სცენა, ერთია ამაღლების კომპოზიცია, მეორეს გარკვევა ძნელია. ქვას აქეთ-იქით ჩუქურთმიანი პატარა პილასტრები საზღვრავს. სამხრეთ ქვაზე ორი კომპოზიციაა. ერთი ჯვარცმა — მეორეს გარკვევა ასევე ჭირს. რელიეფები ძალზე საინტერესოა და ისინი ცალკე შესწავლის საგანს წარმოადგენენ. ეკლესიის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები სადაა, ხოლო სამხრეთისა და დასავლეთისა ყურადღებას იპყრობს. დასავლეთი სარკმლის მაღლა მართკუთხა ფორმის ქვაა წყობაში ჩასმული. მასზე ჯვარია გამოსახული, ჯვრის მაღლა კი მრგვალი რელიეფური წნულია. აღსანიშნავია სამხრეთი ფასადი, კერძოდ კარის ტიმპანისქვა, რომლის ცენტრში ორი, ერთმანეთის გვერდზე მდგომი ხელგაშლილი ფიგურაა, მათ შორის კი ადამიანის თავია გამოსახული. ფიგურების გარშემო მცენარეული ორნამენტებია. ეკლესია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მხოლოდ სახურავია დაცურებული და მცენარეებითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9724