სორაია თარზი (არაბ. ثريا طرزي), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი სორაია (პუშტუ ملکه ثريا; დ. 24 ნოემბერი, 1899, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 20 აპრილი, 1968, რომი, იტალიის რესპუბლიკა) — სირიაში მცხოვრები ავღანი დიპლომატის ქალიშვილი. პუშტუნთა ეთნოსისა და ბარაქზაის დინასტიის წარმომადგენელი. ავღანეთის ისტორიაში პირველი დედოფალი 1926-1929 წლებში როგორც მეფე ამანულა ხანის მეუღლე.

სორაია თარზი

დედოფალი სორაია 1928 წელს
ავღანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1926
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1929
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: მაჰ ფერვარ ბეგუმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1899
დაბ. ადგილი: დამასკო, ოსმალეთი
გარდ. თარიღი: 20 აპრილი, 1968, (68 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
დაკრძ. ადგილი: ჯალალაბადი, ავღანეთი
მეუღლე: ამანულა ხანი
(ქ. 1913 - გარდ. 1960)
შვილები: ათი შვილი
დინასტია: ბარაქზაი
მამა: სარდარ მაჰმუდ ბეგ თარზი
დედა: ესმა რასმია ხანუმი
რელიგია: ისლამი

ადრეული წლები რედაქტირება

სორაია დაიბადა 1899 წლის 24 ნოემბერს დამასკოში, ოსმალეთის იმპერიაში. იგი იყო ავღანი პოლიტიკოსის, სარდარ მაჰმუდ ბეგ თარზისა და მისი მეორე ცოლის, ესმა რასმია ხანუმის ქალიშვილი. იგი სირიაში აღიზარდა, სადაც მიიღო განათლება და შეიძინა ევროპული ღირებულებები. ამან დიდი გავლენა იქონია მის რწმენასა და მომავალ ქმედებებზე.

1901 წლის ოქტომბერში ავღანეთის მეფე გახდა ჰაბიბულა ხანი, რომელმაც ავღანეთიდან დევნილი მრავალი ოჯახი, მათ შორის თარზებიც დააბრუნა სამშობლოში. ახალი შაჰი და თარზების საგვარეულო ხელს უწყობდა ჩამორჩენილი ავღანეთის მოდერნიზაციას. ავღანეთში ჩასვლიდან მალევე სორაია თავის ქმარს, კრონპრინცს შეხვდა, რომელთაც მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი.

ავღანეთის დედოფალი რედაქტირება

 
სორაიას მეუღლე, მეფე ამანულა ხანი

ავღანეთში დაბრუნებულმა თარზების ოჯახმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი სამეფო კარზე. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა სორაია მეფე ჰაბიბულას უფროს ვაჟს, პრინც ამანულას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნათესავები იყვნენ, სორაიას პრინცი მალევე შეუყვარდა მისი ლიბერალური შეხედულებებისა და დასავლური აზროვნების გამო. 1913 წლის 30 აგვისტოს, ქაბულის ქავმ-ი-ბაღის სასახლეში შედგა სორაიასა და პრინც ამანულას ქორწილი. სორაია მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ერთადერთი ცოლი იყო, რითაც საუკუნოვანი ტრადიცია დაირღვა, რის მიხედვითაც მუსულმან მონარქს რამდენიმე ცოლი უნდა ჰყოლოდა. სულ მალე სორაია ავღანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა.

1919 წელს ამანულა კრონპრინცი, ხოლო 1926 წელს ავღანეთის მეფე გახდა, რითაც სორაია ავღანეთის პირველ დედოფლად გვევლინება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის მოდერნიზაციის საკითხში. სორაია თავის ქმარს ყველა მნიშვნელოვან მიღებაზე და ღონისძიებაზე დაჰყვებოდა, რა დროსაც მეფემ ერთხელ ასეთი რამ განაცხადა: „მე ვარ თქვენი მეფე, მაგრამ განათლების მინისტრი ჩემი ცოლი და თქვენი დედოფალია.“ სრულიად მუსულმანურ სამყაროში დედოფალი სორაია იყო პირველი ქალი, რომელსაც ჰქონდა კონსორტის წოდება და მოვალეობები. იგი მამაკაცებთან ერთად დადიოდა სანადიროდ და ჯირითობდა ცხენით. დედოფალი სორაია ავღანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში პირადად მსახურობდა მედდად და დაჭრილ ჯარისკაცებს კურნავდა. დედოფალი ჯარისკაცებს ხშირად ესაუბრებოდა და ცდილობდა მათი კომფორტის გაუმჯობესებას. იმავდროულად, იგი მეფეს თან ახლდა ზოგიერთ აჯანყებულ პროვინციაში ვიზიტისას, რაც მეტად სახიფათო იყო მისთვის.

1928 წელს დედოფალმა სორაიამ ოქსფორდის უნივერსიტეტისგან საპატიო წოდება მიიღო. როგორც ავღანეთის დედოფალი იგი არა მხოლოდ თავის წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს ასრულებდა, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალიც იყო.

მეფე ამანულა ხანის მიერ გატარებული ლიბერალური რეფორმების გამო, ავღანეთის მკაცრი რელიგიური სექტები ძალადობაზე გადავიდნენ. სამოქალაქო ომის პირობებში, 1929 წლის 14 იანვარს ამანულა ხანი ტახტიდან გადადგა და უსაფრთხოების მიზნით ცოლ-შვილთან ერთად დატოვა ქვეყანა. მეფე-დედოფალი პირველად ბრიტანულ ინდოეთში ჩავიდა. ადგილობრივები მათ საოცარი ოვაციებით შეხვდნენ.

ქალთა უფლებები რედაქტირება

 
დედოფალი სორაია და მეფე ამანულა ბერლინში ვიზიტისას

ამანულა ხანის მიერ გამოცემული ავღანეთის კონსტიტუცია მიზნად ისახავდა მთავრობის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რელიგიის კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას. ამ კონსტიტუციის შედგენისას დიდი გავლენა იქონია დედოფალმა სორაიამ, რომლის გავლენითაც უნდა დაწესებულიყო მონოგამიური ქორწინებები და ქალებს გარკვეული უფლებებიც მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ დედოფალ სორაიას უმცროსი და სწორედ ამ პერიოდში დაქორწინდა ამანულა ხანის უმცროს ძმაზე, რის გამოც გასაკვირი არაა, რომ თარზების გავლენა დიდი იყო სამეფო ხელისუფლებაზე.

დედოფალმა სორაიამ სრულიად ღიად გაილაშქრა პოლიგამიური ქორწინების წინააღმდეგ და იბრძოდა იმისათვის, რომ ავღანეთში გოგონებს განათლების მიღების უფლება ჰქონოდათ. ამანულამ სრულიად საჯაროდ განაცხადა, რომ „ისლამი არ სთხოვს ქალებს საკუთარი სხეულები დაიფარონ უბრალო ძაფის ნაგლეჯებით.“, რითაც მან ტრადიციული მუსლიმური სამოსის ტარების იდეაც გააპროტესტა. ამის დემონსტრაცია იყო თავად დედოფალი სორაიაც, რომელიც ყოველთვის არასდროს ფარავდა თმას და შედარებით თამამი ევროპული კაბებით ჩნდებოდა ხოლმე.

დედოფალ სორაიას ხელშეწყობით ქაბულში გაიხსნა პირველი ქალთა სასწავლებელი, სადაც გოგონებს განათლების მიღების საშუალება ჰქონდათ. 1928 წელს მან 15 ახალგაზრდა ქალი გააგზავნა თურქეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. სორაია საოცარი შემართებით იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის და ავღანელ ქალებს მოუწოდებდა, რომ უფრო აქტიურად ჩაბმულიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობაში.

1927-1928 წლებში ავღანეთის მეფე-დედოფალი რამდენჯერმე ეწვია ევროპას. ეს იყო ეპოქა, როდესაც მუსლიმური ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ირანი, ეგვიპტე და ავღანეთი მოდერნიზაციის გზაზე იყვნენ, თუმცა მხოლოდ თურქეთი გადაურჩა ისლამურ რევოლუციასა და შუა საუკუნეებში დაბრუნებას. კონსერვატორი ავღანი მუსულმანები არ ეთანხმებოდნენ ცვლილებებს და მას ნაადრევად მიიჩნევდნენ. ისინი დედოფლის ქმედებებს „ავღანური კულტურის, ერისა და ქალის ღალატს“ უწოდებდნენ. ამას ემატებოდა ბრიტანელთა წაქეზებაც, რომელსაც ავღანეთის დასუსტება და მიერთება სურდა. ბრიტანელებს პირადადაც არ ჰქონდათ სორაიას ოჯახთან კარგი ურთიერთობა, რის გამოც ყველანაირად ცდილობდნენ მათ ქვეყანაში სიტუაციის არევას.

