სტეფანე დანდუროვი

სტეფანე ალექსის ძე დანდუროვი (დ. 9 იანვარი, 1865, სოფ. ლაგოდეხი, სიღნაღის მაზრა; ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 აპრილი, 1928) — მემარცხენე რევოლუციონერი, ეთნიკურად სომეხი.

1880-იან წლებში მონაწილეობდა ხალხოსნური წრეების მუშაობაში. 1885 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის პეტროვსკ-რაზუმოვსკოეს აკადემიაში და ახალი ალექსანდრიის (ქ. ვარშავის მახლობლად) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. სტუდენტებს შორის რევოლუციური აგიტაციისათვის 1890 წელს დააპატიმრეს და სანქტ-პეტერბურგის ციხეში ჩასვეს. 1891 წელს დაბრუნდა საქართველოში, დაუკავშირდა ეგნატე ნინოშვილს, მიხა ცხაკაიას, სილიბისტრო ჯიბლაძეს და მათთან ერთად მონაწილეობდა მომავალ „მესამედასელთა“ არალეგალურ შეკრებებში. 1893 წელს თბილისში მოწვეულ „მესამე დასის“ II კონფერენციაზე იგი აირჩიეს თბილისის მუდმივი ცენტრალური ბიუროს წევრად. 1905 წლის გაფიცვებში მონაწილეობისათვის სამართალში მისცეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დანდუროვს პეტროგრადში მოუსწრო. მარტში იგი საქართველოში დაბრუნდა და ჩაება ბოლშევიკების საქმიანობაში. 1920 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა, მაგრამ მალევე საბჭოთა რუსეთის მოთხოვნით გაათავისუფლა და ბაქოში გაასახლა. 1921 წელს წითელ არმიასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და გახდა თბილისის რევოლუციური კომიტეტის წევრი. 1926 წელს პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ხელმძღვანელი იყო საქართველოში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება