სტენსჰუვუდის ეროვნული პარკი

სტენსჰუვუდი (შვედ. Stenshuvud) — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთში, სკონეს პროვინციაში. 1986 წლიდან გამოცხადებულია ეროვნულ პარკად და მოიცავს 3,9 კმ²-ს.

სტენსჰუვუდის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 55°40′ ჩ. გ. 14°16′ ა. გ. / 55.667° ჩ. გ. 14.267° ა. გ. / 55.667; 14.267
ფართობი 3,9 კმ²[1]
დაარსდა 1986 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო

ბორცვის სიმაღლე 97 მეტრია და გადაჰყურებს ბალტიის ზღვას. იქიდან გამომდინარე, რომ გარემომცველი არეალი ბრტყელია, მისი დანახვა დიდი მანძილიდანაცაა შესაძლებელი და ტრადიციულად, მეზღვაურები მას ერთგვარ ნიშნად იყენებდნენ. კარგ ამინდში, ულამაზესი ხედით დასატკბობად ბორცვზე უამრავი მნახველი ადის.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ფართოფოთლოვანი, ძირითადად რცხილის ტყითაა დაფარული. პარკი ასევე მოიცავს დაბლობებს, მდელოებსა და ჭაობებს. რბილი კლიმატისა და მრავალგვარი გავრცელების არეალის წყალობით, პარკის ტერიტორიაზე მრავალი განსხვავებული სახოების ცხოველი ბინადრობს. მათ შორის, აღსანიშნავია შვედეთისათვის არადამახასიათებელი სახეობები — ძილგუდა, მოლაღური, ხის ბაყაყი, მარდი ბაყაყი. გავრცელებულია დაახლოებით 600 სახეობის ძარღვოვანი მცენარე, მათ შორის ორქიდეის რამდენიმე სახეობა და უიშვიათესი უნაყოფო მარწყვი.

გორაკის დაბლა გადაჭიმულია პოპულარული საცურაო პლაჟი. მწვერვალის სიახლოვეს კი V-VI საუკუნის ციხესიმაგრეების ნანგრევებია შემორჩენილი.

ხალხური გადმოცემების თანახმად, ბორცვმა სახელი მიიღო (სტენის თავი) გიგანტისგან, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Sånfjället National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.