დალეკები
დალეკები — ფიქციური უცხოპლანეტური რასა მუტანტებისა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანული სატელევიზიო პროგრამიდან Doctor Who. დალეკები გამოიგონა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა ტერი ნეიშენმა და პირველად გამოჩნდნენ 1963 წლის სერიალში დალეკები. ჯავშნის დიზაინის ავტორია რეიმონდ კუსიკი.[1][2][3]
დალეკები | |
---|---|
„დალეკების გამარჯვება" | |
კლასიფიცირება | მუტანტი კალედები მექანიკური ჯავშნით (იშვიათი გამონაკლისის გარდა) |
შემქმნელი | ტერი ნეიშენი |
დიზაინერი | რეიმონდ კუსიკი |
განასახიერებს | სხვადასხვა |
პროგრამის შინაარსის მიხედვით, დალეკები უცხოპლანეტური კიბორგების რასაა, რომლებიც მეცნიერმა დავროსმა შექმნა თალების წინააღმდეგ გაჩაღებული ათასწლოვანი ომის ბოლო პერიოდში. მან გენეტიკურად გარდაქმნა თავისი რასა (ცნობილი, როგორც კალედები) და მოახდინა მათი ინტეგრირება ტანკის მსგავს რობოტულ მექანიკურ ჯავშანში. მის მიერ განხორციელებული ბოლო ცვლილება იყო შებრალების, თანაგრძნობისა და სინდისის ქენჯნის უნარების მოცილება. მალე დალეკებმა საკუთარი თავები სამყაროს უმაღლეს რასად აღიქვეს და საყოველთაო ბატონობისა და დანარჩენი ცოცხალი არსებების განადგურებისთვის ბრძოლა დაიწყეს. სხვადასხვა ამბებში აღნიშნულია, რომ მათ დაკარგეს ყველა ემოცია, გარდა სიძულვილისა, რის შედეგადაც გაუჩნდათ დაუძლეველი სურვილი, გაენადგურებინათ მთელ სამყაროში არსებული ყველანაირი არადალეკური სიცოცხლის ფორმა. ერთიანობაში ისინი პროგრამის პროტაგონისტის, დოქტორად ცნობილი დროის მბრძანებლის, უდიდეს მტერს წარმოადგენენ. დროის მბრძანებლებთან დაპირისპირებისას დალეკები თითქმის სრულად განადგურდნენ. ეს პერიოდი ტელეეკრანზე არ ასახულა, მოხდა რა 1996 წლის სატელევიზიო ფილმსა და 2005 წლის განახლებულ სერიებს შორის, და ნახსენები იყო სპეციალურ სერიაში „დოქტორის დღე". დალეკები განსაკუთრებით ცნობილი არიან ხშირად განმეორებადი ფრაზით „განადგურება!" და დიდი ადგილი უჭირავთ ბრიტანულ პოპულარულ კულტურაში.[4][5]