დოქტორი — მთავარი პერსონაჟი BBC-ის ხანგრძლივი სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალიდან Doctor Who. პერსონაჟი ასევე გამოჩნდა ორ მხატვრულ ფილმში, ერთ სატელევიზიო ფილმში, მრავალ ნოველაში, აუდიო დრამებსა და კომიქსებში, რომლებიც შინაარსით სერიალს უკავშირდებოდა. დოქტორი წარმოადგენს მეტსახელს, რომელიც ფსევდონიმად აქვს აღებული რამდენიმე საუკუნის ხნის, დროსა და სივრცეში ტარდისით მოგზაურ უცხოპლანეტელს. მოგზაურობისას დოქტორს ხშირად ახლავს თან კომპანიონები.[1]

დოქტორის როლის შემსრულებელი მსახიობები ქრონოლოგიურად, მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ

2014 წლისთვის დოქტორის როლი შესრულებული აქვს 12 მსახიობს. მიუხედავად წარმატებისა, მსახიობები მაინც იცვლებიან, რადგან ამას შინაარსი მოითხოვს: დროის მბრძანებლებს აქვთ რეგენერაციის უნარი, რისი მეშვეობითაც სასიკვდილო დაზიანებისას იცვლიან უჯრედულ სტრუქტურასა და გარეგნობას. განსაკუთრებული პოპულარობის გამო „დეილი ტელეგრაფმა" დოქტორს „ბრიტანეთის ფავორიტი უცხოპლანეტელი" უწოდა.[2] ამჟამად დოქტორის მე-11 ინკარნაციის როლს ასრულებს პიტერ კაპალდი, რომელმაც მეტ სმითი ჩაანაცვლა 2013 წლის საშობაო სპეციალურ სერიაში „დოქტორის დრო".

პერსონაჟის ისტორია

რედაქტირება

დოქტორი დროის მბრძანებელია პლანეტა გალიფრეიდან. დროსა და სივრცეში სამოგზაუროდ ის იყენებს სივრცულად სრულყოფილ - „შიგნიდან უფრო დიდ" - დროის მანქანას, ტარდისს. გარეგნულად ის 1963 წლის პოლიციის ყუთს ჰგავს და სერიების მანძილზე თითქმის უცვლელია.[3] მისი სახეობის წარმომადგენლები მეთვალყურეობდნენ დროისა და სივრცის მსვლელობას და იცავდნენ დაზიანებისგან, თუმცა ერიდებოდნენ სერიოზულ ჩარევას და ნეიტრალიტეტი ეკავათ. დოქტორმა გადაწყვიტა ერთ-ერთი ტარდისის მოპარვა და მშობლიური პლანეტის დატოვება. უმეტესწილად მას ჰყავს თანამგზავრი ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორზე უფრო მეტი ინფორმაცია ირკვევა ხოლმე.[4][5]

„დოქტორი" ფსევდონიმია და პერსონაჟის ნამდვილი სახელი დაფარულად რჩება. გვიანდელ ეპიზოდებში („დოქტორის დრო", „დოქტორის სახელი") ნათელი ხდება, რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს მისი სახელის წარმოთქმას. ითვლება, რომ დოქტორის ნამდვილი სახელის გამოთქმა ადამიანებისთვის შეუძლებელია. სერიაში „დოქტორის სახელი", მეთერთმეტე დოქტორი კლარა ოსვალდთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ფსევდონიმი ერთგვარი დაპირებაა, რომლის შესახებაც გაცხადდა „დოქტორის დღეში": „არასდროს ვიქნები სასტიკი ან ლაჩარი. არასდროს დავნებდები. არასდროს დავეცემი."[6]

დოქტორის ადრეულ ცხოვრებასა და ბავშვობაზე მცირეოდენი რამაა ცნობილი. კლასიკურ სერიებში აღნიშნულია, რომ ის ეკუთვნის პრიდონულ ჯგუფს, რომლის წევრებიც ცნობილი არიან ხეტიალით. „დრამების ხმაში" დოქტორი აღწერს ცერემონიალს, რომლის დროსაც დროის მბრძანებლების აკადემიის მოსწავლეები 8 წლის ასაკში იხედებიან დროსა და სივრცეში არსებულ ნაპრალში და ხედავენ დროის მორევს. ზოგი მათგანისთვის ეს შთაგონებად იქცევა, ზოგი ჭკუიდან იშლება (რაც, მისი აზრით, დაემართა მის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, მასტერს), ზოგი კი გარბის. კითხვაზე, თავად რა რეაქცია ჰქონდა, პასუხობს: „მე იმათ შორის ვარ, ვინც გაიქცა. მე არასდროს გავჩერებულვარ!" „დროის მონსტრში" დოქტორი ამბობს, რომ მთის ნაპირას გაიზარდა და ახსენებს განდეგილს, რომელიც სახლის უკან, ხის ქვეშ ცხოვრობდა და მძიმე მომენტებში დოქტორს ამხნევებდა.[7]

მოგზაურობა

რედაქტირება

დროის ომი

რედაქტირება