სერგო სიმონის ძე დავლიანიძე (დ. 15 ივნისი, 1904, სოფ. სხვავა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია; ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 აგვისტო, 1967, სოფ. იავასი, მორდვეთი, რსფსრ ) — ქართველი საბჭოთა გენერალ-მაიორი, რეპრესირებული.

სერგო დავლიანიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა სიმონ დავლიანიძესა და ფედოსია სხირტლაძის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო ქალაქ პიატიგორსკში.

1925 წლიდან 1948 წლამდე მსახურობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე. 1940 წლის 19 მარტს არჩეულ იქნა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) XIII ყრილობის მიერ საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის კანდიდატად. კანდიდატობის მანდატს № 5-ს ხელს აწერდა მდივანი კანდიდ ჩარკვიანი.1941 წლის 23 06 ს.დავლიანიძე დანიშნეს საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარის მოადგილის თანამდებობაზე.1941 წლის ივლისში დაწინაურებით გადაიყვანეს ამიერკავკასიის რკინიგზის სსრკ-ის გაერთიანებული სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა კომისარიატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მიავლინეს ფრონტის ხაზზე. 1943 წლის 14 თებერვალს მიიღო კომისარის წოდება. 1944 წლის 14 ივნისს დააბრუნეს საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარის მოადგილის თანამდებობაზე . 1945 წელს იოსებ სტალინის ბრძანებით მიიღო გენერალ-მაიორის წოდება (09.07.1945, ბრძანება №166).[1] 1945 წლის 14 ნოემბერს გადაიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების სატრანსპორტო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1948 წლის 30 იანვარს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბრძანებით № 336 გაათავისუფლეს თანამდებობიდან.1948 წლიდან 1956 წლის 9 მარტამდე მუშაობდა საქართველოს ინტურისტის მმართველის თანამდებობაზე.

1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით (საბჭოთა არმიის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში) გამოვიდა სიტყვით მიტინგზე სტალინის ძეგლთან. მოითხოვა საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან და ახალი სახელმწიფოს შექმნა სოციალისტური ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცებმა დახვრიტეს მიტინგი, გენერალს არ ესროლეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას ეცვა გენერლის ფორმა ლენინის ორი და სხვა ორდენებით. გენერალი დააპატიმრეს 1956 წლის 9 მარტს რუსთაველზე, სასტუმრო ინტურისტთან, მიტინგის ორგანიზებისა და მასზე სიტყვით გამოსვლის ბრალდებით. 1957 წლის 18 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის უზენაესი ტრიბუნალის დახურულ სხდომაზე საქართველოს ს.ს.კ 58-7,58-8 მუხლით მიუსაჯეს პატიმრობა 25 წლით. გენერალი გარდაიცვალა 1967 წლის 25 აგვისტოს მორდოვის ციხეში. დაკრძალულია საპყრობილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლევან დოლიძე, გენერალისიმუსი: მარშლები, გენერლები, ადმირალები - ჩვენი თანამემამულენი, თბილისი, 2000
  • იაგო ქვათაძე, სხვავა და სხვაველები, თბილისი, 2005
  • Никита Петров Справочник " Кто руководил органами госбезопасности 1941-1954 " Изд. Москва, Общество " Мемориал" Звенья " 2010 год стр.133-324 "Биография генерала С.Давлианидзе."

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება