გრიგოლ ბაგრატიონი

ტერმინს „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.

გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი (დ. 24 იანვარი, 1789 — გ. 21 სექტემბერი, 1830) — ქართველი მწერალი, მწიგნობარი. იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე, გიორგი XII-ის შვილიშვილი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი.

გრიგოლ ბატონიშვილი

მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფედ ითვლებოდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე, როდესაც თავად ზაზა ანდრონიკაშვილის შეგონებით რუსებს დანებდა.[1] გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა და მონაწილეობდა 1813 წლის კამპანიაში ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე. თადარიგში გასვლის (პოდპოლკოვნიკის წოდებით) შემდეგ ბაგრატიონი პეტერბურგში ცხოვრობდა და ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა.

გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 შეადგინა „ანთოლოგია“, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.

ცოლად ჰყავდა ბარბარე თედორეს ასული ბუკრინსკაია (დ. 1810 — გ. 1876), რუსი მოხელის საქართველოში დაბადებული ქალიშვილი. ჰყავდა რამდენიმე შვილი, მ. შ. ივანე გრუზინსკი, შემდგომში ქართული სიძველეების კოლექციონიერი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახათაძე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII-XIX საუკუნეებში, თბ., 1967.
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 130.
  • ჯავახიშვილი ნ., გრიგოლ I – უკანასკნელი ქართველი მეფე, თბ., 2008.

სქოლიო რედაქტირება

  1. ნიკო ჯავახიშვილი, კახეთის 1812 წლის გმირული ეპოპეა თანამედროვეთა თვალით, ჟურნალი ისტორიანი, N 3, 2012 წ. მარტი.