საყდრიონის წმინდა გიორგის ეკლესია
საყდრიონის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონში, განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე თანადროული ეგვტერს ეკვრის. მოგვიანებით ეგვტერისათვის სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო მიუშენებიათ, რომლის ნაწილი ეგვტერის სამხრეთ კედელზეა დაშენებული. ძეგლი მრავალჯერაა შეკეთებული, რის შედეგადაც მას მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. მიუხედავად ამისა უცვლელია ნაგებობის გეგმა და ფორმები. 1983-1985 წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ეკლესიას ჩაუტარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ალაგ-ალაგ ჩართულია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვაც. გარეთა კუთხეების უმეტესი ნაწილი გათლილი ქვიშაქვითაა ნაწყობი. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში რიყის ქვასთან ერთად გამოყენებულია კვადრატული აგურიც. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან, ეგვტერიდან აქვს. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. გარედან შესასვლელის ზემოთ, ნალესობაში, მარტივი ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი გარეთკენ შევიწროებული სარკმელი ყოფილა გაჭრილი. იგი მოგვიანებით გაუგანიერებიათ და საკმაოდ უსახური სწორკუთხა სარკმელი მოუწყვიათ.
აფსიდის შუაში დგას ქვიშაქვის ბლოკისგან გამოკვეთილი ადრინდელი შუა საუკუნეების ოთხწახნაგა ტრაპეზი, რომელსაც წინა მხარეს კუთხეები მომრგვალებული აქვს. ტრაპეზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ წახნაგები განიერი არშიითაა დაგვირგვინებული. არშიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები ერთგვაროვანი გეომეტრიული და სტილიზირებული მცენარეული მოტივებითაა შედგენილი, ხოლო დასავლეთისა ერთმანეთზე გადაბმული 5 კონცენტრილებული წრით. მათგან შუა წრეში ბოლნური ჯვარია გამოსახული, დანარჩენებში კი გეომეტრიული ელემენტები. ტრაპეზის წინა პირს, შუა ადგილას, მთელ სიმაღლეზე, ასდევს ორმაგი გრეხილი ლილვი. ამავე სიმაღლის, ოღონდ უფრო განიერი ტრაპეზია მიდგმული აფსიდის ჩრდილოეთის გვერდზე. საკურთხევლის ბაქანი, რომელიც საკმაოდ ღრმადაა შემოჭრილი დარბაზში, ორი საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა მარტივი პილასტრების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღებით იყოფა სამ, თითქმის თანაბარ ნაწილად.
საკურთხევლის სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი ანათებს. მათგან ორი სამხრეთითაა, ხოლო ერთი ჩრდილოეთით. სამივე სარკმელი, აფსიდის სარკმლის მსგავსად, მოგვიანებით გაუფართოვებიათ. ეკლესიის დასავლეთ კედელს და გრძივი კედლების ნაწილს საფეხური გასდევს. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეგვტერი ვიწრო და გრძელი სადგომია, გაყოფილია სამ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილი ნახევარწრიული აფსიდიანი სამლოცველოა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ნაწილი კონქის ნაწილის არეშია შეჭრილი. აფსიდის თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს და ქვიშაქვის იმპოსტებზეა დაყრდნობილი, რომელთა პროფილს შეადგენს და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. ეგვტერის შუა, კვადრატული ნაწილი კარიბჭეა, რომელიც გვერდითა ნაწილების მიმართ რამდენამდე შემაღლებულია და გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი შექმნილია კუთხეებში განლაგებული ოთხი ტრომპით. კარიბჭეში შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან კარიბჭე ორფერდა სახურავითაა გადახურული, ხოლო ეგვტერის დანარჩენი ნაწილის გადახურვა ცალფერდაა. სამრეკლო გეგმით კვადრატულია, მისი ქვედა სართულის სამხრეთ კედელში ფართო თაღოვანი შესასვლელია, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო პატარა თაღოვანი ღიობი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და ნიშებად უქცევიათ. სართული გადახურულია დადაბლებული პროპორციების გუმბათოვანი კამარით, რომელიც ეყრდნობა კუთხეებში მოწყობილ ტრომპისმაგვარ ელემენტებს. სამრეკლოს II სართული თოთხმეტწახნაგოვანი ფანჩატურია, ნაგებია მთლიანად აგურით.
ფანჩატურის თითოეულ წახნაგში თითო ნახევარწრიულთაღიანი ფართო ღიობია, რომელთა ზემოთ ნახევარწრიული ფორმის თითო განმტვირთავი თაღია. შიგნით ფანჩატური ძაბრისებრი კამარითაა გადახურული, ხოლო გარედან აგურით ნაწყობი პირამიდული ფორმის სახურავით. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის სარკმელი რელიეფური თავსართით იყო მორთული. კედლები დასრულებული იყო მოგვიანებით განახლებული აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგებოდა. სამრეკლოს აღმოსავლეთ კედელს გარედან ეკვრის რიყის ქვით ნაგები კედლის ნაწილი, რომელიც შესაძლოა ფანჩატურზე ასასვლელ კიბეს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 404-406.