სესილ ანტონიო „ტონი“ რიჩარდსონი (ინგლ. Cecil Antonio "Tony" Richardson; ცნობილი, როგორც ტონი რიჩარდსონი; დ. 5 ივნისი, 1928, შიპლი, ინგლისი — გ. 14 ნოემბერი, 1991, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ინგლისელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, რომლის ექსპერიმენტატორულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო 1950-იანების ინგლისის თეატრის განვითარებას. აგრეთვე ცნობილია თავისი კინო-ადაპტაციებისთვის. მოგებული აქვს ორი ოსკარი რეჟისორისა და პროდუსერის როლში, ფილმისთვის „ტომ ჯოუნსი“ (1963).

ტონი რიჩარდსონი
ფაილი:Tony richardson.jpg

დაიბადასესილ ანტონიო რიჩარდსონი
5 ივნისი, 1928
შიპლი, ინგლისი
გარდაიცვალა14 ნოემბერი, 1991 (63 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნებაინგლისელი
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი
მეუღლე ვანესა რედგრეივი (დაქორწინება - 1962; განქორწინება - 1967)

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

რიჩარდსონი 1928 წლის 5 ივნისს შიპლიში, იორკშირში (ინგლისი) დაიბადა. იგი ესლი ევანსისა და კლერენს ალბერტ რიჩარდსონის შვილია.

რიჩარდსონი უედჰემის კოლეჯში, ოქსფორდში სწავლობდა.

კარიერა რედაქტირება

1953 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ, სადაც ის დრამის წრის აქტიური წევრი იყო, რიჩარდსონმა BBC-ში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. [1]

რიჩარდსონი „ბრიტანული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი წევრი იყო. მან დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანული თეატრის ჩამოყალიბებაში. რიჩარდსონმა ჯონ ოსბორნის პიესა, „მიიხედე უკან განრისხებულმა“ , ნიუ-ჩელსის თეატრში დადგა.

1959 წელს, დრამატურგ ჯონ ოსბორნთან და პროდუსერ ჰარი სალცმანთან ერთად, რიჩარდსონმა Woodfall Film Productions დააარსა. კომპანიის დებიუტი 1959 წელს ტონი რიჩარდსონის მიერ გადაღებული ფილმით შედგა, სახელწოდებით, „მიიხედე უკან განრისხებულმა“, რომელიც ჯონ ოსბორნის პიესაზეა დაფუძნებული. იგი რიჩარდსონის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

რიჩარსდონმა სიკვდილამდე დადგა 36 სპექტაკლი, გადაიღო 20 ფილმი და 44 სატელევიზიო დრამა.

რიჩარდსონის ფილმებში ხშირად ჩნდება კრიტიკა ბრიტანული კლასობრივი სისტემისა და ამერიკული კაპიტალიზმის მიმართ.[2] მისი თითქმის ყველა ფილმი სხვადასხვა ჟანრისაა, რაც რეჟისორის ექსპერიმენტატორულ ბუნებაზე მიუთითებს.[2]

რიჩარდსონის ადრეულ ფილმებს ხშირად ახასიათებენ, როგორც 1950-იანების ბრიტანული მეინსტრიმული კინოს წინააღმდეგ შექმნილ ნამუშევრებს. ბრიტანული მეინსტრიმი შემოსაზღვრული იყო მხოლოდ კლასიკით, ან მდიდარი ფენით. მუშათა კლასი მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟებად ჩნდებოდა. რიჩარდსონი ამის წინააღმდეგი იყო.

„მე უბრალოდ მიყვარს ფილმების გადაღება“ - უთხრა რიჩარდსონმა ნიუ-იორკ თაიმსს 1982 წლის ინტერვიუში, - „მიყვარს გადაღებებზე ცხოვრება. ერთხელ, თვითმფრინავში ალფრედ ჰიჩკოკის გვერდით ვიჯექი და მან მითხრა, რომ რადგან თავიდანვე ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, მისთვის ფილმის გადაღება რაღაც ანტიკლიმაქსის მსგავსი იყო.“

 
კედელზე დაკიდული ფირფიტა რიჩარდსონის სახლ-მუზეუმში

მაგრამ რიჩარდსონს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:

„შეიძლება, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდანვე დავგეგმო. მჭირდება, რომ იქ ვიყო, გადასაღებ მოედანზე, მსახიობებს ველაპარაკო. ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღებისას.“[3]

რიჩარდსონს ბევრ ცნობილ მსახიობთან უმუშავია, როგორებიც არიან ჟანა მორო, ორსონ უელსი, რობ ლოვი, მილტონ ბერლი, ტრევორ ჰოვარდი, დევიდ ჰემინგსი, ნიკოლ უილიამსონი, ტომ კორტნი, მერიენ ფეიტფული, ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინსი, კატრინ ჰეპბერნი და სხვ.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რიჩარდსონი 1962 წლიდან 1967 წლამდე ინგლისელ მსახიობ ვანესა რედგრეივზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი ქალიშვილი, ნატაშა და ჯოელი შეეძინათ.

გარდაცვალება რედაქტირება

ტონი რიჩარდსონი ბისექსუალი იყო. იგი 1991 წელს აივ ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.[4]

ფილმოგრაფია რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1959 „მიიხედე უკან განრისხებულმა“ Look Back in Anger რეჟისორი
1960 „კომიკოსი“ The Entertainer რეჟისორი
1960 „თავშესაფარი“ Sanctuary რეჟისორი
1961 „თაფლის გემო“ A Taste of Honey რეჟისორი
1962 „მორბენალის სიმარტოვე“ The Loneliness of the Long Distance Runner რეჟისორი
1963 „ტომ ჯოუნსი“ Tom Jones რეჟისორი
1965 „ის, ვინც მიყვარს“ The Loved One რეჟისორი
1966 „მადმუაზელი“ Mademoiselle რეჟისორი, სცენარისტი
1967 „წითელი და ლურჯი“ Red and Blue რეჟისორი
1967 „მეზღვაური გიბრალტარიდან“ The Sailor from Gibraltar რეჟისორი
1968 „მსუბუქი ბრიგადის თავდასხმა“ The Charge of the Light Brigade რეჟისორი
1969 „სიცილი ბნელში“ Laughter in the Dark რეჟისორი
1969 „ჰამლეტი“ Hamlet რეჟისორი
1970 „ნედ კელი“ Ned Kelly რეჟისორი
1973 „დელიკატური ბალანსი“ A Delicate Balance რეჟისორი
1974 „მკვდარი მოწმე“ Dead Cert რეჟისორი
1977 „ჯოზეფ ენდრიუსი“ Joseph Andrews რეჟისორი
1978 „სიკვდილი ქანაანში“ A Death in Canaan რეჟისორი
1982 „საზღვარი“ The Border რეჟისორი
1984 „სასტუმრო ნიუ-ჰემპშირი“ The Hotel New Hampshire რეჟისორი
1988 „ბერილ მერკემი: ჩრდილი მზეზე“ Beryl Markham: A Shadow on the Sun რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება