სუბტროპიკული სარტყლების ტყის ზონები

სუბტროპიკული სარტყლების ტყის ზონები — ხმელეთის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში. იყოფა ხმელეთის ხმელთაშუა ზღვის ხეშეშფოთლიანი ტყისა და ბუჩქნარის, მუსონური შერეული ტყის და ჰემიჰილეის ქვეზონებად. ხმელთაშუა ზღვის ხეშეშფოთლიანი ტყისა და ბუჩქნარის ქვეზონა გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრის, ჩრდილოეთ ამერიკაში (კალიფორნია). სამხრეთ სამერიკის დასავლეთ ნაწილში (შუა ჩილე), სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიის სამხრეთ და დასავლეთ რაიონებში, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში.

იცის მშრალი და ცხელი ზაფხული, გრილი და ნოტიო ზამთარი. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა 4—12 °C, ყველაზე თბიილი თვისა 18—28 °C. ნალექები 500—1000 მმ წელისადში (მთებში ადგილ-ადგილ 2000 მმ). ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 460—585 კჯ/სმ² (110—140 კკალ/სმ²) სითბოს. გავრცელებულია ხეშეშფოთლიანი ტყისა და ბუჩქნარის მცენარეული ფორმაციები. ტყეში ხარობს მარადმწვანე მუხა, ფიჭვი, კედარი და სხვა. განვითარებულია ყავისფერი და ტყის ყომრალი ნიადაგები, ადგილ-ადგილ ყვითელმიწები.

მუსონური შერეული ტყის ქვეზონა გავრცელებულია აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ განაპირა მხარეებში. ჰავა თბილია. ზამთარი მშრალი იცოს. ზაფხული — ნოტიო. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 210—250 კჯ/სმ² (50—60 კკალ/სმ²) სითბოს. ამ ქვეზონაში სუბეკვატორულ სარტყელთან ახლოს გავრცელებულია სინოტივის მოყვარული მრავალიარუსიანი მარადმწვანე ტყე ლიანებით; ზომიერ სარტხელთან ჭარბობს ფოთოლმცვივანი ტყე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკული სარტყლების მუსონურ ტყაში ხარობს მარადმწვანე მუხა, კამელია, მანლია, ფიჭვი, სოჭი, დაფნა და სხვა. ჭარბობს ყვითელი და წითელი ნიადაგები.

ჰემიჰილეის ქვეზონა — გავრცელებულია იქ, სადაც მთელი წლის განმავლობაში ჭარბი სინოტივეა. ასეთი რაიონებია: აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ბრაზილიის მთიანეთის სამხრეთი ნაწილი, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 500-630 კჯ//სმ² (120—150 კკალ/სმ²) სითბოს. ნალექები 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში. სუბეკვატორულ სარტყელთან ახლოს ჭარბობს მარადმწვანე ტყე, რომელიც ზომიერი სარტყლისაკენ იცვლება ფოთოლმცვივანი ტყით. განვითარებულია მურაწითელი, ყვითელი და წითელმიწა ნიადაგები.

სუბტროპიკული სარტყლების ტყის ზონები საგრძნობლად არის შეცვლილიი ადამიანის ზემოქმედებით. ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში გაშენებულია ზეთისხილი, ციტრუსები, ვენახები, თესენ მარცვლეულს. ჰემიჰილეისა და მუსონური შერეული ტყის ქვეზონებში მოჰყავთ ბრინჯი, ჩაი, არაქისი, ბამბა, ციტრუსები.

ლიტერატურა

რედაქტირება