უკანასკნელი წლები რედაქტირება

 
სორაიასა და ამანულას აკლდამა ჯალალაბადში

1929 წელს მეფე ამანულა ტახტიდან გადადგა და ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად ისინი ინდოეთში ჩავიდნენ, საიდანაც გერმანიაში გადავიდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებულები გახდნენ შვეიცარიაში გადასულიყვნენ. 1960 წელს ამანულა ციურიხში, შვეიცარიაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ სორაიას შესძულდა ეს ქვეყანა და იტალიაში გადავიდა, სადაც რომში მდიდრულად ცხოვრობდა. იგი სწორედ აქ, 1968 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა 68 წლის ასაკში.

დედოფლის ცხედარი იტალიის საჰაერო სამხედრო პირებმა გადაასვენეს ავღანეთში, სადაც იგი ჯალალაბადში, მისი ქმრის გვერდით დაკრძალეს. ისინი დაკრძალულნი არიან ბაღ-ეირ-ამირ-შაჰედის მავზოლეუმში, რომელიც მათი საგვარეულო აკლდამაცაა და ძირითადად თეთრი მარმარილოთია ნაგები.

მათმა ნაბოლარა ქალიშვილმა, პრინცესა ნადიამ განაგრძო დედის დაწყებული საქმე და 2000 წელს ეწვია ავღანეთს, სადაც არაერთი საქველმოქმედო და ფემინისტური ღონისძიება ჩაატარა. იგი ასევე არის ავღანეთის საპატიო კულტურული ელჩი ევროსაბჭოსა და ინდოეთში.

შვილები რედაქტირება

დედოფალ სორაიასა და ამანულა ხანს სულ ათი შვილი ჰყავდათ:

  1. პრინცესა ემინე შაჰი;
  2. პრინცესა ებედეჰ ბიბი;
  3. პრინცესა მელიჰა;
  4. კრონპრინცი რაჰმათულაჰი;
  5. პრინცი საიფულაჰი;
  6. პრინცი ჰიმაიათულაჰი;
  7. პრინცესა ადელა;
  8. პრინცი იჰსანულაჰი;
  9. პრინცესა ინდია;
  10. პრინცესა ნაგია;

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Extended Definition: Soraya". Webster's Online Dictionary. Webster's Dictionary. Archived from the original on 2013-04-16.
  • Runion, Meredith (October 30, 2007). The History of Afghanistan. 139: Greenwood Publishing Group. p. 155. ISBN 9780313337987.
  • Halidziai, K. "The Queen Soraya of Afghanistan". AFGHANISTAN OLD PHOTOS. Archived from the original on 2007-07-12.
  • Royal Ark
  • A History of Women in Afghanistan: Lessons Learnt for the Future Archived May 18, 2011, at the Wayback Machine
  • Ahmed-Ghosh, Huma (May 2003). "A History of Women in Afghanistan: Lessons Learnt for the Future or Yesterdays and Tomorrow: Women in Afghanistan". Journal of International Women's Studies. 4 (3): 14. Retrieved 30 June 2016.[permanent dead link]
  • "When Afghanistan was in Vogue". Wadsam -Afghan Business News Portal. Archived from the original on 2016-08-22.
  • Shalizi, Hamid. "Afghan king's shrine neglected as city modernizes". Reuter. Retrieved 1 July 2016.
  • Garzilli, Enrica; Asiatica Association (December 3, 2010). "Afghanistan, Issues at stake and Viable Solutions: An Interview with H.R.H. Princess India of Afghanistan". Journal of South Asia Women Studies. 12 (1). Retrieved 1 July 2016.
  • "Afghan-American Women Association honor Princess India D'Afghanistan" (PDF). Afghan-American Women Association. September 2011. Retrieved 22 November 2013.