სტატეირა II
სტატეირა II (ბერძ. Στάτειρα; გ. ძვ. წ. 323), აგრეთვე ცნობილია როგორც ბარსინე — აქემენიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის მეფე დარიოს III-ისა და დედოფალ სტატეირა I-ის ქალიშვილი. ძვ. წ. 324 წელს, სუზაში ცოლად გაჰყვა ალექსანდრე მაკედონელს, რომლის გარდაცვალებიდან მალევე, ძვ. წ. 323 წელს სტატეირა II მისმა პირველმა ცოლმა, დედოფალმა როქსანამ მოკლა.
სტატეირა II | |
---|---|
პომპეიში მდებარე ფრესკა, სადაც ასახულია ალექსანდრე მაკედონელი და დედოფალი სტატეირა II | |
წოდებები
სპარსეთის, მაკედონიის, აზიისა და ეგვიპტის დედოფალი | |
დაიბადა | უცნობია |
გარდაიცვალა | ძვ. წ. 323 |
საგვარეულო | აქემენიდები |
მეუღლე(ები) | ალექსანდრე მაკედონელი |
მამა | დარიოს III, სპარსეთის მეფე |
დედა | სტატეირა I |
რელიგია | ზოროასტრიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასტატეირას დაბადების თარიღი უცნობია. იგი იყო სპარსეთის მეფე დარიოს III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სტატეირა I-ის უფროსი ქალიშვილი. რამდენადაც ცნობილია, პრინცესა სტატეირა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზითა და კეთილგონიერებით, რასაც მისი თანამედროვე მატიანეები გვამცნობენ.
ძვ. წ. 333 წელს, ალექსანდრე მაკედონელმა ისოსის ბრძოლაში დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, რომელმაც მიატოვა ოჯახი და თავად მხლებლებთან ერთად გაიქცა. ბედის ანაბარად დარჩენილი სტატეირა თავის დედასთან, ბებიასა და უმცროს დასთან ერთად ეახლა ალექსანდრე მაკედონელს და შეწყალება სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები სპარსელ ქალებს არ ინდობდნენ, ალექსანდრეს ბრძანებით სტატეირასა და მის ოჯახს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მეტიც, მათ შეძლეს და მისი კეთილი ნებით შეინარჩუნეს თავიანთი სოციალური სტატუსი.
მომდევნო წლების განმავლობაში ბერძნებსა და სპარსელებს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა. ამ პერიოდში დარიოსმა დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ რამდენჯერმე სცადა თავისი ოჯახის ქალების გამოხსნა, თუმცა ალექსანდრე ყოველთვის უარს ეუბნებოდა. ამის შემდეგ დარიოსმა მას სტატეირაზე დაქორწინება შესთავაზა და დაურთო, რომ ქალიშვილს მზითვად ნახევარ სპარსეთს გაატანდა, რაზეც ალექსანდრემ უარი განუცხადა, რადგან მისი აზრით სპარსეთი მთლიანად ისედაც მისი იყო. სწორედ ამ დროს, ალექსანდრე ქორწინდება ბაქტრიისა და სოგდიანიის მმართველის ქალიშვილ როქსანაზე, რომელიც ახალ დედოფლად გვევლინება.
ძვ. წ. 331 წელს, ალექსანდრემ გავგამელას ბრძოლაში კვლავ დაამარცხა დარიოსი, რომელიც ისევ გაიქცა, თუმცა ამჯერად იგი თავისიანებმა მოკლეს. ძვ. წ. 330 წლიდან, ალექსანდრემ სტატეირა და მისი ოჯახი სუზაში გადაიყვანა, სადაც მათ ბერძნულ ენას ასწავლიდნენ. ბევრი ისტორიკოსის მტკიცებით, ამ დროს ალექსანდრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სტატეირაზე დაქორწინება და მას თავისი ცოლობისათვის ამზადებდა. ძვ. წ. 324 წელს, სუზაში ალექსანდრე მაკედონელი და სტატეირა II დაქორწინდნენ, რასაც მოჰყვა 10,000 ბერძენი ჯარისკაცის ქორწინება სპარსელ ქალზე, რაც სიმბოლურად გამოხატავდა ევროპისა და აზიის გაერთიანებას. ამრიგად, სტატეირა მისი მეორე ცოლი გახდა, რითაც იწყება მასსა და დედოფალ როქსანას შორის დაძაბული ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ალექსანდრე სტატეირასა და მის ბიძაშვილზე, არტაქსერქსე III-ის ასულ პარისატიდაზე ერთდროულად დაქორწინდა. ამით მან აქემენიანთა ორივე განშტოებასთან დაამყარა ნათესაური კავშირი.
ქორწინებიდან მალევე, ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ფაქტი სტატეირას ბებიამ, დედოფალმა სისიგამბისმა ისე განიცადა, რომ რამდენიმე დღეში დარდისაგან გარდაიცვალა. ამ ამბიდან სულ ერთ თვეში, დედოფალმა როქსანამ ახალი მეფე — ალექსანდრე IV გააჩინა, რომლის პოზიციის განსამტკიცებლადაც მოკლა სტატეირაცა და პარისატიდაც, რადგან ეშინოდა, რომ შესაძლოა ისინიც ორსულად ყოფილიყვნენ და ახალი მემკვიდრეები გაეჩინათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carney, Elizabeth Donnelly (2000), Women and Monarchy in Macedonia, Norman, OK: University of Oklahoma Press, ISBN 0-8061-3212-4
- O'Brien, John Maxwell (2001), Alexander the Great: The Invisible Enemy - A Biography, New York: Routledge, ISBN 0-415-10617-6
- Stewart, Andrew F. (1993), Faces of Power: Alexander's image and Hellenistic politics, Berkeley, CA: University of California Press, ISBN 0-520-06851-3
- Tarn, W.W. (2002), Alexander the Great: Volume II Sources and Studies, Cambridge University Press, ISBN 0-521-22585-X originally published 1948 by Cambridge University Press