ერეკლე II-ის ქუჩა
ერეკლე II-ის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); ერეკლე II-ის მოედნიდან სიონის ქუჩამდე. ადრინდელი სიონის ქუჩის მონაკვეთი. 1900 წელს ერეკლე II-ის პატივსაცემად დაერქვა ირაკლის ქუჩა. ასეა დატანილი თბილისის 1902 და 1934 წლების გეგმებზე. 1948 წელს ერეკლე II-ის ქუჩა ეწოდა. იგი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა. XVII-XVIII საუკუნეებში ქუჩის დასაწყისში განლაგებული იყო სავაჭრო რიგები — რასტაბაზარი. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, შენობათა დიდი ნაწილი განადგურდა. XIX საუკუნეში ხელმეორედ განაშენიანდა. ქუჩაზე შემორჩენილ ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სახლი №11, რომელიც 1896 წელს არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა დავით სარაჯიშვილისთვის ააშენა, სადაც გამოყენებულია ქართული ხუროთმოძღვრული მოტივები. აგურით ნაგები სახლის მეორე სართულის შუა ნაწილი მთლიანად უჭირავს ხის აივანს, მას საკმაოდ ლამაზი ჩუქურთმა ამშვენებს. სახლი №21 კი გამოირჩევა რკინის აჟურული აივნით. მოპირდაპირე მხარეს, ერეკლე II-ის ქუჩასა და ერეკლე II-ის შესახვევს შორის იყო ქარვასლა, რომელშიც შემდეგ კომუნალური ბინები განათავსეს. შემონახულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის საცხოვრებელი სახლები. აქვს ერთი შესახვევი და ორი ჩიხი.
ერეკლე II-ის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
უბანი | ზემო უბანი |
წინა სახელები | ირაკლის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 66, ISBN 978-99928-20-35-3.