ძვლები (ტელესერიალი)

ძვლები (ინგლ. Bones) — ამერიკული კრიმინალური და კომედიური დრამის ჟანრის სერიალი[1], რომლის ავტორიცაა ჰარტ ჰენსონი. სერიალი ეთერში გადიოდა 2005 წლის 13 სექტემბრიდან 2017 წლის 28 მარტამდე, იგი 12 სეზონსა და 246 სერიას მოიცავს. სერიალის მთავარი გმირები არიან FBI-ის აგენტი სილი ბუთი და მისი პარტნიორი, ანთროპოლოგიის დოქტორი ტემპერანს ბრენანი, რომლებიც ერთად მუშაობენ მოკლული და გახრწნილი გვამების ჯერ ამოცნობაზე, შემდეგ კი მათი მკვლელების პოვნაზე. სერიალში მონაწილეობენ: ემილი დეშანელი, დევიდ ბორეანაზი, მიქაელა კონლინი, ტამარა ტეილორი და სხვა ცნობილი მსახიობები.

ძვლები
ჟანრი კრიმინალური დრამა
კომედიური დრამა
ავტორი ჰარტ ჰენსონი
მონაწილეობენ ემილი დეშანელი
დევიდ ბორეანაზი
მიქაელა კონლინი
თიჯეი თაინი
ერიკ მილეგანი
ჯონათან ადამსი
ტამარა ტეილორი
ჯონ ფრენსის დეილი
ჯონ ბოიდი
კომპოზიტორ(ებ)ი პიტერ ჰიმელმანი
სენ კალერი
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 12
სერია 246
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი კეით რეიჩსი
ემილი დეშანელი
დევიდ ბორეანაზი
ჯენა ჰონგი
ხანგრძლივობა 43 წუთი
ეთერში 13 სექტემბერი, 2005 — 28 მარტი, 2017
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მიმოხილვა რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალის მთავარი გმირია FBI-ის სპეცაგენტი სილი ბუთი და მისი პარტნიორი, ანთროპოლოგიის დოქტორი ტემპერანს ბრენანი, თავისი გუნდის წევრებითურთ. ბრენანი არის ჯეფერსონის ინსტიტუტის სამეცნიერო-იურიდიული ლაბორატორიის უფროსი და გუნდის ხელმძღვანელიც, რომელიც თანამშრომლობს FBI-სთან. სერიალის ვითარება ვაშინგტონში ხდება, თუმცა ხანდახან შტატის გარეთაც უწევთ ხოლმე გასვლა და მუშაობა. მათი მთავარი საქმეა ადამიანის გახრწნილი გვამით მისი ვინაობის დადგენა, მკვლელობის შემთხვევაში კი ცხედარზე არსებული ნაწილაკებით დამნაშავემდე მისვლა და მისი დაკავება.

დოქტორი ბრენანი თავის გუნდთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია მხატვარ და სახეების რეკონსტრუქტორ ენჯელა მონტენეგროსა და ასევე ნაწილაკების ექსპერტ ჯეკ ჰოჯინსისაგან, უზრუნველყოფს სხეულზე ჩასატარებელ სამეცნიერო ექსპერტიზას, აგენტი ბუთი კი სასამართლოსა და საგამოძიებო მსვლელობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამ საქმიანი და დეტექტიური ურთიერთობისა, პერსონაჟებს შორის პარალელურად ვითარდება უფრო ახლო და ზოგჯერ ინტიმური ურთიერთობებიც. ბუთი და ბრენანი თანდათან ახლოვდებიან და ერთმანეთი უყვარდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მაგალითად: ბუთი მორწმუნე კათოლიკეა, ბრენანი კი ათეისტი, რომელიც ხშირად აქილიკებს მას მისი რწმენის გამო. მათ ურთიერთობას მძიმე კომედიური ელფერი აქვს, რაც გახრწნილ გვამებთან მუშაობის გამო მაყურებლებში გამოწვეული უსიამოვნო გრძნობების განეიტრალებას ემსახურება.

სერიალში ასევე დიდი ადგილი უკავიათ ენჯელა მონტენეგროსა და ჯეკ ჰოჯინსს, რომლებიც, მსგავსად ბრენანისა და ბუთისა, საბოლოოდ ქორწინდებიან. ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირია დოქტორი კამილ საროიანი, პათოლოგ-ანატომი, რომელიც შემდეგში გუნდის უფროსად გვევლინება. აღსანიშნავია სტაჟიორების მბრუნავი ჯგუფიც, მთელი სერიალის განმავლობაში ბრენანს ჰყავს სტაჟიორების ჯგუფი, თითოეულ სერიაში კი მხოლოდ თითოეული მათგანი ფიგურირებს, ხოლო როდესაც ერთი წრე დასრულდება, მათი გამოჩენა თავიდან იწყება.

