საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია — საზოგადოებრივი შემოქმედებითი ორგანიზაცია. დაარსდა 1958 წელს, როგორც სსრკ ჟურნალისტთა კავშირის რესპუბლიკური ორგანიზაცია. 1990 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი (პირველი თავმჯდომარე ნ. ჩერქეზიშვილი). 1992 წლიდან ჰქვია ფედერაცია, ატარებს მრავალმხრივ ღონისძიებას — აქვს გამომცემლობა „ჟურნალისტი“, კლუბი „საფიხვნო“, უშვებს ჟურნალ „ჟურნალისტს“. მასთან შექმნილია ეროვნული თანხმობის დარბაზი. 1997 წლიდან ფედერაციამ დააწესა ს. მესხისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები, ქართული ჟურნალისტიკის დღე — 21 მარტი (პირველი ქართული გაზეთის — „საქართველოს გაზეთის“ პირველი ნომრის გამოსვლის თარიღი — ძველი სტილით 1819 წლის 8 მარტი). მასთან ფუნქციონირებს ჟურნალისტიკის, ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი (დამფუძნებელი და რექტორი ა. სიხარულიძე). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჟურნალისტთა უკვდავსაყოფად ფედერაციის შენობის ფასადზე გახსნილია მემორიალური დაფა (1999). ფედერაციის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო ლ. კობახიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალისტთა კავშირს ხელმძღვანელობდნენ ი. ჩხიკვიშვილი, დ. მჭედლიშვილი, გ. ბედინეიშვილი, გ. ენუქიძე, ნ. ჩერქეზიშვილი და სხვ. 1992 წელს ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს ა. სიხარულიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 745, ISBN 99928-20-32-2.