სიკვდილით დასჯა საქართველოში

1997 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიკვდილით დასჯის გაუქმების ინიციატივას, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოაცხადა. 2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა „ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.

ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა „მრავალჯერ“ პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული. სიკვდილით დასჯა სხვადასხვა ფორმით სრულდებოდა: ჩამოხრჩობა, მოშთობა, კლდიდან გადმოგდება, ცეცხლზე დაწვა.[1]

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ცალკე კონსტიტუციური ნორმით განსაზღვრავდა სიკვდილით დასჯის როგორც შეფარდების, ისე გამოყენების წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორგანული კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს“.

1996 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა საკანონმდებლო გზით გააუქმა სიკვდილით დასჯა. ამ დროიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდა არც ერთი დანაშაულისთვის. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), რომელმაც გააუქმა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის გამოყენება.[2] სიკვდილით დასჯის გაუქმება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 1999 წელს გახდა.

2003 წლის 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს ქვეყანაში დანაშაულებათა დონის შემცირების მიზნით.

რომ არა ევროპის საბჭო, ჩვენ არ გავაუქმებდით სიკვდილის დასჯას. მე ვხედავ, რომ რუსუდან ბერიძე (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში) გაკვირვებით მიყურებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალებს აღარ ეშინიათ სასჯელის. ციმბირში ხომ ვერ გავასახლებთ - განაცხადა შევარდნაძემ.[3]

2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ჩაიწერა: „სიკვდილით დასჯა აკრძალულია“. სიკვდილით დასჯა კონსტიტუციურად აიკრძალა.

  1. გამყრელიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 336.
  2. სიკვდილით დასჯის გაუქმება
  3. შევარდნაძე ნანობს, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-12.