პერსონაჟები და მსახიობები რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტემპერანს ბრენანი რედაქტირება

დოქტორი ტემპერანს ბრენანი (ინგლ. Dr. Temperance Brenann), დაბადების სახელია ჯოი კინანი (ინგლ. Joy Keenan), მის როლს ასრულებს მსახიობი ემილი დეშანელი. იგი წარმოადგენს საკუთარ პროფესიასა და სამსახურზე შეყვარებულ ადამიანს, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია და შეიძლება ითქვას, რომ მუშაობაზე დამოკიდებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ შვებულებებზე არა დასასვენებლად, არამედ სხვა ქვეყანაში მიდის მოხალისედ, იგი თაფლობის თვეშიც კი ახერხებს საქმის გამოძებნასა და მკვლელობის გახსნას. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლო და აღმასრულებელ უწყებებთან თანამშრომლობს და მათთვისვე მუშაობს, ტემპერანსის ოჯახს კრიმინალური წარსული აქვს. მამამისი ცნობილი დამნაშავეა, დედამისი კი მის გამო მოკლეს, თავად ტემპერანსი შემდეგში ძმამაც მიატოვა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში გაიზარდა, თუმცა მათი ოჯახი საბოლოოდ კვლავ ახერხებს გაერთიანებას. მას საკმაოდ მაღალი IQ და შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს, ამასთან, იგი ათეისტია და უარყოფს ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, როგორებიცაა შობა და აღდგომა. მიუხედავად ამისა, იგი ახერხებს მორწმუნე სილი ბუთთან კარგი ურთიერთობის აწყობას, მეშვიდე სეზონში კი მისგან ბავშვსაც აჩენს, სახელად კრისტინას.

სილი ბუთი რედაქტირება

სილი ჯოზეფ ბუთი (ინგლ. Seeley Joseph Booth)[2], მის როლს ასრულებს მსახიობი დევიდ ბორეანაზი. ბუთი არის FBI-ის სპეც-აგენტი, ყოფილი სნაიპერი და ავღანეთის ომის გმირი, როგორც შემდეგში ირკვევა, აბრაამ ლინკოლნის მკვლელის შთამომავალი. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და აქტიურად თანამშრომლობს ბრენანსა და მისი გუნდის წევრებთან. ჰყავს ერთი ვაჟი, პარკერი, თუმცა დედამისზე დაქორწინებული არ ყოფილა. იგი მორწმუნე კათოლიკეა, ამის გამო კი განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, რის გამოც ხშირად კამათობს თავის პარტნიორსა და შემდეგში მეუღლესთან, ტემპერანს ბრენანთან. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმიც, რაც მოგვიანებით თავს იჩენს და ხდება ტემპერანსისა და მისი დაშორების მიზეზი, თუმცა იგი დამოკიდებულებას ამარცხებს და ცოლს კვლავ ურიგდება. მოგვიანებით მას ბრენანთან შეეძინება გოგონა, სახელად კრისტინა.

ენჯელა მონტენეგრო რედაქტირება

ენჯელა პერლი-გეიტს მონტენეგრო-ჰოჯინსი[3] (ინგლ. Angela Pearly-Gates Montenegro-Hodgins), დაბადების სახელია პუკი ნუდლინ პერლი-გეიტს გიბონსი[4] (ინგლ. Pookie Noodlin Pearly-Gates Gibbons), მის როლს მსახიობი მიქაელა კონლინი ასრულებს. პროფესიით მხატვარია, ოცნებობს ბედნიერ ქორწინებასა და პარიზში მხატვრად მუშაობაზე, თუმცა იძულებულია თავის მეგობართან, ტემპერანსთან იმუშაოს ჯეფერსონის ინსტიტუტში. სერიალში ენჯელას მთავარი საქმეა გარდაცვლილი ადამიანის თავის ქალისაგან მისი სახის მიახლოებული მოდელის შექმნა, ასევე დამნაშავეების ფოტორობოტებისა და მკვლელობის სცენების გრაფიკულად წარმოჩენა. მუშაობის პროცესში ენჯელას თავისი თანამშრომელი ჯეკ ჰოჯინსი უყვარდება, თუმცა მასზე ქორწინების წინ აღმოჩნდება, რომ ენჯელა უკვე დაქორწინებულია, თუმცა მას თავისი ქმრის ვინაობა არ ახსოვს, რომ განქორწინდეს. როგორც აღმოჩნდა, ფიჯიზე ყოფნისას იგი ხუმრობით დაქორწინდა, თუმცა ამ ქორწინებას იურიდიული ძალა ჰქონდა. საბოლოოდ იგი ახერხებს პირველი ქმრის სახელის გახსენებას, მასთან განქორწინებასა და ჯეკზე ქორწინებას, რის შემდეგაც იგი ორ ბავშვს აჩენს.

