სიჩუმე (ინგლ. The Silence) — ფიქციური „რელიგიური ორდენი ან მოძრაობა“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანულ სატელევიზიო პროგრამაში Doctor Who. მისი წევრები არიან უცხოპლანეტური ფიზიკური მახასიათებლების მქონე ჰუმანოიდები.[1] პერსონაჟების შემქმნელია აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ მოფატი, მისი განზრახვა იყო, ისინი ყოფილიყვნენ წინა ბოროტმოქმედებზე უფრო საშიშები.[2] მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა „სიჩუმე ჩამოვარდება" ნახსენებია 2010 წლის სერიებში, პერსონაჟები მხოლოდ 2011 წელს, მე-6 სეზონში გამოჩნდნენ სერიაში „შეუძლებელი კოსმონავტი". მათი წარმოშობა ახსნილია 2013 წლის სპეციალურ სერიაში „დოქტორის დრო".[3]

სიჩუმე
კლასიფიცირება ჰუმანოიდური უცხოპლანეტელები
შემქმნელი სტივენ მოფატი
განასახიერებს მარნიქს ვან დენ ბროიკი

პერსონაჟების შექმნისას მოფატისთვის შთაგონება იყო ედვარდ მუნკის 1893 წელს შექმნილი ექსპრესიონისტული ნახატი კივილი,[4] ასევე ქალაქური ლეგენდები, სახელად „ადამიანები შავებში“.[1] მოფატი ამ პერსონაჟებშიც აგრძელებს ტენდენციას, მარტივი ფსიქოლოგიური კონცეპტებით მონსტრები უფრო საშიშად აქციოს. ამ შემთხვევაში „სიჩუმის" არსებობა საიდუმლოა, რადგან ნებისმიერი, ვინც მათ დაინახავს, მიხედვისთანავე ივიწყებს ამის შესახებ პოსტჰიპნოზური ამნეზიის გამო.[5] ორდენს დიდი გავლენა ჰქონდა ადამიანებზე, ისტორიის მანძილზე ისინი შთააგონებდნენ მათ, რა მიმართულებით წასულიყვნენ და რა ტიპის ტექნოლოგიები შეექმნათ.[1]

 
„სიჩუმის" წევრთა გარეგნობა ნაწილობრივ ეფუძნება ედვარდ მუნკის კივილს.

„სიჩუმის" შემქმნელია პროდიუსერი სტივენ მოფატი,[6] რომელიც მიიჩნევდა, რომ პერსონაჟები საშიში იერის გამო სერიალის წინა ეპიზოდებში გამოჩენილი მოწინააღმდეგეების ძლიერი კონკურენტები იქნებოდნენ.[7] მსახიობმა მეთ სმითმა, რომელიც მეთერთმეტე დოქტორის როლს თამაშობს, მათ „შოუს ისტორიაში ყველაზე საშიში მონსტრები" უწოდა[8], ხოლო დოქტორის კომპანიონის, ემი ფონდის, როლის შემსრულებელმა კერენ გილანმა განაცხადა, რომ სიჩუმე „მტირალა ანგელოზების კარგი კონკურენტია საშიშობის საკითხში".[9]

ეპიზოდში „შეუძლებელი კოსმონავტი" სიჩუმე წარმოდგენილია, როგორც მაღალი ჰუმანოიდები დიდი ზომის თავებით, უპირო და ძვლოვანი სახეებით, რაც ნაწილობრივ ედვარდ მუნკის „კივილის" გავლენაა.[10] თვალები ღრმადაა ბუდეში ჩამჯდარი, ხოლო ლოყის კანი ვიწრო ნიკაპამდეა გაწელილი. მსხვილი, დანაოჭებული ხელები ადამიანის მსგავსია, თუმცა არათითისა და შუათითის ადგილას ერთი მსხვილი თითია. ისინი დაბალ ტონალობაში საუბრობენ ხორხისმიერი ბგერებით. სიჩუმის წევრები ყოველთვის უჩვეულო მასალისგან დამზადებულ ოფიციალურ შავ ტანისამოსში ჩაცმულები ჩნდებიან. სტივენ მოფატის თქმით, შემთხვევითი არაა მათი მსგავსება ნახატ კივილთან: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ მათ არსებობას, სიჩუმის „ქვეცნობიერი აღქმა" სწორედ ამ ფორმით გამოიხატება ადამიანთა შემოქმედებაში.[11] ასევე შთაგონების წყარო იყო ქალაქური ლეგენდები „ადამიანები შავებში", რომელიც უცხოპლანეტელების შესახებ შეთქმულების თეორიების მოყვარულებში პოპულარული გახდა 1950-60-იან წლებში[1] და ნაცრისფერი უცხოპლანეტელები.[12] რაც შეეხება ოთხთითა ხელებს, სადაც ერთი თითი გაცილებით გრძელია, შთაგონება ხელფეხა იყო.[12]

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ მოფატი ფსიქოლოგიურ ხრიკებს იყენებს.[13][14] „სიჩუმის" წევრების აღქმა მხოლოდ პირისპირ ყურებისას შეიძლება, ამიტომ სერიალის პერსონაჟები სხეულზე ხაზებით აღნიშნავენ ან აუდიოჩანაწერს იყენებენ იმის გასახსენებლად, რამდენჯერ ნახეს ისინი. ამ უცხოპლანეტელებს ასევე შეუძლიათ ვინმეს თავიდან მოსაცილებლად ხელით ელექტრული განმუხტვა განახორციელონ. ამ დროს მათ სახეზე პირის ადგილას ყოველთვის ჩნდება ერთგვარი ღრმული. დოქტორი თვლიდა, რომ სწორედ მათ აიძულეს ადამიანებს, მთვარეზე გაფრენილიყვნენ, რათა თავიანთი მიზნებისთვის საჭირო კოსმოსური სკაფანდრი შეექმნათ.[15]

გამოჩენა

რედაქტირება

მეხუთე სეზონის განმავლობაში ფიგურირებს აუხსნელი ავისმომასწავებელი ფრაზა „სიჩუმე ჩამოვარდება" (Silence will fall). საიდუმლო ისევ აუხსნელია სეზონის ბოლო ეპიზოდში „დიდი აფეთქება", სადაც ტარდისის ამფეთქებელი ძალა გაურკვეველი რჩება. მეექვსე სეზონის ორსერიან პრემიერაში უკვე ხდება სიჩუმის, როგორც სახეობის და არა როგორც მოვლენის წარმოჩენა. ირკვევა, რომ ეს არის რელიგიური მოძრაობა, რომლის წევრებსაც იმავე სახელის მქონე სახეობა წარმოადგენს. რელიგიას სახელი ეწოდა წინასწარმეტყველების მიხედვით, რომ როდესაც სამყაროს უძველესი კითხვა დაისმება, სიჩუმე ჩამოვარდება (ან უნდა ჩამოვარდეს). რადგან წინასწარ განსაზღვრულია, რომ კითხვაზე პასუხი დოქტორმა უნდა გასცეს, „სიჩუმის" მიზანია, მისი სიკვდილი დროში ფიქსირებულ წერტილად აქციონ და ეს შემთხვევა თავიდან აიცილონ.

 
„სიჩუმის" წევრი ადამიანზე თავდასხმისას, ეპიზოდი „მთვარის დღე“.

პირველად „სიჩუმის" წევრები ჩნდებიან ეპიზოდებში „შეუძლებელი კოსმონავტი" და „დღე მთვარეზე". ერთი მათგანი აკვირდება მომავალი დოქტორის (მეთ სმიტი) სიკვდილს იუტაში. მალევე, იმის გაუცნობიერებლად, რომ კომპანიონები რივერ სონგი (ალექს კინგსტონი), ემი ფონდი (კერენ გილანი) და რორი უილიამსი (არტურ დარვილი) შეხვდნენ მას მომავალში და მისი სიკვდილი იხილეს, დოქტორს გადაჰყავს ისინი 1969 წელში, სადაც უპირისპირდებიან სიჩუმეს, რომელიც აშშ-ის მთავრობაზე ახდენს მანიპულირებას. დოქტორი იწერს სიჩუმის ფრაზას „თქვენ ჩვენ დანახვისთანავე უნდა დაგვხოცოთ" და აპოლო 11-ის მთვარეზე გაფრენისას პირდაპირი ეთერით უშვებს, შედეგად დედამიწის მოსახლეობა მათ წინააღმდეგ ირაზმება, თუმცა მათი მოკვლისთანავე ავიწყდებათ, რა გააკეთეს. ამ პროცესში დოქტორის ჯგუფი ხვდება იდუმალ გოგონას კოსმონავტის ტანისამოსში, რომელმაც მომავალში დოქტორი უნდა მოკლას. მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს გოგონა ემისა და რორის ქალიშვილი, მელოდი ფონდია, მეორენაირად - რივერ სონგი. ის პატარაობისას მოიტაცა მადამ კოვარიანმა (ფრენსის ბარბერი) ეპიზოდში „კარგი ადამიანი ომში მიდის", რათა დოქტორის საწინააღმდეგო იარაღად ექცია. გენეტიკური მსგავსება დროის მბრძანებლებთან რივერს იდეალურ კანდიდატად აქცევდა. ეპიზოდი „მოდი, მოვკლათ ჰიტლერი" ნათელს ხდის, რომ სიჩუმის რელიგიურმა ორდენმა და კითხვის აკადემიამ გოგონას ტვინი გამოურეცხა, თუმცა რივერი პროგრამის საწინააღმდეგოდ მიდის და დოქტორს გადაარჩენს. ხელსაყრელი დროის მოსვლისას კოვარიანი და სიჩუმე იტაცებენ რივერს ეპიზოდში „დროის დახურვა" და აიძულებენ, დოქტორის სიკვდილში თავისი როლი შეასრულოს, როგორც ნაჩვენებია სერიაში „შეუძლებელი კოსმონავტი". „რივერ სონგის ქორწილში" სიჩუმის ბევრი წევრი ჩნდება პარალელურ სამყაროში, რომელიც წარმოიშვა რივერის გადაწყვეტილებით, არ ესროლა დოქტორისთვის. ირკვევა, რომ თვალის ნიღაბი, რომელსაც ატარებენ მადამ კოვარიანი და სხვები, იცავს მათ სიჩუმის ჰიპნოზური გავლენისგან. თუმცა აღმოჩნდება, რომ ამ მექანიზმის მატარებელთა შორი მანძილიდან განადგურება სიჩუმისთვის პრობლემა არაა - ისინი კოვარიანს კლავენ. დოქტორი ასევე იგებს, რატომ სურდათ მისი მოკვლა - აეცილებინათ წინასწარ განსაზღვრული მოვლენა, სადაც მან იძულებით უნდა გასცეს პასუხი სამყაროს უძველეს კითხვას (რომელიც არის - „დოქტორი ვინ?"), უდიდეს საიდუმლოს, რომლის პასუხიც მხოლოდ მან იცის. მიუხედავად იმისა, რომ საილენსიოს ტბაზე დოქტორის სიკვდილი ისტორიის ფიქსირებულ წერტილად ითვლებოდა, აღმოჩნდება, რომ მან რივერთან ერთად მხოლოდ გაითამაშა ეს ყველაფერი, რათა სიჩუმე თავის სიკვდილში დაერწმუნებინა.

სიჩუმის წარმომავლობა ირკვევა ეპიზოდში „დოქტორის დრო" (2013). ისინი წარმოადგენენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ მღვდლებს პაპის მეინფრეიმის ეკლესიაში. მომნანიებლები აღიარებენ ცოდვებს და მაშინვე ივიწყებენ თავიანთი აღსარების შესახებ. პლანეტა ტრენზალორზე საუკუნეების მანძილზე არსებული გამოუვალი მდგომარეობისას, რაც წარმოიქმნა იმის გამო, რომ დოქტორი თავის სახელს არ ამხელდა, პაპის მეინფრეიმის ეკლესია ცნობილი გახდა, როგორც სიჩუმის ეკლესია, მათ დოქტორის სიჩუმე თავიანთ უმთავრეს მისიად აქციეს. ამ პერიოდში, გადმოცემის მიხედვით, ეკლესიის „კოვარიანული" განყოფილება გამოეყო მას და დოქტორის განადგურება სცადა მანამ, სანამ ტრენზალორზე მოხვდებოდა, როგორც ნაჩვენებია მეექვსე სეზონში. დოქტორის პირველი შეჩერების მცდელობა იყო ტარდისის აფეთქება მეხუთე სეზონში. ბედის ირონიით, ეს მოვლენა ხელს უწყობს სამყაროს სხვადასხვა რეგიონებში ბზარის გაჩენას, რაც თავის მხრივ წარსულში ხდება ტრენზალორზე ეკლესიის დაარსების მიზეზი. როცა გამოუვალი მდგომარეობა სრულდება და ტრენზალორზე ომი იწყება, სიჩუმის დარჩენილი წევრები (რომლებიც რჩებიან პაპის მეინფრეიმის ერთგულნი) დოქტორის მხარეს იბრძვიან, რათა პლანეტის მოსახლეობა შემოსეული დალეკებისგან დაიცვან.

რეცენზიები

რედაქტირება

The Guardian-ის ჟურნალისტი დენ მარტინი სიჩუმის შესახებ დადებითად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აღწერს, როგორც „მოფატის სტანდარტულ ფსიქოლოგიურ ხრიკს", რეკომენდაციას უწევს, როგორც „დღემდე ყველაზე დახვეწილ" და საქებ შესავალ სცენას, რომელიც მოგვაგონებს დევიდ ლინჩის შემოქმედებას.[16] ალან სეპინვოლი HitFix-ზე წერს, რომ სიჩუმის პერსონაჟებთან დაკავშირებული ხრიკები წინების მსგავსი იყო, თუმცა მოფატი „განაგრძობს ამ ხრიკების ისეთ ჭკვიანურ კომბინაციაში და ისეთი ტექნიკური ალღოთი გამოყენებას, რომ ჯერ კიდევ არ მომბეზრებია".[17]

The A.V. Club-ის კიტ ფიპსი პოზიტიურად აფასებს მოფატს „მთვარის დღეში" სახეობების სწორად შერჩევის გამო. განსაკუთრებით გამოარჩევს და ჭკვიანურად თვლის ხელზე აუდიოჩამწერის ქონის იდეას, რომელიც რორის პარანოიის გამოძახილია ემის დოქტორისადმი გრძნობებთან მიმართებაში. თუმცა ფიპსი აღნიშნავს, რომ დააბნია იმ მონტაჟმა, რომელიც სიჩუმეს აკავშირებს წინა ეპიზოდებში ნახსენებ „სიჩუმესთან".[18]

არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სიჩუმის შემოყვანით პროგრამა ზედმეტად საშიში გახდა ბავშვებისთვის,[19] რაზეც მოფატმა განაცხადა: „მე ხაზგასმით ვთვლი, რომ ეს ასე არაა", და დაამატა: „ბავშვებს უყვართ, როცა ეშინიათ - მაგალითად მოჩვენება-მატარებლის ან ამერიკული გორაკებისას".[20]

რეცენზენტთა ნაწილი აღნიშნავს მსგავსებას მონსტრებთან, სახელად „ჯენტლმენებთან", რომლებიც გხვდებიან ამერიკულ სერიალში „ბაფი - ვამპირების გამანადგურებელი", მეოთხე სეზონის ეპიზოდში „სიჩუმე" (1999). მაიკ მუდი AOL TV-ზე წერს, რომ სიჩუმის წევრები „არიან ძალიან საშიშები და მახსენებენ ბაფის პერსონაჟ ჯენტლმენებს, ხოლო რაც ბაფის მახსენებს, ჩემთვის დადებითია."[21] ვებსაიტზე ტელევიზია შებრალების გარეშე დაარქივებული 2008-04-11 საიტზე Wayback Machine. რეცენზენტი აღწერს სიჩუმეს, როგორც მონსტრებს, რომლებიც „ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც ჯენტლმენები ბაფიდან." [22]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 The Silence, BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-01. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  2. interview with Steven Moffat
  3. The Silence Arc: A Satisfying Payoff?
  4. Munch's The Scream... and the appeal of anguished art
  5. THE SILENCE, Doctor Who TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2014-08-23.
  6. The Impossible Astronaut, review
  7. Is Doctor Who's Karen Gillan going to be killed off by show's new scary aliens?
  8. New Doctor Who series 'darkest ever' says Steven Moffatt
  9. 'Doctor Who' star: 'The Silence are terrifying'
  10. Doctor Who opener watched by 6.5m
  11. Doctor Who's new enemy makes the Daleks look like Dusty Bin
  12. 12.0 12.1 ჰიკმანი, კლეიტონ (2011). დოქტორი ვინ: შესანიშნავი წიგნი 2012. BBC Books, გვ. 32–35. ISBN 1849902305. 
  13. Doctor Who: The Impossible Astronaut - Series 32, episode 1
  14. Review: 'Doctor Who' - 'Day of the Moon': One small step. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-22. ციტირების თარიღი: 2014-08-24.
  15. Doctor Who "Day of the Moon" (Episode 6.2)
  16. მარტინი, დენ. (23 აპრილი, 2011) Doctor Who: The Impossible Astronaut — Series 32, episode 1. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
  17. სეპინვოლი, ალან. (1 მაისი 2011) Review: 'Doctor Who' - 'Day of the Moon': One small step. HitFix. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო 2014.
  18. ფიპსი, კიტ. (30 აპრილი, 2011) Day of the Moon. The A.V. Club. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
  19. მაიკლ ჰანი და პიტ მეი (4 მაისი, 2011). „Is Doctor Who now too scary for children?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  20. ფროსტი, ვიკი (6 მაისი, 2011). „Are Doctor Who's latest aliens The Silence just too terrifying for words?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  21. მუდი, მაიკ. (24 აპრილი, 2011) 'Doctor Who' Season 6, Episode 1 Recap. AOL TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2011.
  22. ჯეიკობი. (25 აპრილი, 2011) 'Doctor Who' recap: He's Hot When He's Clever. Television Without Pity. ტელეარხი ბრავო. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება