ერეკლე II-ს მოედანი
ერეკლე II-ს მოედანი — თბილისის ერთ-ერთი ძველი მოედანი მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზემო უბანში. მდებარეობს ერეკლე II-ის, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, შოთა ყავლაშვილისა და ანტონ კათალიკოსის ქუჩებს შორის. სახელი ეწოდა მეფე ერეკლე II-ს პატივსაცემად 1948 წელს.
ისტორია
რედაქტირება1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის წინ ტერიტორიის ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა (XVII საუკუნის II ნახევარში სასახლე გადააკეთა მეფე ვახტანგ V-მ, დაინგრა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს).
მოედანი ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხარეს იდგა სავაჭრო დუქნები, სადაც ხალხმრავლობა იყო, ამიტომ მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მოედანზე იდგა წმინდა გიორგის კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები. მოედანი წარმოადგენდა ქალაქის ზემო უბნის ცენტრს და მას ზემო მოედანსაც ეძახდნენ.
სხვადასხვა დროს მოედანს სახელი ეცვლებოდა; ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1809 წელს, აქ გუბერნატორის სახლი ააგეს და ბატონის მოედანს გუბერნატორის მოედანი ეწოდა. XIX საუკუნის I მეოთხედში ამ ადგილას იყო სინოდალური კანტორა და საქართველოს ეგზარქოსის რეზიდენცია, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ეგზარქოსის მოედანი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ მოედანს გერმანელი სოციალ-დემოკრატის, ავგუსტ ბებელის სახელი ეწოდა, უფრო გვიან კი — ერეკლე II-სი. ერეკლე II-ს მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მოედანს ეკრა კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები.
არქეოლოგიური გათხრები
რედაქტირება1956-1957 წლებში ერეკლე II-ს მოედანზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. დადგინდა 4 კულტურული ფენა, რომელთაგან უძველესი V საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება.
ქვედა, I ფენაში (V–X სს.) გამოვლენილია ნაგებობათა ნაშთები და სხვადასხვა სიღრმისა და მოყვანილობის (კვადრატული, ოვალური, წრიული) 22 ორმო. წარმოებასთან დაკავშირებული ორმოები კრამიტით ყოფილა გადახურული (აღმოჩენილია კრამიტისა და გადახურვის საყრდენი ბოძების ნაშთები). ორმოებში აღმოჩნდა კერამიკა, ნაცარი, მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, მინის საწყაოები, მინის ჭურჭლისა და ჭიქურის დასამზადებელი ნედლეული. ორი დიდი ორმოს კედელი აგურით იყო მოპირკეთებული. ერთ ოთხკუთხა კერასთან ნაპოვნია IX–X სს. არაბული ფელსი და VIII ს. მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, ერთ-ერთი ორმოს ძირზე კი — აქატის ქვის საბეჭდავი დიდებულის პორტრეტული გამოსახულებით (V ს.). აღსანიშნავია, რომ მომდევნო ზედა ფენის ნაგებობები აზიანებდა ქვედა ფენას.
მომდევნო, II ფენაში გამოვლინდა ხელოსანთა სახლებისა და კერამიკის წარმოებასთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები, 10 ღრმა ორმო, ნალისებური და ოთხკუთხა კერების ნაშთები, რკინის ისრისპირები, ქურები, სანაცრე ორმოები, თონეები, რკინის წიდები და სხვ. ერთ-ერთ ქილაზე ასომთავრული ასოები (ა, ო, შ, ა) იყო ამოკაწრული. აღმოჩნდა არაბული (IX–X სს.), ბიზანტიური (XI ს.), თამარის, დარუბანდის, შარვანისა და სასანური ტიპის (XII ს.) მონეტები. ამ ფენის ადრეული ნაგებობები XI–XII სს-ით თარიღდება, შუა პერიოდისა — XII–XIII სს-ით, გვიანი ხანისა კი — XIII–XIV სს-ით.
ქვემოდან III ფენაში გამოვლინდა 5 ნაგებობის ნაშთი, მ. შ. ოთხი იყო საცხოვრებელი შენობა, მეხუთე — კერამიკის წყალსადენის გამანაწილებელი (რიყის წყობა კირის ხსნარზე). აქვე იყო დუღაბში ჩაკირული კერამიკული მილების 2 შტო, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, მეფის სასახლეებისკენ მიემართებოდა. დადგინდა აგრეთვე ორი, სხვადასხვა დროის წყალსადენის გამანაწილებლის არსებობა. ნაპოვნია XVII ს. (22 სმ × 22 სმ, 23 სმ × 23 სმ) და XVIII ს. (21 სმ × 21 სმ) ქართული აგური, თონეები, სხვადასხვა დანიშნულების ორმოები (რომელთაგან ზოგს მაცივრად იყენებდნენ), აგრეთვე მრავალი მონეტა.
ქვემოდან IV, ზედა ფენა შეიცავდა ქართული აგურის ნატეხების გროვებს. თიხის, ფაიფურისა და მინის თანამედროვე ჭურჭლის მცირე ნატეხებს და XIX–XX სს. მონეტებს. გათხრების შედეგად მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაში ყველაზე დიდი რაოდენობით კერემიკაა წარმოდგენილი, შედარებით მცირე რაოდენობით — მინის ჭურჭელი (VII–XVIII სს.) და სამკაული (IX–XIII სს.). ძვლის ნაკეთობანი (XI–XIV სს.) 4 ჯგუფად იყოფა: ტყავის დასამუშავებელი იარაღი, საფეიქრო იარაღი, სამკაულის დასაჭრელები. ლითონის ნივთები ძირითადად ბრინჯაოს სამკაულითაა წარმოდგენილი (VII–VIII სს., X–XI სს., XII–XIII სს.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 181.
- ბერიძე თ., გოგაძე ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
- ბერძენიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965;
- Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866