ტარდისი (ინგლ. TARDIS — Time And Relative Dimension(s) In Space) — დროის მანქანა და კოსმოსური ხომალდი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანული სატელევიზიო პროგრამიდან Doctor Who.[1]

ტარდისი ბიბისის სატელევიზიო ცენტრში 2005-10 წლებში

ტარდისი წარმოადგენს დროის ლორდების მოწინავე ტექნოლოგიის შედეგს. დროის ლორდები უცხოპლანეტური ცივილიზაციაა, რომლის ერთ-ერთი წევრიც არის პროგრამის მთავარი პერსონაჟი, დოქტორი. სათანადო მართვისა და პილოტირების შემთხვევაში ტარდისს შეუძლია, მისი მგზავრები დროისა და სივრცის ნებისმიერ მონაკვეთში გადაიყვანოს. ტარდისის შიდა ნაწილი გარეზე გაცილებით ფართოა, გარემოს კი ეხამება ხომალდის „ქამელეონის არით". ტარდისებს ასევე გააჩნიათ გარკვეული დონის მგრძნობიარობა, რაც სერიალში გამოხატულია სხვადასხვა ფორმით, მაგალითად მექანიზმის პიროვნულობასა და თავისუფალ ნებაზე მინიშნებით. ტარდისი მომხმარებლებს უზრუნველყოფს დამატებითი იარაღებითა და შესაძლებლობებით, მათ შორის უნივერსალური მთარგმნელი სისტემით, რომელიც ტელეპათიურად მოქმედებს.

სერიალში დოქტორი მართავს ტარდისის მოძველებულ და ერთი შეხედვით არასანდო მოდელს Type 40-ს. მისი ქამელეონის ფუნქცია დაზიანებულია და მუდმივად 1960-იანების სტილის ლონდონის პოლიციის ყუთის ფორმა აქვს მას შემდეგ, რაც დოქტორი ლონდონს ეწვია 1963 წელს. სერიების უმეტესობაში აღინიშნებოდა, რომ დოქტორმა ტარდისი მოიპარა დროის ლორდების მშობლიური პლანეტიდან, გალიფრეიდან, სადაც ის ძველ, ჩამოწერილ და მიტოვებულ ნივთად ითვლებოდა და სამუზეუმო ექსპონატი იყო.[2] თუმცა სერიაში „დოქტორის ცოლი" (2011) ხომალდის ცნობიერება ადამიანის, სახელად იდრისის, სხეულში სახლდება და ამჟღავნებს, რომ არათუ დოქტორს არ მოუპარავს, არამედ საკუთარი სურვილით დატოვა მასთან ერთად პლანეტა, რადგან სამყაროში მოგზაურობა სურდა.[3] ეპიზოდში ფლირტაობისას ის მაცდურად მიანიშნებს, რომ თავად „მოიპარა" დოქტორი, თუმცა იმავე ეპიზოდში მას „ქურდს" უწოდებს.

ზოგჯერ ტარდისი შეცდომას უშვებს და დოქტორი სასურველის ნაცვლად სხვა დროსა და ადგილას ხვდება. მაგრამ „დოქტორის ცოლში" ტარდისი ამჟღავნებს, რომ ეს „მოულოდნელობები" სინამდვილეში განსაზღვრული ქმედებები იყო მისი მხრიდან, რათა დოქტორი წაეყვანა იქ, „სადაც საჭირო იყო", ნაცვლად იმისა, სადაც „მას სურდა წასვლა".

Doctor Who ბრიტანული პოპულარული კულტურის იმდენად განუყრელ ნაწილად იქცა, რომ არა მარტო პოლიციის ყუთის ფორმა გახდა ტარდისთან ასოცირებული, არამედ გამოთქმა „ტარდისის მსგავსი" (ინგლ. TARDIS-like) ხშირად გამოიყენება ისეთი რამის აღსაწერად, რაც შიგნიდან უფრო დიდი ჩანს, ვიდრე გარედან.[4][5] სახელი „ტარდისი" ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ რეგისტრირებულია სავაჭრო ნიშნად.[6]