სიმონ ბარამიძე
სიმონ ბარამიძე (დ. 1 ნოემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით.
1972-1992 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, იყო ინსტიტუტის საინჟინრო მოწყობილობებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განყოფილების უფროსი. მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში, საპროექტო ინსტიტუტის საინჟინრო კომუნიკაციების განყოფილების ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი მთავარ ინჟინრად 1981-1986 წლებში. 1992-1995 წლებში კი მუშაობდა გარდაბნის სახელმწიფო თბოელექტროსადგურის ინჟინრად, განყოფილების უფროსად, №9 და №10 ენერგობლოკების ნაწილში, თბოელექტროსადგურის დირექტორის მოადგილედ; 1995-2002წწ. ხელმძღვანელობდა გაერთიანება "ენერგოგენერაციის" განახლებადი წყაროების განყოფილებას; უცხოელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა ობიექტების ენერგეტიკული კვანძების საპროექტო სამუშაოები. დააფუძნა შპს "სითბო" 1997 წელს და დღემდე მისი დირექტორია, აღნიშნული ორგანიზაციის სამოქმედო არეალს კი წარმოადგენს განახლებადი წყაროები, ასევე სამშენებლო სფეროს საზოგადოებრივი, სამრეწველო და სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პროექტირება და შემდგომი ზედამხედველობა. მისი მონაწილეობით საკავშირო გამოფენაზე წარდგენილმა საპროექტო-სამეცნიერო ნაშრომმა "საცხოვრებელი შენობის მზით თბომომარაგების ინოვაციური სისტემა", ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 1977 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული ქალაქ მახაჩყალის დრამატული თეატრის საპროექტო სამუშაოების შესრულებაში, ასევე მონღოლეთის რესპუბლიკაში ქალაქ ერდენეთის საბავშვო გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და ვიეტნამში მდინარე ხუაბინზე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაში და სხვა. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში - სამშენებლო განხრით, თბოენერგეტიკული მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, შენობების თბო-სიცივით მომარაგების განხრით, სამშენებლო მასალების თბოფიზიკური თვისებების შესწავლისა და პროექტირების ეკოლოგიურ ასპექტებზე. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. მინიჭებული აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია წიგნი 2 -თბ., 2021. გვ. 57-58