სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1937)
საბჭოთა კავშირის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს 1937 წლის არჩევნები — სსრ კავშირის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1937 წლის 12 დეკემბერს. არჩევნები ჩატარდა სსრკ-ის ახალი 1936 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც სსრკ-ის საბჭოების ყრილობები უნდა ჩანაცვლებულიყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოთი. კენჭისყრის შედეგად საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. 1937 წლის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი იყო 1143 დეპუტატით. მათ შორის: კომუნისტი — 855, უპარტიო — 288; გენდერული შემადგენლობა: ქალი — 184, მამაკაცი — 959. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 იანვარს ქალაქ მოსკოვში.
ისტორია
რედაქტირება1937 წლის 11 ოქტომბერს სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით 1937 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა სსრ კავშრის უზენაესი საბჭოს არჩევნები.
თანახმად საბჭოების საგანგებო VIII ყრილობის დადგენილებისა და „სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 72-ე მუხლისა იმის შესახებ, რომ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დღე დაწესდეს არჩევნების ვადამდე არაუგვიანეს ორი თვისა და არასამუშაო დღეს, სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს:
- დაინიშნოს სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნები 1937 წლის 12 დეკემბრისათვის;
- სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების საარჩევნო კამპანიის დასაწყისი გამოცხადდეს 12 ოქტომბრიდან.
სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე — მ. კალინინი
სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მაგიერ — სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმის წევრი — ა. ანდრეევი.
მოსკოვი, კრემლი. 1937 წ. 11 ოქტომბერი
11 ოქტომბრის სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით დამტკიცდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — პეტრე გიორგის ძე მოსკატოვი (იმავდროულად შახტინსკის №227 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე — ოტო იულის ძე შმიდტი (იმავდროულად ყაზანის №18 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — გიორგი მაქსიმილიანის ძე მალენკოვი (იმავდროულად კლინის №28 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები:
- ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვი (იმავდროულად კრასნაია პრესნიას №11 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ალექსანდრე ივანეს ძე უგაროვი (იმავდროულად სმოლნის №38 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ლევ ზაქარიას ძე მეხლისი (იმავდროულად კუნცევოს №26 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- მიხეილ ალექსანდრეს ძე შოლოხოვი (იმავდროულად ნოვოჩერკასკის №225 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ალექსანდრე ვასილის ძე კოსარევი (იმავდროულად ორჯონიკიძის №394 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- პავლე სიდორის ძე გორშენინი (იმავდროულად უფის №19 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ტატიანა პეტრეს ასული შაპოვალოვა (იმავდროულად ბუტურლინოვის №115 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ნიკოლოზ ფილიპეს ძე კოლესნიკი (იმავდროულად ხარკოვის საქალაქო №31 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- მატრონა კუზმას ასული სიმონჟენკოვა (იმავდროულად რამენსკის №20 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- ევდოკიმე ილარიონის ძე შაპოვალოვი (იმავდროულად სლავიანსკის №71 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- დიმიტრი მათეს ძე ევტუშენკო (იმავდროულად ბელაიაცერკოვის №422 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი),
- უსმან იუსუპოვი (იმავდროულად ტაშკენტის სტალინის №528 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი).
11 ოქტომბრის სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით, სსრ კავშირის 34 და 35 მუხლებისა და „სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 21, 22, 23 და 24 მუხლების საფუძელზე დადგინდა შექმნილიყო კავშირის საბჭოს არჩევნებისათვის 569 საარჩევნო ოლქი და ეროვნებათა საბჭოს არჩევნების 574 საარჩევნო ოლქი.
14 ოქტომბერს შედგა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა. კომისიამ განიხილა და დააწესა საარჩევნო დოკუმენტთა ფორმები: თეთრი საარჩევნო ბიულეტენი კავშირის საბჭოს არჩევნებისათვის, ცისფერი ბიულეტენები — მოკავშირე რესპუბლიკეთათვის ეროვნებათა საბჭოს არჩევნებისათვის და ღია-მწვანე ბიულეტენები — ავტონომიური რესპუბლიკებიდან, ან ნაციონალური ოკრუგიდან ეროვნებათა საბჭოს არჩევნებისათვის. კომისიამ ყველა საარჩევნო უბნისათვის დააწესა საარჩევნო ყუთის ერთიანი ნიმუში — ხის ყუთი (85X50X40 სმ)[2].
16 ოქტომბერს ფორმირდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს საოლქო საარჩევნო კომისიები[3].
პირველადი არჩევნები
რედაქტირებაცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12 დეკემბერს 137,185 საარჩევნო უბანში ჩატარდა სსრ კავშირის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. სულ დეპუტატებმა კენჭი იყარეს 1143 სარჩევნო ოლქში (კავშირის საბჭოსი 569 და ეროვნებათა საბჭოსი 574).
13 დეკემბერს ღამის 12 საათისათვის ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ იყო ყველა ოლქში დამთავრებული, ხოლო საარჩევნო ოლქების ცნობების მიხედვით რეგისტრაციაში გატარებული იყო 1014 დეპუტატის არჩევა. ყველა დეპუტატი უკლებლივ კომუნსტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი იყო. არსებული ცნობების მიხედვით ქალაქ მოსკოვში 2,739,783 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,715,985 ამომრჩეველმა, ე. ი. 99.13%-მა, ხოლო მოსკოვის ოლქში 2,618,403 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,558,158 ამომრჩეველმა, ე. ი. 98%-მა. ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში არჩეული ყველა დეპუტატი იყო კომუნისტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი[4].
14 დეკემბერს ღამის 12 საათისათვის რეგისტრირებული იყო სსრ კავშირის 1143 დეპუტატის არჩევა. ყველა დეპუტატი უკლებლივ კომუნსტთა და უპარტიოთა ბლოკის კანდიდატი იყო.
1937 წელს სსრ კავშირში რეგისტრირებული იყო 93,639,475 ამომრჩეველი. საარჩევნო ოქლების ცნობით, ამომრჩეველთა ამ რაოდენობიდან მონაწილეობა მიიღო 90,319,346 კაცმა, რამაც საერთო რაოდენობის 96.5% შეადგინა. რესპუბლიკების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- რუსეთის სფსრ — 60,351,656-დან 58,257,245 (96.5%);
- უკრაინის სსრ — 17,530,751-დან 17,098,100 (97.5 %);
- ბელორუსიის სსრ — 3,007,342-დან 2,926,771 (97.3 %);
- აზერბაიჯანის სსრ — 1,648,653-დან 1,574,792 (95.5 %);
- საქართველოს სსრ — 1,940,547-დან 1,861,175 (95.9 %);
- სომხეთის სსრ — 620,220-დან 590,641 (95.2 %);
- თურქმენეთის სსრ — 652,515-დან 621,847 (95.3 %);
- უზბეკეთის სსრ — 3,548,441-დან 3,316,481 (93.5 %);
- ტაჯიკეთის სსრ — 751,798-დან 710,871 (94.6 %);
- ყაზახეთის სსრ — 2,788,147-დან 2,616,776 (93.9 %);
- ყირგიზეთის სსრ — 799,408-დან 744,647 (93.1 %).
1143 არჩეული დეპუტატიდან 855 კომუნისტი იყო და 288 უპარტიო. დეპუტატთა შორის ქალი იყო 184, კაცი — 959[5].
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 იანვარს ქალაქ მოსკოვში.
დეპუტატების გადარჩევა
რედაქტირება1940-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო, უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს გაგურძელდათ მანდატი, ხოლო დაკლებულ დეპუტატების მაგივრად პერიოდულად ტარდებოდა განმეორებითი არჩევნები.
1940 წლის 21 იანვარს[6] სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1940 წლის 24 მარტს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებში დაინიშნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიიის დასაწყისად გამოცხადდა 1940 წლის 24 იანვარი. 21 იანვრის ბრძანებულების საფუძველზე უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ების დასავლეთ ოლქებში შეიქმნა 55 საარჩევნო ოლქი (უკრაინის სსრ — 27 კავშირის საბჭო და 6 ეროვნებათა საბჭო; ბელორუსიის სსრ — 16 კავშირის საბჭო და 6 ეროვნებათა საბჭო)[7].
24 მარტს შედგა არჩევნები საკავშირო საბჭოს არჩევნების 43-სავე საარჩევნო ოლქსა და ეროვნებათა საბჭოს არჩევნების 12-სავე საარჩევნო ოლქში. არჩევნები დაიწყო დილის 6 საათზე უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ ოლქების ყველა ქალაქსა, სოფელსა და დაბაში და ყველგან 24 მარტის ნაშუადღევის 4-5 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას. 24 მარტს, ღამის 12 საათზე კენჭისყრა დამთავრდა. საოლქო საარჩევნო კომისიების წინასწარი ცნობების მიხედვით, უკრაინის სსრ-ისა და ბელორუსიის სსრ-ს დასავლეთ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 96%-მა. უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-ს დასავლეთ ოლქების ყველა საარჩევნო ოლქში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად აირჩიეს კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის კანდიდატები[8].
15 აპრილს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1940 წლის 16 ივნისს კარელია-ფინეთის სსრ-ში დაინიშნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიიის დასაწყისად გამოცხადდა 1940 წლის 16 აპრილი. 15 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე კარელია-ფინეთის სსრ-ში შეიქმნა 26 საარჩევნო ოლქი (1 კავშირის საბჭოსა და 25 ეროვნებათა საბჭოსი)[9].
16 ივნისს ჩატარდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, იმავე წლის 31 მარტს ახლადშექმნილი კარელია-ფინეთის სსრ-იდან წარმოდგენილი 26 დეპუტატისათვის (1 კავშირის და 25 ეროვნებათა საბჭოების). არჩევნები ჩატარდა 26-ვე საარჩევნო ოლქში. კენჭისყრის ჩასატარებლად შექმნილი იყო 1110 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიების მიხედვით სულ რეგისტრირებული იყო 497,043 ამომრჩეველი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 495,402 კაცმა, ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 99.67%-მა. არჩეული დეპუტატებდან ყველა კომუნისტთა და უპარტიოთა კანდიდატი იყო[10].
15 დეკემბერს ჩატარდა ადგილობრივი საბჭოს არჩევნები უკრაინის, ბელორუსიის და კარელია-ფინეთის საბჭოთა რესპუბლიკების საარჩევნო ოლქებში.
- 22 დეკემბერი, 1940 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი (5 კავშირის და 3 ეროვნებათა საბჭოების);
- 29 დეკემბერი, 1940 წელი — არჩეულ იქნა 2 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
- 05 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
- 12 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 137 დეპუტატი (35 კავშირის და 102 ეროვნებათა საბჭოების);
- 19 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 13 დეპუტატი (9 კავშირის და 4 ეროვნებათა საბჭოების);
- 26 იანვარი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 39 დეპუტატი (35 კავშირის და 4 ეროვნებათა საბჭოების);
- 09 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 1 დეპუტატი ეროვნებათა საბჭოსი;
- 16 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 13 დეპუტატი (7 კავშირის და 6 ეროვნებათა საბჭოების);
- 23 თებერვალი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 8 დეპუტატი (5 კავშირის და 3 ეროვნებათა საბჭოების);
- 02 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 27 დეპუტატი (17 კავშირის და 10 ეროვნებათა საბჭოების);
- 09 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 11 დეპუტატი (4 კავშირის და 7 ეროვნებათა საბჭოების);
- 16 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 11 დეპუტატი (10 კავშირის და 1 ეროვნებათა საბჭოების);
- 23 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 14 დეპუტატი (14 კავშირის და 6 ეროვნებათა საბჭოების);
- 30 მარტი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 6 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
- 22 ივნისი, 1941 წელი — არჩეულ იქნა 1 დეპუტატი კავშირის საბჭოსი;
- 29 აპრილი, 1945 წელი — არჩეულ იქნა 6 დეპუტატი (1 კავშირის და 5 ეროვნებათა საბჭოების).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №234 (5035), 12 ოქტომბერი, 1937
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №237 (5038), 16 ოქტომბერი, 1937
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №238 (5039), 17 ოქტომბერი, 1937
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №285 (5086), 14 დეკემბერი, 1937
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №286 (5087), 15 დეკემბერი, 1937
- ↑ Газ. «Правда», №22 (8088), 22 января, 1937
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №18 (5719), 22 იანვარი, 1940
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №71 (5772), 27 მარტი, 1940
- ↑ Газ. «Правда», №106 (8152), 16 апреля, 1940
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №141 (5842), 21 ივნისი, 1940