სიმონ ხუხუნაიშვილი

სიმონ მათეს ძე ხუხუნაიშვილი (დ. წ. უცნობია, სოფ. ზემო აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 სექტემბერი, 1919, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ს. ხუხუნაიშვილი

1914-1917 წლებში რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში იბრძოდა I მსოფლიო ომის ავსტრია-გერმანიის ფრონტზე, პრაპორშჩიკად მსახურობდა ნოვგოროდის 433-ე ქვეით პოლკში. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ჩაირიცხა გურიის სახალხო გვარდიაში. 1917 წლის ბოლოს თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის განსაკუთრებული რაზმის ოფიცერი გახდა და მონაწილეობდა ქალაქის რევოლუციური ანარქიისგან დაცვაში. 1918 წელს თავი გამოიჩინა აფხაზეთში ბოლშევიკებთან ბრძოლაში და ოსმალებთან ნატანებ-ოჩხამურის რაიონში შეტაკებებში. 1918 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სახალხო გვარდიის განსაკუთრებული ბატალიონის უფროსად. დიდი როლი ითამაშა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს ეკატერინენფელდთან გამარჯვებაში, შემდეგ იბრძოდა სოჭის ფრონტზე. 1919 წლის სექტემბერში სავარაუდო კორუფციული საქციელის გამო ხუხუნაიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რამაც გამოიწვია დაპირისპირება გვარდიის უფროს ვალიკო ჯუღელთან. ხუხუნაიშვილმა თბილისში, გვარდიის შტაბში (ახლანდ. ახალგაზრდობის სასახლე) გასროლით მოიკლა თავი. სამხედრო პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება