სოფიო ამირაჯიბი
სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარია არღუთაშვილი-მხარგრძელი)[1] (დ. 14 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1847, თბილისი — გ. 27 ივნისი [ ძვ. სტ. 14 ივნისი], 1906, მოსკოვი) — ქართველი მთარგმნელი და ქველმოქმედი.[1] კონსტანტინე ამირაჯიბის დედა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა წარჩინებული თბილისელი სომხის, ვასილ არღუთინსკის (არღუთაშვილი) ოჯახში. პირველდაწყებით განათლება შინ მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისში ფავრის პანსიონში. დამოუკიდებლად შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები. სოფიო ადრე გათხოვდა გენერალ მიხეილ ამირაჯიბზე. ჰყავდა სამი შვილი: ანასტასია, ბარბარე და კონსტანტინე. რუსულად თარგმნა გრიგოლ, ვახტანგ და ნინო ორბელიანის, მ. თუმანიშვილის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შ. არაგვისპირელის, განდეგილის, ი. ევდოშვილის, დუტუ მეგრელის, მ. გურიელის, ია ეკალაძისა, ე. მიქელაძის და ლ. ციციშვილის ნაწარმოებები. ამირაჯიბის თარგმანები იბეჭდებოდა თბილისის იმდროინდელ რუსულ პრესაში („კავკაზსკი ვესტნიკი“, „არგონავტი“, „ნოვოე ობოზრენიე“, „ტიფლისსკი ლისტოკი“), ცალკე წიგნად კი სათაურით „ქართველი პოეტების ლექსთა კრებული“ გამოიცა მოსკოვში 1909 წელს.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფიო ამირაჯიბმა მოსკოვში გაატარა. მის სახლში არბატზე ხშირად იყრიდნენ თავს ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. მათ შორის, პეტრე ჩაიკოვსკის ძმა მოდესტი, რუსული თეატრის მშვენება მარია ერმოლოვა, ანასტასია ამირაჯიბის პედაგოგი ხატვაში ვალენტინ სეროვი და სხვები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 397-398.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 58, თბ., 1994
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 113.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 113.