სტეფანე (კარბელაშვილი)
სტეფანე (კარბელაშვილი) (დ. 1 იანვარი, 1853, გორის მაზრა, ქვემო ჭალა — გ. 8 აპრილი, 1936) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანი (2011).
ბიოგრაფია
რედაქტირებაეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი, დაიბადა 1853 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ ქვემო ჭალაში მღვდლის ოჯახში. მამა - გრიგოლი ქართული საეკლესიო გალობის მცოდნე და შემსრულებელი იყო. ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო.იგი ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, 1864 წელს ვასილი თავის ძმებთან — ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და ყველას მოწონება დაიმსახურა. 1867 წელს ვასილმა ძმებთან ერთად სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, პარალელურად 1879 წლიდან სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სკოლაში.
ვასილ კარბელაშვილმა 1881 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1881 წლის 16 ივნისს დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1882 წლის 1 ივლისს დატოვა სამსახური და შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც პროფესორ კოშკინთან ეუფლებოდა სამუსიკო ხელოვნებას. 1883 წ. 16 ოქტომბერს აკურთხეს თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდლად, ამავე დროს ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თბილისის 1 სამხედრო ჰოსპიტალში; 1884–1885 წლებში ასწავლიდა სჯულის კანონს ნავთლუღის სახალხო სასწავლებელში.
1890 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვრად, იგი მასწავლებლობდა კიდეც და 1891 წლის 10 ოქტომბრამდე ყველა საგანს უსასყიდლოდ ასწავლიდა თავის მეუღლესთან — მარიასთან ერთად. 1904–1906 წწ. განაგებდა საეკლესიო ნივთების მაღაზიას და ზრუნავდა მის შენობასა და საეკლესიო ნივთების საწყობზე; 1905 წლის ივნისში თავისივე თხოვნით ეგზარქოსმა ალექსიმ დანიშნა თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად. 1917 წლის 4 სექტემბერს დაქვრივდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში 1921–1922 წლებში იყო თელავის ტაძრის წინამძღვარი. 1925 წელს აღიკვეცა ბერად სტეფანეს სახელით. 1925 წლის 25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ბოდბის ეპისკოპოსად. 1928 წლის 24 თებერვალს გაათავისუფლეს ბოდბის ეპისკოპოსობიდან და გადაიყვანეს ალავერდელად. 1929 წელს გაათავისუფლეს ალავერდის ეპისკოპოსობიდან; 1930 წლის 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლად; 1934 წლის 6 აგვისტოს პირადი თხოვნის საფუძველზე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა კარის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან. დაჯილდოებული იყო ეგზარქოს პალადის მიერ გულითადი შრომისათვის საგვერდულით; 1890 წლის მარტში საავადმყოფოს საეკლესიო-სამრევლო სკოლაში გულითადი მუშაობისათვის გამოეცხადა მადლობა. 1892 წელს ქოლერის მძვინვარების პერიოდში გულითადი და სასარგებლო შრომისათვის დააჯილდოვეს იისფერი სკუფიით. XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი.
გარდაიცვალა 1936 წლის 8 აპრილს, დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში. 2011 წლის 20 დეკემბრის საქართველოს ეკლესიის წინაშე უამრავი დამსახურებისათვის წმიდა სინოდის განჩინებით ეპისკოპოსი სტეფანე წმინდანად შეირაცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 162-166.