სისიგამბისი (სპარს. سی‌سی‌گامبیس; გ. ძვ. წ. 323) — აქემენიდთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II-ის ქალიშვილი და მეფე დარიოს III-ის დედა. ისოსის ბრძოლაში სპარსელთა გამარჯვების, აქემენიანების დამხობისა და სპარსეთში ალექსანდრე მაკედონელის გამეფების შემდეგ, სისიგამბისი კვლავ დიდი გავლენით სარგებლობდა და ალექსანდრე მას „დედას“ უწოდებდა.

სისიგამბისი

დარიოს III-ის ოჯახი შეწყალებას სთხოვს ალექსანდრე მაკედონელს. დედოფალი სისიგამბისი თავისი რძლის, სტატეირა I-ის უკან.
წოდებები
სპარსეთის დედა-დედოფალი
დაიბადა უცნობია
გარდაიცვალა ძვ. წ. 323
საგვარეულო აქემენიდები
მეუღლე(ები) ოსტანესი
შვილ(ებ)ი დარიოს III, სპარსეთის მეფე
ოქსატრესი
მამა არტაქსერქსე II, სპარსეთის მეფე
დედა სტატეირა
რელიგია ზოროასტრიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

სისიგამბისის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. ისტორიკოსთა მტკიცებით იგი სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II-ისა და დედოფალ სტატეირას ქალიშვილი იყო, თუმცა ზოგიერთი ამ მოსაზრებას უარყოფს. მოგვიანებით, იგი დააქორწინეს თავის ბიძაშვილ ოსტანესზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე დარიოს III და პრინცი ოქსატრესი. ასევე სადავოა მისი შვილების რაოდენობაც, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ თავად დარიოს III-ის მეუღლე, დედოფალი სტატეირა I-ც სისიგამბისის ქალიშვილი იყო, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა.

 
დარიოს III-ის ოჯახი შეწყალებას სთხოვს ალექსანდრეს. სისიგამბისი წარმოდგენილია ყვითელ სამოსში.

ძვ. წ. 333 წელს, დარიოს III ალექსანდრე მაკედონელთან გამართულ ისოსის ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც იგი გაიქცა. დარიოსის ოჯახის წევრებმა, კერძოდ კი სისიგამბისმა, მისმა რძალმა, სტატეირა I-მა და დარიოს III-ის ქალიშვილები ეახლნენ ახალ მეფეს და შეწყალება ითხოვეს. ალექსანდრემ შეიწყალა ისინი და მიუხედავად იმისა, რომ ტყვეებად გამოაცხადა, ყოველთვის დიდი პატივით ეპყრობოდათ. რამდენადაც ცნობილია, როდესაც სპარსელები შეწყალების სათხოვნელად მივიდნენ, ალექსანდრე თავის მეგობარ ჰეფესტიონთან ერთად იყო. ისინი ორივენი ერთი სიმაღლისანი იყვნენ და ერთნაირადაც ეცვათ, რის გამოც დედოფალ სისიგამბისს აერია და შეცდომით ჰეფესტიონს დაუჩოქა. როდესაც იგი თავის შეცდომას მიხვდა, შერცხვა და მეფეს მწუხარებით გაუღიმა, რაზეც ალექსანდრემ მიუგო:

 
„შენ არ ცდები, დედაო, ეს კაციც ალექსანდრეა“

ძვ. წ. 331 წელს გავგამელას ბრძოლის დროს, სისიგამბისი და მისი ოჯახი ალექსანდრეს არმიის უკან, ბარგისათვის განკუთვნილ ეტლში ისხდნენ. ამის გამო, სპარსულმა კავალერიამ ბერძნების რიგის გარღვევა და სამეფო ოჯახის გამოხსნა სცადა, რა დროსაც თავიდან წარმატებასაც მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ დამარცხნდნენ. რამდენადაც ცნობილია, დედოფალ სისიგამბისს არასოდეს უპატიებია თავისი ვაჟისათვის ბრძოლიდან გაქცევა და ოჯახის ბედის ანაბარა მიტოვება. სწორედ ამიტომ, იგი არ გაჰყვა ეტლთან მისულ სპარსელებს, რომლებიც მას დარიოსამდე მიყვანას ჰპირდებოდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ დარიოსი თავისიანებმა მოკლეს. როდესაც მისი ვაჟის მკვლელობის შესახებ სისიგამბისს აცნობეს, მან ასეთი რამ განაცხადა:

 
„მე მხოლოდ ერთი ვაჟი მყავს (იგულისხმება ალექსანდრე) და ის სპარსეთის მეფეა“

რამდენადაც ცნობილია, ძვ. წ. 324 წელს, სწორედ სისიგამბისის ინიციატივით დაქორწინდა ალექსანდრე დარიოს III-ის ქალიშვილ სტატეირა II-ზე, რომელიც მისი რიგით მეორე ცოლი გახდა. სისიგამბისი აგრეთვე დაესწრო გრანდიოზულ ბერძნულ-სპარსულ ქორწილს სუზაში, რომელიც ამავე წელს შედგა. რამდენადაც ცნობილია, ამის შემდეგ მან ითხოვა, რომ მისთვის ბერძნული ესწავლებინათ, რათა ალექსანდრესთან უკეთ შესძლებოდა კომუნიკაცია, რომელსაც საკუთარ ვაჟად თვლიდა, ის კი სანაცვლოდ ყოველთვის „დედას“ უწოდებდა.

ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. როდესაც ეს ამბავი დედოფალ სისიგამბისს შეატყობინეს, ისე განიცადა, რომ დარდისაგან სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Waldemar Heckel, Who's Who in the Age of Alexander the Great: Prosopography of Alexander's Empire, John Riley, 2008.
  • Bahadori, Ali (2017-03-04). "Achaemenid Empire, Tribal Confederations of Southwestern Persia and Seven Families". Iranian Studies. 50 (2): 173–197. ISSN 0021-0862.
  • John Maxwell O'Brien, Alexander the Great: The Invisible Enemy: A Biography, Routledge, London, 1994, p.58
  • James Hall, Dictionary of Subjects and Symbols in Art, Westview Press, Boulder, 1979, p.13.