საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია

საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია საქართველოში. მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში. ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა, აგებულია სოფლის განაპირას, თარიღდება XV–XVI საუკუნეებით. დარბაზი დანაწევრებულია ორი საბჯენი თაღით და სამ-სამი კედლის თაღით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე.

მოხატულობა

რედაქტირება

ეკლესია მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება (ვრცელი რედაქცია), აფსიდში — მსხვერპლის თაყვანისცემა, კამარის სამხრეთის ფერდზე — შობა, მირქმა, ჩრდილოეთის ფერდზე — ხარება, ნათლისღება, სამხრეთის კედელზე — პირველ რეგისტრზე: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება, მეორე რეგისტრზე: წმ. ბარბარე და წმ. მარინე, წმ. თევდორე, ამაღლების კომპოზიციის ნაწილი. მესამე რეგისტრზე: წმ. მეომრის ორ-ორი ნახევარფიგურა, წმ. მარიამ მეგვიპტელი (დასავლეთის თაღი). ჩრდილოეთ კედელზე — პირველ რეგისტრზე: იერუსალიმში დიდებით შესვლა, მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან, მეორე რეგისტრზე; ლასია ქალაქის სასწაული, წმ. გიორგი აღმოსავლეთის თაღში, მესამე რეგისტრზე საქტიტორო გამოსახულებებია; დასავლეთის კედელზე — პირველ რეგისტრზე სულიწმიდის მოფენა, მეორე რეგისტრზე — ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და ჯვარცმა, მესამე რეგისტრზე, კარის აქეთ-იქით ქტიტორები[1].

ტაძრის სიწმინდეები

რედაქტირება

ტაძარი 1910 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი ვრცლად გვაწვდის ინფორმაციას ტაძარში დაცული სიწმინდეების შესახებ. იმ დროისათვის ტაძარში ყოფილა წარწერიანი ჯვრები (ერთი ხის, მეორე დიდი ჯვარი, ჯვარი სატრაპეზო), გაბრიელ მთავარანგელოზის მოოქროვილი ხატი ასომთავრული წარწერით, წმინდა გიორგის 4 ხატი, ღმრთისმშობლის ხატი, ხატი ვედრება, ცალი კარი კარედი ხატისა, ნატეხი წარწერისა, ბარძიმ-ფეშხუმი და ორი ლახტი რკინისა ექვს-ექვს ფრთიანი.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თაყაიშვილი, ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. — გვ. 92–101. 440 გვ.
  • შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. თბ., 2012. გვ. 198.
  • ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 220, თბ., 1998, გვ. 213.
  1. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, გვ. 213, თბ., 1998, გვ. 18
  2. თაყაიშვილი, ექ., 1937, გვ. 92–101.