სიკვდილის რვეული (იაპონ. デスノート დესუ ნოტო?, "Death Note") — იაპონური მანგა. მისი ავტორია ცუგუმი ობა, ილუსტრატორი კი — ტაკეში ობატა. სიუჟეტი ვითარდება საშუალო სკოლის მოსწავლის, ლაით იაგამის ირგვლივ, რომელიც პოულობს შინიგამ რიუკის ზებუნებრივ რვეულს, რომელიც გამომყენებელს ანიჭებს უნარს მოკლას ნებისმიერი, ამისათვის საჭიროა მხოლოდ მსხვერპლის სახელისა და სახის ცოდნა. მანგა გადმოგვცემს ლაითის შემდგომ მცდელობებს რვეულის გამოყენებით, როგორც „ღმერთმა“, შექმნას „ბოროტებისაგან გაწმენდილი“ სამყარო და L-ის სახელით ცნობილი დეტექტივის ძალისხმევას მის შესაჩერებლად.

სიკვდილის რვეული

მანგის პირველი ტომის (ტანკობონი) გარეკანი ლაით იაგამისა და რიუკის გამოსახულებით.
デスノート
(დესუ ნოტო)
ჟანრი დეტექტივი, ფსიქოლოგიური თრილერი, ზებუნებრივი
მანგა
ავტორი ცუგუმი ობა
გამომცემელი Shueisha
ჟურნალი Weekly Shōnen Jump
ორიგინალური გამოცემა დეკემბერი, 2003მაისი, 2006
ტომები 12
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი ტეცურო არაკი
სტუდია Madhouse
ორიგინალური არხი Nippon TV
ორიგინალური ეთერი 3 ოქტომბერი, 2006 26 ივნისი, 2007
ეპიზოდები 37
თამაში
სიკვდილის რვეული:კირას თამაში
დეველოპერი Konami
გამომცემელი Konami
ჟანრი მოქმედებითი
პლატფორმა Nintendo DS
გამოსვლის თარიღი 15 თებერვალი, 2007 (JP)
თამაში
სიკვდილის რვეული: L-ის მემკვიდრე
დეველოპერი Konami
გამომცემელი Konami
ჟანრი მოქმედებითი
პლატფორმა Nintendo DS
გამოსვლის თარიღი 12 ივლისი, 2007 (JP)
ფილმები

  • Death Note (2006 წლის ფილმი)
  • 2: The Last Name (2006 წლის ფილმი)
  • L: Change the World (2008 წლის ფილმი)
  • Death Note (2015 წლის სატელევიზიო დრამა)

სიკვდილის რვეული, პირველად, სერიულად ქვეყნდებოდა შუეიშას მანგა ჟურნალში Weekly Shōnen Jump 2003 წლის დეკემბრიდან 2006 წლის მაისამდე. 108 თავი შეგროვდა და გამოიცა 12 ტომად (ტანკობონი) 2004 წლის მაისიდან 2006 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. სატელევიზიო ანიმეადაპტაცია იაპონიაში 2006 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა და ეთერში იყო 2007 წლის 26 ივნისამდე. Madhouse-ის 37 სერიიანი ანიმე ტეცურო არაკიმ გადაიღო. სერიებზე დაფუძნებული ნიშიო იშინის მიერ დაწერილი რანობე, ასევე, 2006 წელს გამოიცა. გარდა ამისა, Nintendo DS-სათვის Konami-ის მიერ შეიქმნა მრავალი თამაში. სერიებზე დაყრდნობით შექმნილი სამი არაანიმაციური ფილმი იაპონიაში 2006 წლის 17 ივნისს, 2006 წლის 3 ნოემბერსა და 2008 წლის 2 თებერვალს გამოვიდა.

სიკვდილის რვეულის მედია, ვიდეო თამაშებისა და საუნდტრეკების გარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში ლიცენზირებული და გამოშვებულია Viz Media-ის მიერ. ანიმეს ეპიზოდები ჩრდილოეთ ამერიკაში, პირველად, IGN-ზე გამოჩნდა გადმოსაწერ ფორმატში. მოგვიანებით, Viz Media-ის მიერ მასზე ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ანიმე კანადაში Bionix-ზე, ხოლო შეერთებულ შტატებში Cartoon Network-ზე გამოვიდა. ამას მოჰყვა მისი DVD ფორმატში გამოშვებაც. 2015 წელს სიკვდილის რვეულის ტომების კომპლექტი 30 მილიონზე მეტი ასლის სახით იყო მიმოქცევაში.

