საცხავატლოს წმინდა გიორგის ეკლესია
საცხავატლოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხავატლოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 300 მეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5 x 3,5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კონქისა და კამარის ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთ კუთხე და განივი კედლების ზედა ნაწილები. აღმოსავლეთის ფასადი (მთლიანად) და გრძივი ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონაშალი მიწითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. შემორჩენილია კარის აღმოსავლეთ წირთხლი. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პატარა მხრებით, რომლებსაც თაროსებრი ფორმის კაპიტელი აგვირგვინებს. კაპიტელების დონეზე დარბაზის კედლებსა და აფსიდს გასდევს სამშენებლო ნაკერი. ეკლესიის ჩრდილოეთით 4 მეტრზე, შემორჩენილია კიდევ ერთი ეკლესიის კედლებისა და აფსიდის ნაშთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია ა., წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 308.