ჯეკ ჰოჯინსი რედაქტირება

დოქტორი ჯეკ ჰოჯინსი (ინგლ. Dr. Jack Hodgins), სრული სახელია ჯონათან სტენლი ჰოჯინს IV[5] (ინგლ. Jonathan Stanley Hodgins IV), მის როლს მსახიობი თიჯეი თაინი ასრულებს. იგი არის მინერალების, ნაწილაკების, სპორებისა და მწერების ექსპერტი, ასევე ენტომოლოგიის დოქტორი. ვინაიდან მისი აღმოჩენები ხშირად გადამწვეტ როლს ასრულებენ საქმის გახსნასა და მკვლელობის ადგილისა და დროის დადგენაში, იგი თავს „ლაბორატორიის მეფეს“ უწოდებს. როგორც შემდეგში ირკვევა, იგი საკმაოდ მდიდარი ამერიკული ოჯახის ერთადერთი მემკვიდრეა, რასაც იგი საგულდაგულოდ მალავს, რადგან სურს ლაბორატორიაში მშვიდად მუშაობა შეეძლოს. მისი ჰობი შეთქმულების თეორიის შესწავლაა, ასევე სჯერა უცხოპლანეტელების, მეკობრეთა დამარხული განძისა და სხვა გამოგონილი ამბების. მოგვიანებით იგი თავის თანამშრომელ ენჯელაზე ქორწინდება და მასთან შვილებიც ეყოლება, თუმცა საბოლოოდ ჰოჯინსი ინვალიდდება, რის გამოც მისი და ენჯელას ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა შერიგებას ახერხებენ.

კამილ საროიანი რედაქტირება

დოქტორი კამილ საროიანი (ინგლ. Dr. Camille Saroyan), მის როლს მსახიობი ტამარა ტეილორი ასრულებს. ჯეფერსონის ინსტიტუტში მან დოქტორი გუდმანი ჩაანაცვლა, როგორც გუნდის უფროსი, რასაც თავიდან დოქტორი ბრენანი ცუდად შეეგუა, თუმცა საბოლოოდ ის და კამილი დამეგობრდნენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში მას ბუთთანაც ჰქონდა ურთიერთობა. პროფესიით იგი პათოლოგ-ანატომია. იგი სერიალში არ ქორწინდება, თუმცა როდესაც გაიგებს, რომ თავისი ყოფილი პარტნიორი მოკლეს, იგი მის ობლად დარჩენილ გოგონას, 16 წლის მიშელს იშვილებს და საკუთარი შვილივით ზრდის.

ლენს სუიტსი რედაქტირება

დოქტორი ლენს სუიტსი (ინგლ. Dr. Lance Sweets), მის როლს მსახიობი ფრენსის დეილი ასრულებს. იგი FBI-ის საკმაოდ ახალგაზრდა ფსიქოლოგია, რომელიც თავიდან მხოლოდ ბრენანისა და ბუთის ურთიერთობის გამოსწორებაზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ ჯეფერსონში აიყვანეს დამნაშავეთა ფსიქოპორტრეტების შესაქმნელად. მას რომანი აქვს ტემპერანსის სტაჟიორ დეიზი უიკთან, რომელიც, როდესაც ლენსს კლავენ, მისგან ორსულად რჩება და ბავშვს აჩენს.

სეზონები და ეპიზოდები რედაქტირება

სეზონი ეპიზოდები პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
1 22 13 სექტემბერი, 2005 17 მაისი, 2006
2 21 30 აგვისტო, 2006 16 მაისი, 2007
3 15 25 სექტემბერი, 2007 19 მაისი, 2008
4 26 3 სექტემბერი, 2008 14 მაისი, 2009
5 22 17 სექტემბერი, 2009 20 მაისი, 2010
6 23 23 სექტემბერი, 2010 19 მაისი, 2011
7 13 3 ნოემბერი, 2011 14 მაისი, 2012
8 24 17 სექტემბერი, 2012 29 აპრილი, 2013
9 24 16 სექტემბერი, 2013 19 მაისი, 2014
10 22 25 სექტემბერი, 2014 11 ივნისი, 2015
11 22 1 ოქტომბერი, 2015 21 ივლისი, 2016
12 12 3 იანვარი, 2017 28 მარტი, 2017

სქოლიო რედაქტირება

  1. "Bones". Zap2it. Chicago: Tribune Media. Archived from the original on July 11, 2016. Retrieved July 8, 2016.
  2. "Harbingers In The Fountain". Bones. Season 5. Episode 1. September 17, 2009. Fox.
  3. "Stargazer In A Puddle". Bones. Season 2. Episode 21. May 16, 2007. Fox.
  4. "The Life in the Light". Bones. Season 10. Episode 21. June 4, 2015. Fox.
  5. "The Witch in the Wardrobe". Bones. Season 5. Episode 20. May 13, 2010. Fox.