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

ლაით იაგამი მოწყენილი ახალგაზრდა გენიოსია, რომელსაც აღიზიანებს ყველაფერი ბოროტი. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც იგი იპოვის „სიკვდილის რვეულს“, რვეულს რომელიც კლავს ნებისმიერს, ვისი სახელიც ჩაიწერება მასში. რვეულის გამოცდის შემდეგ, ლაითი რწმუნდება მის ნამდვილობაში, მის სახლში კი ჩნდება მოულოდნელი სტუმარი — რვეულის წინა მფლობელი — შინიგამი სახელად რიუკი. ლაითი რიუკს თავის გეგმას გააცნობს, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს გაანადგუროს ყველა ის ადამიანი, რომელსაც უზნეოდ და უსამართლოდ თვლის მთელს მსოფლიოში, სანამ არ დარჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც იგი კეთილებად და პატიოსნებად მიიჩნევს. როგორც კი ამ უტოპიის შექმნას დაასრულებს, იგი მართავს მას, როგორც თვითგამოცხადებული „ახალი სამყაროს ღმერთი“.

მალე დამნაშავეთა სიკვდილის აუხსნელი შემთხვევები მიიპყრობს ინტერპოლისა და მსოფლიოში ცნობილი დეტექტივის, „L“-ის ყურადღებას. L აწყობს საჯარო გამოჩენას, რის შედეგადაც სწრაფადვე ადგენს, რომ სერიული მკვლელი, საზოგადოებისათვის ცნობილი, როგორც „კირა“ (kira) (იაპონ. キラ?, მომდინარეობს სიტყვა „მკვლელის“ (killer) იაპონური გამოთქმიდან), იაპონიის კანტოს რეგიონში იმყოფება და რომ მას ადამიანის მოკვლა პირდაპირი კავშირის გარეშე შეუძლია. ლაითი გააცნობიერებს, რომ L მისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება გახდება, ამიტომ მასთან რისკიან თამაშს იწყებს, რათა დაადგინოს მისი ვინაობა და მოკლას.

ლაითი ცდილობს ალიბის შექმნას L-ისა და მისი სპეციალური ჯგუფის დახმარებით კირაზე ნადირობაში. მის გეგმას ხელს შეუშლის მისდამი მეორე კირას, ცნობილი მოდელის — მისა ამანეს სიყვარული და ამ უკანასკნელის შინიგამი რემი. მისა ამოიცნობს მას როგორც პირველ კირას და სახლში ესტუმრება, სადაც ლაითი თანხმდება გახდეს მისი შეყვარებული მისას მორჩილების სანაცვლოდ. თუმცა, მისას ეიფორიული დამოკიდებულება ლაითისადმი მას რამდენიმე შეცდომას დააშვებინებს, რის შემდეგაც L-ს სულ უფრო და უფრო მეტი ეჭვი უჩნდება წყვილის მიმართ. მისას მალე დააპატიმრებენ და დაკითხავენ, ლაითი კი, მცირე ხნის შემდეგ, საკუთარი ნებით ჩაბარდება. ამის შემდეგ, ორივე მათგანი უარს ამბობს მათი სიკვდილის რვეულების ფლობაზე, რის შედეგადაც რვეულებთან დაკავშირებული ყველა მათი მოგონება ქრება.

მათი პატიმრობის პერიოდში ასპარეზზე ჩნდება მესამე კირა. როდესაც ნათელი ხდება, რომ ლაითი და მისა არ არიან დაკავშირებულები მის მიერ ჩადენილ მკვლელობებთან, L მათ ათავისუფლებს, თუმცა თავის შტაბში ტოვებს შინაპატიმრობაში. L-ის საგამოძიებო ჯგუფი ადგენს, რომ მესამე კირა იოცუბა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი კიოსუკე ჰიგუჩია და შეიპყრობს მას. რვეულთან შეხების შემდეგ, ლაითი იბრუნებს ყველა მის კირად ყოფნის მოგონებას და კლავს ჰიგუჩის, რითაც იბრუნებს სიკვდილის რვეულზე მფლობელობას „ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო“. ჯგუფი სიკვდილის რვეულისა და შინიგამის არსებობის შესახებ იგებს. შემდეგ, ლაითი განაგრძობს თავისი გეგმის შესრულებას, მანიპულირებს მისას სიცოცხლის გადარჩენით და რემს L-სა და მის მეურვეს, ვატარის მოაკვლევინებს. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით მიზანმიმართული მკვლელობა არღვევს შინიგამის წესს, რის გამოც რემი თავადაც კვდება. L-ის სიკვდილის შემდეგ, ლაითი ხდება მეორე „L“ და განაგრძობს კირას ძებნას, მაშინ, როდესაც თავადვე აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას.

თხრობა გრძელდება ოთხი წლის შემდეგ, როდესაც კირა იზიდავს კონტაქტების ფართო ქსელს და იზრდება მისდამი საზოგადოების მხარდაჭერა. ამ დროს ასპარეზზე გამოდის L-ის პოტენციურ მემკვიდრეებად აღზრდილი ორი ახალგაზრდა კაცი — ნეარი, შეერთებული შტატების მთავრობასთან დაკავშირებული დეტექტივი და მაფიის წევრი მელო. თავისი პირველი ქმედებით კირას წინააღმდეგ, მელო ცდილობს სიკვდილის რვეულის მიღებას კირას სპეციალური ჯგუფისაგან, რისთვისაც იტაცებს იაპონიის ეროვნული საპოლიციო სააგენტოს დირექტორს, თუმცა ეს გეგმა მალევე ექცევა ჩიხში, მას შემდეგ, რაც კირა კლავს კონტროლიდან გამოსულ დირექტორს. სპეციალური ჯგუფის ოჯახებზე ფოკუსირებით, მელო იტაცებს ლაითის დას, საიუს და სანაცვლოდ რვეულს ითხოვს. საიუს მალევე გადაარჩენენ, თუმცა სიკვდილის რვეული მელოს უვარდება ხელში. მის დასაბრუნებლად ლაითის მამა, სოიჩირო, რიუკს თავისი დარჩენილი სიცოცხლის ნახევარს აძლევს „შინიგამის თვალებისათვის“ — უნარისათვის, დაინახოს ადამიანთა სახელები საკუთარი თვალით. მელოს თავშესაფარზე თავდასხმისას სოიჩირო იგებს მელოს სახელს, თუმცა არ კლავს მას. შეტევისას მას რამდენიმე ტყვია ხვდება და მცირე ხნის შემდეგ საავადმყოფოში კვდება.

ამის შემდეგ, ნეარსა და სპეციალური ჯგუფის რამდენიმე წევრს უჩნდებათ ეჭვი, რომ ლაითი კირაა. საპასუხოდ, ლაითი არწმუნებს მისას დათმოს რვეული და „ქმნის“ კიდევ ერთ „კირას“, ტერუ მიკამის, პროკურორსა და კირას მხურვალე მხარდამჭერს. მიკამი კლავს კირას ყოფილ წარმომადგენელს სიხარბისათვის და მის ჩასანაცვლებლად იბირებს დიქტორსა და ლაითის ყოფილ შეყვარებულს, კიიომი ტაკადას. ლაითი ტაკადას უმჟღავნებს, რომ იგი ნამდვილი კირაა და რადგანაც იცის, რომ ის და სხვა კირები ნეარის მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ქმნის სატყუარა გეგმას ნამდვილი რვეულის ადგილსამყოფლის დასამალად.

მელო ბრუნდება და იტაცებს ტაკადას, თუმცა ეს უკანასკნელი მას რვეულის ნაწილის საშუალებით კლავს. შემდეგ, ლაითს ტაკადა თვითმკვლელობამდე მიჰყავს, რათა მხილებისაგან დაიზღვიოს თავი, თუმცა მიკამი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის, იგივეს გაკეთებას ცდილობს. ეს კარგად აჩვენებს, რომ ნამდვილი სიკვდილის რვეული მიკამის ჰქონდა დამალული და ლაითის გეგმას უკანასკნელ მომენტში გამოააშკარავებს. სიუჟეტის კულმინაციისას ორი საგამოძიებო ჯგუფი ერთმანეთს „ყვითელ საწყობის ყუთში“ ხვდება. მათ მალე მიკამიც უერთდება, რომელიც რვეულში ლაითის გარდა ყველა იქ მყოფის სახელს წერს. ამის შემდეგ ნეარი აცხადებს, რომ მან მიკამის რვეული ყალბით შეცვალა და რომ ახლახან დაწერილი სახელები ლაითის ნამდვილ ვინაობას ამჟღავნებს. სასოწარკვეთილი ლაითი საათში დამალული რვეულის უკანასკნელი ფრაგმენტით ნეარის მოკვლას შეეცდება, მაგრამ სპეციალური ჯგუფის წევრი მაცუდა, იმით აღშფოთებული თუ როგორ გაასულელა ლაითმა საკუთარი მამა, მას რამდენიმეჯერ ესვრის. რიუკი ხვდება, რომ ლაითი დამარცხდა და იყენებს საკუთარ სიკვდილის რვეულს მის მოსაკლავად გულის შეტევით, რის გაკეთებასაც შეჰპირდა კიდევაც სიუჟეტის დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება