სპირიდონი (აბულაძე)

(გადამისამართდა გვერდიდან სპირიდონი (მეუფე))

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (ერისკაცობაში — გოჩა ოთარის ძე აბულაძე; დ. 14 ივნისი, 1950 ზესტაფონი) — სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

სპირიდონი
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სხალთის მთავარეპისკოპოსი

მეუფე სპირიდონი (აბულაძე)
პროვინცია აჭარა
ეპარქია სხალთის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 24 დეკემბერი, 2006
პირადი მონაცემები
საერო სახელი გოჩა აბულაძე
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1950 (1950-06-14) (74 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა ოთარის ძე აბულაძე, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ქ. ზესტაფონში. 1967 წელს გოჩა აბულაძემ დაამთავრა ზესტაფონის N4-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით. XX საუკუნის 80-90-იან წლებში გოჩა აბულაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმნებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები. 1990 წლის 21 სექტემბერს, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. 1990 წლის 4 დეკემბერს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს. 1991 წლის 25 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმიდა ნინოს მონასტერთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი რომლის რექტორად დაინიშნა მამა გრიგოლი. 1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა. მამა გრიგოლის ინიციატივით 1995-1998 წლებში ზესტაფონის მოსწავლეთა ბანაკში ზაფხულობით ჩამოჰყავდათ საინგილოდან 100-150 ბავშვი და ერთი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, ქრისტიანულ მრწამსს. 1997 წლის 25 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა გრიგოლმა ზესტაფონში დააარსა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. 2004 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზ გრიგოლს დაავალა ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლადშექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა. 2009/2010 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება