სიონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კალა). ერეკლე II-ის ქუჩიდან კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩამდე. ამ სახელწოდების ქუჩა ჯერ კიდევ 1769 წელს საბუთშია მოხსენიებული, სახელი დაკავშირებულია აქ აღმართულ სიონის ტაძართან (VI-VII საუკუნეები). შეტანილია 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. 1921 წელს ქუჩას ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი უწოდეს, 1946 წლიდან — ისევ სიონისა. ქუჩის ბოლოში თავს იყრის მეტად კოლორიტული ქუჩები: ბამბის რიგი და შარდენის ქუჩა. აქ ერთ დროს პატარა სირაჯხანაც — ღვინით მოვაჭრეთა რიგი — იყო, რომელიც რეკონსტრუქციის დროს აიღეს (თბილისის 1934 წლის გეგმაზე ამ ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ბამბის რიგიდან კოტე აფხაზის ქუჩამდე, დატანილია როგოც ღვინის გასასვლელი). შუა საუკუნეებში აქ განლაგებული ყოფილა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო რიგი — ქვემო ბაზარი.

საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა

სიონის ქუჩა გადიოდა იმ დროის საზოგადოებრივ ცენტრში —„ბატონის მოედანზე“ (დაახლოებით იქ, სადაც დღეს ერეკლე II-ის მოედანია). სიონის ქუჩაზე განლაგებული იყო მეფეთა და დიდ თავადთა სასახლეები, ქარვასლები, ეკლესიები. აღსანიშნავია ბატონიშვილ თეკლეს — ერეკლე II-ის ასულის ქარვასლა (ახლანდელი სასულიერო აკადემია და სემინარია; ნაგებობა განეკუთვნება XIX საუკუნის შუა წლებს), არწრუნის ქარვასლა (ახლანდელი იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი; XIX საუკუნე 1912და 1984). ქუჩაზე დგას ვანში აღმოჩენილი ძვ. წ. VII საუკუნის ბრინჯაოს ქანდაკების ასლი და კონკა. აქვს 1 შესახვევი (ყოფილი სიონის II შესახვევი, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წითელი ვარსკვლავის შესახვევი).

ლიტერატურა

რედაქტირება