სოფრონი I (იერუსალიმის პატრიარქი)

წმინდა სოფრონი I იერუსალიმელი იერუსალიმის პატრიარქი (634-638); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 მარტი, ახალი სტილით - 24 მარტი.

წმინდა სოფრონი

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმინდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმინდა პატრიარქმა იოანე მოწყალემ (ხს. 25 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმინდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმინდა სოფრონმა აღწერა წმინდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.

როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმინდა პატრიარქი იოანე წმინდა იოანე მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმინდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა 622 წელს. მისი ცხედარი წმინდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმინდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.

628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-632). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმინდა მოდესტოსი (632-634), (ხს. ძვ.სტ.18 დეკემბერს), მოდესტოსის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლოს წმინდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.

ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურგიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 248–249
წინამორბედი:
მოდესტოსი
იერუსალიმის პატრიარქი
634 - 638
შემდეგი:
ანასტასი II